Facebook Twitter

ას-378-2022

21 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ-ლი ტ-ები 20..“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 26 თებერვალს მ. ა-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა შპს „ქ-ლი ტ-ები 20..“- ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს „ქ-ლი ტ-ები 20..“-ს დაევალოს მოსარჩელის სახელზე გასცეს საფიჩხიის საქალაქო სასაფლაოზე მდებარე მის მფლობელობაში არსებული საფლავის პასპორტი.

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და გამორიცხა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოპასუხის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის ერთადერთი ჭირისუფალი და საფლავის მფლობელი, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

2.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საქმის განხილვა გადაინიშნა 2022 წლის 01 მარტს, 11:00 საათზე, აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო უწყების მეშვეობით მხარეებს განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება 2022 წლის 28 იანვარს ჩაჰბარდა მ. ა-ძის შვილს, გ. ა-ძეს, აღნიშნული დასტურდება სასამართლო უწყებაზე გ. ა-ძის ხელმოწერით.

2.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით - სასამართლო უწყების მეშვეობით და მას მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახები იყო საფუძვლიანი, რის გამოც დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა და მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

3.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2022 წლის 25 თებერვალს ოჯახური მდგომარეობის გამო იმყოფებოდა ქალაქ თბილისში. 1 მარტს დილის 6 საათზე უნდა დაბრუნებულიყო ქუთაისში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო პროცესი. მოულოდნელად ღამით გახდა ცუდად, გამოძახებულ იქნა სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯფუფი. ექიმმა შეძლო მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და რამდენიმე დღე წოლითი რეჟიმი დაუნიშნა. სწორედ ამ მოულოდნელი მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადება. სასამართლოსთანაც დაკავშირება დაგვიანებით მოხერხდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საქმის განხილვა გადაინიშნა 2022 წლის 01 მარტს, 11:00 საათზე, აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება 2022 წლის 28 იანვარს ჩაჰბარდა მ. ა-ძის შვილს, გ. ა-ძეს, აღნიშნული დასტურდება სასამართლო უწყებაზე გ. ა-ძის ხელმოწერით (ს.ფ. ...), რასაც კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ.

7. დადგენილია ასევე, რომ 2022 წლის 01 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, კ. კ-ლი და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა (ს.ფ. ...).

8. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სსსკ-ის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იმ საფუძვლით, რომ აპელანტი (მოსარჩელე), რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებიდან (თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები), ასევე, სსსკ-ის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აპელანტის (მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით და მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა მ. ა-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა.

10. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თუ რამდენად იყო კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

12. საკასაციო სასამართლომ სამედიცინო ცნობაზე ხელმომწერი პირის ვინაობასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა რომ: „მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ, დადადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს“. (იხ. სუსგ №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი) აღნიშნული განმარტებიდან ცალსახაა სასამართლოს მიდგომა - „საპატიო“ მიზეზის არსებობის მიმართ მხოლოდ ზომიერი მოთხოვნების დაწესების შესახებ, ვინაიდან დაუშვებელია საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა გახდეს მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1035-2021, 20 იანვარი, 2022 წელი).

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე დართულ წერილობით მტკიცებულებას - სამედიცინო ბარათს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან - საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში, .... მე-. მკრ. კორპ. ..., 2022 წლის 01 მარტს 04:14 საათზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო - სამედიცინო დახმარება, პაციენტი იყო მ. ა-იძე (პ.ნ ....), რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია 04:25 სთ-დან 04:57 სთ-მდე. მას ჰქონდა გულისრევა, თავის ტკივილი და ესენციური ჰიპერტენზია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მას გაუწია მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც მითითებულია საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ბარათში (ს.ფ. ...).

15. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კერძო საჩივარს თან ერთვის სამედიცინო ბარათი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან, რომელიც პირდაპირ არ მიუთითებს აპელანტის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მ. ა-ძეს, რომელიც არის 69 წლის, თბილისში ყოფნისას, 2022 წლის 01 მარტს, ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებამდე რამდენიმე სააათით ადრე დასჭირდა სამედიცინო დახმარება, რადგან აღენიშნებოდა გულისრევა, თავის ტკივილი და ესენციური ჰიპერტენზია, პალატას მიაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად გაუარესდა, რომ მოსარჩელეს მისი ასაკისა და თბილისსა და ქ. ქუთაისს შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე, რამაც ასევე შეუშალა ხელი წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლო ეფუძნება მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, ცხადია, ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საპატიო მიზეზით - მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოუცხადებლობის თაობაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილია სათანადო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება. აღნიშნული ადასტურებს, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელიც სადავო პერიოდში აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობას ადასტურებს და ასევე მიუთითებს ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსთვის შეტყობინების შეუძლებლობაზე.

17. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 01 მარტის განჩინებით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სრულიად მართებულად დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, თუმცა კერძო სარჩივარზე დართული მასალებით ვინაიდან დასტურდება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და წინასწარ შეტყობინების შეუძლებლობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისთვის როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სრულყოფილად უზრუნველსაყოფად, ისე კერძო და საჯარო ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვისათვის, სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა), გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე მ. ა.ძის სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე