Facebook Twitter

საქმე №ას-574-2022 04 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ. ნ-ძე (საარბიტრაჟო მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ-სო ო-ცია კ-ისი ..“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მარტისა და იმავე სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „მ-სო ო-ცია კ-ისი ..“-მა (შემდგომში - „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე“) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა გ. ნ-ვის (შემდგომში - „საარბიტრაჟო მოპასუხე“, „მოპასუხე“ ან "საჩივრის ავტორი") მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი საჩხერე, …. №.., ს.კ. ......; ქალაქი საჩხერე, … ქუჩა №., ს.კ. …, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.

2. განმცხადებლის განმარტებით, 2019 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელესა და მ. ქ-ლს, შ. ქ-ლს, ნ. მ-ლსა და მოპასუხეს (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) შორის 35 დღის ვადით გაფორმდა მცირე ბიზნეს-კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. ქ-ლს დაუმტკიცდა კრედიტი 7390 ლარის ოდენობით; მსესხებელს სესხის სარგებელი და ძირი უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის მიხედვით; ხელშეკრულების 1.1. პუნქტის საფუძველზე, შ. ქ-ლი, ნ. მ-ლი და მოპასუხე წარმოადგენენ თანამსესხებლებს, რომლებმაც სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება; იგივე მხარეებს შორის 2019 წლის 05 დეკემბერს გაფორმდა შეთანხმება რესტრუქტურიზაციის შესახებ და გაფორმდა ახალი გრაფიკი დარჩენილი დავალიანების გადახდის ხელშეწყობის მიზნით; მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მათ ჯამში მხოლოდ 1360 ლარი გადაიხადეს. შესაბამისად, მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7564,49 ლარისა და საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად 242,54 ლარის გადახდის დაკისრებას. საარბიტრაჟო სარჩელი განსახილველად მიიღო კერძო არბიტრაჟმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 მარტის განჩინებით მოსარჩელეს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დაევალა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი საჩხერე, …. ქუჩა №., ს.კ. …., ამონაწერის წარდგენა, განჩინების ჩაბარებიდან სამი დღის ვადაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი საჩხერე, … №., დაზუსტებული ფართობი 522.00 კვ.მ., ს.კ. …, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. ხარვეზის შევსების მიზნით, 2020 წლის 09 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და წარადგინა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი საჩხერე, … ქუჩა №., ს.კ. …., ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი საჩხერე, … ქუჩა №., დაზუსტებული ფართობი 220 კვ.მ., ს.კ. …, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. სააპელაციო სასამართლომ ორივე შემთხვევაში იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618-ე, 191-ე, 198-ე მუხლებით და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

8. საარბიტრაჟო მოპასუხემ თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მარტის განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

9.1. გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოპასუხე არის თავდები, არსებობენ ძირითადი მოვალეები. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია მოიძიოს ძირითადი მოვალეების ქონება;

9.2. მოპასუხეს ჰყავს პენსიონერი დედა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, უძრავი ქონება კი, რომელზეც გამოყენებულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, წარმოადგენს მათ ერთადერთ საცხოვრებელ ადგილს;

9.3. მოპასუხე არ გაურბის პასუხისმგებლობას, თუმცა არ აქვს არავითარი შემოსავალი;

9.4. გასაჩივრებული განჩინების მიღებიდან გასულია საკმაოდ ხანგრძლივი დრო, შელახულია მოპასუხის უფლება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 აპრილის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავდებია და მოსარჩელე ვალდებულია მოიძიოს ძირითადი მოვალის ქონება, რადგან სოლიდარული მოვალე კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს ისევე, როგორც ძირითადი მოვალე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ვერც ის გარემოება, რომ აღნიშნული ქონება საჩივრის ავტორისა და მისი ოჯახისთვის ერთადერთ საცხოვრებელს წარმოადგენს.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართლზომიერება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

18. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

20. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის (მათ შორის, საარბიტრაჟო სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

21. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დასაბუთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

22. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

23. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-754-722-2016, 13 სექტემბერი, 2016 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში განცხადებაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა შპს „ს-ჟო ს-ცეს“ მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, საარბიტრაჟო სარჩელით ითხოვს მოპასუხეთათვის მცირე ბიზნეს-კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 7564,49 ლარის დაკისრებას, ასევე, საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღებიდან არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველთვიურად - 242,54 ლარის გადახდის დაკისრებას; არბიტრაჟის 05.03.2020წ. დადგენილებით საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ, ასევე, მოპასუხეთა ნებაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაასხვისოს მისი კუთვნილი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება დავის საგნის დაცვის საჭიროება და გამართლებულია განმცხადებლის ვარაუდი, რომ შესაძლოა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხემ განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვას, რაც სათანადოდ უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სარჩელთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება სხვა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით არის დატვირთული (იხ. ს.ფ. …).

26. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, (იხ. წინამდებარე განჩინების 9.1. პუნქტი) აღნიშნავს, რომ განცხადებაზე დართული მცირე ბიზნეს-კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე წარმოადგენს თანამსესხებელს და არა თავდებს, რომელმაც აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, სოლიდარულად იკისრა კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი განსაზღვრავს სოლიდარული ვალდებულების არსს, რომლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მოვალე მონაწილეობას იღებს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში. იმავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე, ნაწილობრივ. ამდენად, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ვალდებულების შესრულებისა და გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემწყობ ღონისძიებას, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სოლიდარული მოვალის მიმართ.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 06 მარტისა და იმავე სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი