საქმე № ას-743-2022 4 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ-მი 20..“
მოწინააღმდეგე მხარე – ჩ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჩ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ბ-მი 20..-ის“ მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ჩ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ჩ. ბ-ძე ცნობილი იქნა ქ.ბათუმში, .... ქ.N., სართული., ბლოკი ,,.“, ბინა N..-ში (ს/კ......) მდებარე 66,20 კვ.მ ფართის მესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა ჩ. ბ-ძის საკუთრებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-მი20...-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „ბ-მი 20..-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-მი20...-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ბ-მი 20..-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2500 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
2022 წლის 23 ივნისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 15 დღით.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით.
2022 წლის 1 ივლისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო განცხადების (შუამდგომლობა) შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება (შუამდგომლობა) არ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ბ-მი 20..-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2500 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. 2022 წლის 23 ივნისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 15 დღით. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. 2022 წლის 01 ივლისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული `სასამართლო ხელმისაწვდომობის~ უფლების ხელყოფად.
საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ 2022 წლის 23 ივნისს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე, კერძოდ, განმცხადებელმა მიუთითა, რომ „მოგახსენებთ თქვენს წარმოებაში არის საქმე, სადაც კასატორ მხარეს წარმოადგენს შპს „ბ-მი 20..,“ მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს ჩ. ბ-ე, ხოლო დავის საგანი არის უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ბ-მი 20..-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2500 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს ამჟამად აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, გთხოვთ გამიგრძელოთ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა 15 დღით“ (იხ. განცხადება).
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით.
2022 წლის 1 ივლისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება. კასატორმა აღნიშნა, რომ „ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, საკასაციო სასამრთლომ გაგვიგრძელა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ვადა კასატორისათვის არ არის საკმარისი, ვინაიდან მას აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, შესაბამისად, გთხოვთ ხარვეზის შევსების ვადა გაგვიგრძელოთ დამატებითი დროით, რათა კასატორმა შეძლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.“ (იხ. 2022 წლის 01 ივლისის განცხადება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან (შდრ: სუსგ №ას-...-2018, 9 ოქტომბერი, 2018).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ 2022 წლის 1 ივლისს წარმოდგენილ შუამდგომლობაში (განცხადებაში) საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, კასატორი ვერ ასაბუთებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების არცერთ საპატიო გარემოებას, ასევე არ უთითებს, თუ რამდენი დღით ითხოვს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას. (შდრ: სუსგ №ას-...-2022, 7 ივნისი, 2022).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არშეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 59-ე, 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ-მი 20..-ის“ განცხადება (შუამდგომლობა) ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ბ-მი 20..-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი