Facebook Twitter

განსჯადობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-26გ-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ა. ბ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ა. ბ-ი 1993 წლიდან მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ინსპექტორად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1997წ. 12 აპრილის ¹192 ბრძანების საფუძველზე იგი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოდან პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის, კერძოდ, ყალბი დიპლომის შეძენისა და გამოყენებისათვის. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსმა 1997წ. 16 მაისს გამოსცა ¹24 პ/შ ბრძანება, რომლითაც ა. ბ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან.

2002წ. 15 ივლისს ა. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შს მინისტრის 1997წ. 12 აპრილის ¹192 ბრძანებისა და მცხეთა-მთიანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 1997წ. 16 მაისის ¹24პ/შ ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან 4668 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 22 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემული საქმე რაიონული სასამართლოს განსჯადია, რის გამოც სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. საოლქო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. რადგან მოცემული დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით არის შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, იგი განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნული დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას;

2. საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა რაიონული სასამართლოს განსჯადია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოში განიხილავენ დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, ხოლო მე-16 მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე მოპასუხეა, ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. რადგან მოპასუხე შს სამინისტროა, ამიტომ საოლქო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში.

საოლქო სასამართლოს მსჯელობას არ დაეთანხმა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო, რომელმაც 2002წ. 30 ივლისის განჩინებით სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «გ» და «დ» პუნქტების თანახმად, მინისტრის ბრძანება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის საფუძველზე, სარჩელს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე განიხილავს საოლქო სასამართლოს კოლეგია პირველი ინსტანციის წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე ა. ბ-ი ითხოვს სამსახურიდან დათხოვის შესახებ საქართველოს შს მინისტრის 1997წ. 12 აპრილის ¹192 ბრძანებისა და მცხეთა-მთიანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 1997წ. 16 მაისის ¹24პ/შ ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის სახით შს სამინისტროსაგან 4668 ლარის ანაზღაურებას.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული დავა შრომის სამართლებრივი ხასიათისაა და განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც დავის ადმინისტრაციულ- სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი სამი პირობის არსებობა:

ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;

ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ_ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

გ) ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.

1. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შს სამინისტროსა და მცხეთა-მთიანეთის შს მთავარი სამმართველოს სადავო ბრძანებები მიღებულია “პოლიციის შესახებ” და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონების საფუძველზე, რომლებიც სამართლებრივად საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას წარმოადგენენ და ამდენად, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

2. მოცემულ დავაში მოსარჩელეა პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ა. ბ-ი, რომელიც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, იყო საჯარო მოსამსახურე, ხოლო მოპასუხეა საქართველოს შს სამინისტრო და მცხეთა-მთიანეთის შს მთავარი სამმართველო, რომელიც «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სამთავრობო დაწესებულებაა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით კი სამინისტრო - სამმართველო ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს და რადგან დავაში ერთ-ერთ მხარეს, მოპასუხეს, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, პროცესუალური სუბიექტების ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვითაც აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავაა.

3. სადავო ბრძანებები მოსარჩელე ა. ბ-ის სამსახურიდან დათხოვას ე.ი. შრომით სამართლებრივ ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და შრომითი ხელშეკრულება კერძო სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა და მისგან წარმოშობილი დავები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა, მაგრამ 2000წ. პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა გაითვალისწინა ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი – “ადმინისტრაციული გარიგება”, თავი V. სახელდობრ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგება არის: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება». განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ ა. ბ-სა და ადმინისტრაციულ ორგანო _ საქართველოს შს სამინისტროს შორის სადავო ბრძანებებით შეწყდა საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ამიტომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.

4. მოსარჩელე ა. ბ-ი ადმინისტრაციული გარიგების უკანონო შეწყვეტით, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან იძულებითი განაცდურის სახით ითხოვს 4668 ლარის ანაზღაურებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, უდავოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა.

ამრიგად, საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი, მეორე ნაწილის «ბ» და «გ» პუნქტების შესაბამისად, ეთანხმება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებას, რომ ა. ბ-ის სარჩელი სამართლებრივად წარმოადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მაგრამ არ იზიარებს მის მოსაზრებას, საქმის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის განსჯადობით გადაცემის შესახებ. ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, მაგრამ განსახილველი დავის საგანია ა. ბ-სა და ადმინისტრაციულ ორგანო _ საქართველოს შს სამინისტროს შორის ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, რასაც სადავო ბრძანებები ეხება. აღნიშნული ბრძანებები ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მართალია, შეიცავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ზოგიერთ ელემენტს: ბრძანებები ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს შს მინისტრისა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ» და “პოლიციის შესახებ” კანონების საფუძველზე; არის ინდივიდუალურ სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად ა. ბ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, მაგრამ ვინაიდან ბრძანებების სამართლებრივი შედეგი არის ა. ბ-თან საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, საკასაციო პალატის აზრით, არ არის ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლისა. აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა, ამიტომ ამგვარი ბრძანების კანონიერების განხილვისას არ უნდა იქნეს გამოყენებული არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავის «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი» და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონთან შესაბამისობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირთან საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა; დავის საგანიაAარა ადმინისტრაციული აქტის _ მინისტრისა და სამმართველოს უფროსის ბრძანებების კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა და მისგან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოსაგან ზიანის ანაზღაურება; მოპასუხეა ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს შს სამინისტრო და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველო; ხოლო მოსარჩელე _ ფიზიკური პირი ა. ბ-ი, ამიტომ პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, ა. ბ-ის სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» და «გ» პუნქტებით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს;

2. ა. ბ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.