საქმე №ას-867-2019 24 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ხ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2018 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. ხ-ლმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მეორე მოპასუხე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ავტომანქანის („…. …. .. ...“ გამოშვებული 20.. წელს, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო #......, 21.01.20.. წლის ... ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა), (შემდეგში „სადავო ავტომანქანა“) მეორე მოპასუხის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება, ავტომანქანის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა, გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2017 წლის განჩინებით სარჩელი სადავო ავტომანქანის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოეყო ადმინისტრაციულ საქმეს და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტ.1, ს.ფ. …-…). რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სადავო ავტომანქანაზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სახელზე რეგისტრაციის გაუქმებისა და ავტომანქანის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, ამავე სასამართლოს 25.09.2017 წლის განჩინებით, განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ტ.1, ს.ფ. …-…). რუსთავის საქალაქო სასამართლოს 11.12.2017 წლის განჩინებით სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით დარჩა განუხილველად (ტ.1, ს.ფ. …-…).
3. 18.12.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა 04.03.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სადავო ავტომანქანის მესაკუთრედ აღრიცხვა, გამოთხოვა და მოსარჩელისთვის გადაცემა (ტ.1, ს.ფ. …..). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2017 წლის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე (ტ.1, ს.ფ. ….).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2017 წლის განჩინებით სადავო ავტომანქანის გამოთხოვისა და მოსარჩელისთვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო საქმე დარჩა განუხილველად. სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის - დაყენებისათვის სავალდებულო პირობის, სადავო მოძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის აუცილებლობა (ტ.1, ს.ფ. …, …).
5. დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ 21.12.2017 წლის განჩინება და სარჩელის განუხილველად დატოვებაზე 22.12.2017 წლის განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2018 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს 21.12.2017 წლის განჩინება (ტ.1, ს.ფ….). ამავე სასამართლოს 30.03.2018 წლის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.12.2017 წლის განჩინება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობა, ვინაიდან სასამართლოს არა სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე, არამედ დავის არსებითად განხილვის დროს უნდა ემსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე (ტ.1, ს.ფ. …..).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2018 წლის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად, მოპასუხის მხარეზე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (ტ.1, ს.ფ….)
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. 04.03.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულებით, ნ. ს-ვმა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა სადავო ავტომანქანა.
7.2. სადავო ავტომანქანა 19.04.2012 წლიდან 21.01.2016 წლამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის 17.04.2012 წლის №… ბრძანების საფუძველზე, რეგისტრირებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე, ხოლო 21.01.2016 წლიდან - მეორე მოპასუხის სახელზე შინაგან საქმეთა მინისტრის 31.07.2015 წლის №… ბრძანების საფუძველზე.
7.3. უდავოა, რომ სადავო ავტომანქანა მეორე მოპასუხის სარგებლობაშია.
7.4. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი ხდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
7.5. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია არც 04.03.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულება და არც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სარჩელი აღნიშნულის გარეშე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს თავდაპირველად დაყენებული ჰქონდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა, რომელიც იხილებოდა ადმინისტრაციული წარმოების გზით, თუმცა დარჩა განუხილველად მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე. ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ნივთზე და, ამასთან, არ დასტურდება, რომ სადავო ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, არ არსებობს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
8. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2018 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არის სადავო ავტომანქანის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე - მისი არამართლზომიერი მფლობელი.
9.2. სადავო ავტომანქანა პირველი მოპასუხის სახელზე 04.03.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა, მოსარჩელე კი სადავოდ არ ხდის ზემოაღნიშნულ ჩუქების ხელშეკრულებას და მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის გარეშეც უნდა დაკმაყოფილდეს.
9.3. ის ფაქტი, რომ ნ. ს-მა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, 04.03.2012 წელს მოაწერა ხელი ჩუქების ხელშეკრულებას, მინდობილობა კი მის სახელზე გაიცა მხოლოდ 27.03.2012 წელს, სასამართლომ არ ცნო ჩუქების არარა გარიგებად მიჩნევისათვის საკმარის საფუძვლად. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი შეიცავდა მითითებას ისეთ გარემოებებზეც, რომლებიც დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს მოსარჩელეს არ მიუთითებია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (შდრ. სუსგ №ას-1163-2018, 08.02.2019წ.).
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც, არსებითად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი არ არის 04.03.2012 წლის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც სადავო ავტომანქანა სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა (ტ.1, ს.ფ….). სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ ქონების განკარგვის სამართლებრივი საფუძვლის ბათილად ცნობის მოთხოვნის ცალკე დაყენების გარეშე შესაძლებელია მისი დაბრუნება და დაასკვნა, რომ, ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ავტომანქანაზე, ასევე - მისი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში ყოფნის ფაქტი, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის წარმომშობი სამართლებრივი საფუძვლების მოძიების მიზნით, სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რა სახის სარჩელია წარმოდგენილი - მიკუთვნებითი, გარდაქმნითი თუ აღიარებითი. სარჩელის სახეებად დაყოფა პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ.). აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (სუსგ №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მიკუთვნებითი სარჩელის შემთხვევაში გარიგების ბათილად ცნობის, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის, დაყენება არ არის აუცილებელი (სუსგ №ას-322-322-2018, 23.03.2020წ.). მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრისას, მოთხოვნის საფუძვლების დადგენისა და შემოწმების შემდეგ, გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება. სასამართლოს მიერ კანონის ნორმის მოძიება, რომელიც განსაზღვრული შემადგენლობის ნიშნების არსებობისას ერთ მხარეს ანიჭებს უფლებას მეორე მხარისაგან მოითხოვოს შესრულება, მოქმედება ან თავის შეკავება, არ საჭიროებს ამ მოთხოვნის იურიდიული შედეგის მიღწევის თვალსაზრისით კონკრეტული გარიგების თუ აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის დამოუკიდებლად დაყენებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, პ.234; №ას-1330-1250-2017, 12.11.2018წ.). პალატას მიაჩნია, როცა მოსარჩელის მიზანია ნივთის დაბრუნება (მიკუთვნებითი მოთხოვნა), შესაბამისად, თუ დადასტურდა მისი განკარგვის საფუძვლის (ჩუქების) გაფორმებისას მესაკუთრის ნების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, სარჩელით ჩუქების და სადავო ავტომანქანის აღრიცხვის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების ბათილობის ცალკე დაყენების გარეშეც მიკუთვნებით მოთხოვნას იურიდიული საფუძველი აქვს.
16. პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მესაკუთრის მიერ ნივთზე საკუთრების (მფლობელობის) დაკარგვისას, მისი კანონით დაცული ინტერესების დაცვა შესაძლოა, როგორც სანივთო (სავინდიკაციო), ისე ვალდებულებითი - სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო (დელიქტური ან კონდიქციური) სარჩელებით. თითოეული მათგანი მიმართულია უფლებამოსილი პირისათვის ქონების დაბრუნებისა და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისაკენ (სუსგ №ას-533-509-2016, 26.10.2018წ., პ.59).
17. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს გარემოებებს, რომლებიც წინ უძღოდა სადავო ავტომანქანის მისი მფლობელობიდან გასვლას, კერძოდ: 76 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანის შეძენიდან რამდენიმე დღეში მოსარჩელის დაკავება, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, სადავო ავტომანქანის მართვისა და განკარგვის შესახებ მინდობილობის იძულებით გაფორმება, განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმებით მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და ჯარიმის დაკისრება; მოსარჩელე განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა მანამ, სანამ არ გაიცა მინდობილობა, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და სხვა სახის ზეწოლა, რის შედეგადაც მოსარჩელემ ხელი მოაწერა მინდობილობას მეუღლისთვის სადავო ავტომანქანის მართვისა და განკარგვის უფლების გადაცემის შესახებ. ამდენად, მოსარჩელე იმ ქონების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც, მისი მოსაზრებით, იძულებით წაართვა სახელმწიფომ. იგი 76000 აშშ დოლარად ღირებული სადავო ავტომანქანის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემას ასევე აფასებს ამორალურ გარიგებად (ტ.1, ს.ფ. …). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოსარჩელის სახელით მისმა მეუღლემ სადავო ავტომანქანის ჩუქება სახელმწიფოზე გააფორმა 04.03.2012 წელს, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ მეუღლის სახელზე მინდობილობა გასცა მხოლოდ 27.03.2012 წელს.
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი, რომელმაც ზემოაღწერილი მსჯელობის მხედველობაში მიღებით (ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მიკუთვნებითი მოთხოვნის წინაპირობაა და არა დამოუკიდებელი მოთხოვნა) უნდა დაადგინოს უფლებამოსილი პირისათვის ქონების დაბრუნების/უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით აღძრულ სარჩელში მითითებული კონკრეტული ფაქტები, გარემოებები და ამის საფუძველზე გადაწყვიტოს დავა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, №14448/88, 27.10.1993, §33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“ (Bellet v. France, №23805/94, 04.12.1995წ., §38). კონვენცია მიზნად ისახავს იმ უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], № 36760/06, 17.01.2012წ., §231) (სუსგ №ას-1469-1389-2017, 21.06.2018წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების სასამართლო სისტემებმა უნდა შექმნან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლებრივ განსაზღვრულობას (Nejdet Şahin and Perihan Şahin v. Turkey [GC], №13279/05, 20.10.2011, §§59-96) და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისათვის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).
20. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება (გარიგების დადებისას ნების ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოებ(ებ)ის (იძულების) არსებობა თუ არარსებობა). ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.12.2018 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე