Facebook Twitter

საქმე №ა-986-შ-32-2022 14 ივნისი 2022 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ. ჩ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ილი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ …. სამხარეო სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ …. სამხარეო სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით განმცხადებელ ჯ. ჩ-სა და მოპასუხე მ. შ-ლს შორის განმცხადებლისა და მოპასუხის 2016 წლის აპრილიდან ცალ-ცალკე ცხოვრებისა და განქორწინების თაობაზე გამოვლენილი ნების შესაბამისად, შეთანხმებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

2022 წლის 04 მარტს, ჯ. ჩ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ … საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვა ზეპირი განხილვის საფუძველზე გაიმართა. ამასთან წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტაციას ერთვის, დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი ჯ. ჩ-ლი არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით ჯ. ჩ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ … სამხარეო სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ჯ. ჩ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ … სამხარეო სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ … საოჯახო საქმეთა სასამართლოს სამხარეო სასამართლოს - 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, განმცხადებელ ჯ. ჩ-სა და მოპასუხე მ. შ-ლს შორის თბილისის მმაჩის ბიუროში 2003 წლის 19 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

პალატა აქვე განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (იხ. სუსგ: საქმე №ა-4110-შ-117-2021, 2021 წლის 05 ოქტომბერი, ასევე იხ: ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ … სამხარეო სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. ჩ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ … სამხარეო სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ … სამხარეო სასამართლოს - საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება ჯ. ჩ-სა და მოპასუხე მ. შ-ლს შორის განქორწინების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე