Facebook Twitter

საქმე №ას-1682-2019 18 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 08.04.2013წ. №… ელექტრონულ აუქციონში №.. ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მ. კ-ძე (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“), რომელსაც იჯარით გადაეცა 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, …რაიონი, … მე-. მ/რ, . კვარტალი, კორპუსი №.-ის მიმდებარედ; იჯარის ვადა განისაზღვრა 5 წლით; საიჯარო ქირა შეადგენდა წელიწადში 1050 ლარს, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე (აღნიშნული გადაწყვეტილება აუქციონში მონაწილეობის შესახებ, გამარჯვებულის გამოცხადებასთან ერთად გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სარგებლობის პირობები) (იხ. ტ. I, ს.ფ. ..).

2. ხელშეკრულების დანართის (სარგებლობის პირობების) 10.1. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტელო სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში - ქირის 0,1%- ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ. I, ს.ფ. ..).

3. მოიჯარეს 04.10.2014 წელს უნდა გადაეხადა - 525 ლარი, 04.04.2015 წელს - 525 ლარი, 04.10.2015 წელს - 525 ლარი, 04.04.2016 წელს - 525 ლარი, 04.10.2016 წელს - 525 ლარი, ხოლო 22.11.2016 წელს -129,45 ლარი, თუმცა მას აღნიშნული საიჯარო ქირა არ გადაუხდია (იხ. ტ. I, ს.ფ. …).

4. მოპასუხის 04.11.2016წ. განცხადების საფუძველზე, 22.11.2016 წლიდან შეწყდა იჯარის ხელშეკრულება და მოიჯარეს განესაზღვრა ერთი თვის ვადა საიჯარო ქირისა და ქირის გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად (იხ. ტ. I, ს.ფ. …).

5. 2018 წლის 16 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება პირგასამტეხლო - 1321,95 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულია 04.10.2014 წლიდან (იხ. ტ. I, ს.ფ. …).

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის საიჯარო ქირის - 2754,45 ლარისა და 2018 წლის 16 მარტის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 1321,95 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის - 1050 ლარის 0,1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთი ლარისა, 2018 წლის 17 მარტიდან დავალიანების სრულ გადახდამდე.

7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ გაუშვა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - საიჯარო ქირის - 2229,45 ლარის გადახდა; ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა ერთჯერადად 311,85 ლარის ოდენობით და 17.03.2018წ.-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის - 1050 ლარის 0,05%-ის ოდენობით.

9. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი; მან მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე, 144-145-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება წარმოშობს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, ვინაიდან მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა გარკვეული პერიოდულობით - 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. შესაბამისად, ვინაიდან გრაფიკის თითოეული დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობდა მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარჩელი წარდგენილ იქნა 2018 წლის 04 აპრილს (იხ. ტ. I, ს.ფ. ..), 04.10.2014წ.-ს გადასახდელი საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ხანდაზმული საიჯარო ქირის პარალელურად, ასევე, ხანდაზმულია მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.

13. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე და 420-ე მუხლებზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობად მიიჩნია.

14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

15. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

15.1. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმე №ას-1031-992-2016, 23.05.2017წ.; №ას-123-119-2016, 28.07.2016წ.; №ას-103-99-2016, 08.04.2016წ.; №ას-399-383-2015, 15.07.2016წ.), რომელსაც ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება;

15.2. კასატორის განმარტებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება ხელშეკრულების შეწყვეტიდან და არა ვალდებულების დარღვევიდან. შესაბამისად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 22 ნოემბერს, ხოლო სარჩელი წარდგენილ იქნა 2018 წლის 04 აპრილს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დაცულია;

15.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც 16.03.2018წ. მდგომარეობით მოპასუხისათვის დარიცხული, ასევე, მზარდი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 02 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“ ან „კასატორი“). იმავე განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

22. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულად ცნობის, ასევე, პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება.

23. კასატორი სადავოდ ხდის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულად ცნობას. მისი განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება ხელშეკრულების შეწყვეტიდან და არა ვალდებულების დარღვევის დღიდან. იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საიჯარო ქირის გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს. კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს.

24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ საქმე №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი).

26. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-868-830-2014, 19 მარტი, 2015 წელი; №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი; №ას-1049-2019, 18 ოქტომბერი, 2019 წელი). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ №ას-599-562-2010, 01 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-902-2018, 06 ნოემბერი, 2018 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.

28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხესთან 5 წლის ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელს საიჯარო ქირა, რომელიც წელიწადში 1050 ლარს შეადგენდა, უნდა გადაეხადა 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. ამდენად, მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს მოთხოვნის უფლებას.

29. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხეს არ აქვს გადახდილი 04.10.2014 წელს, 04.04.2015 წელს, 04.10.2015 წელს, 04.04.2016 წელს, 04.10.2016 წელს და 22.11.2016 წელს გადასახდელი საიჯარო ქირა, შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი აღძულია 2018 წლის 04 აპრილს, 04.10.2014 წელს გადასახდელი საიჯარო ქირის (525 ლარი) მოთხოვნის ნაწილში, იგი ხანდაზმულია, რამდენადაც გასულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აქედან გამომდინარე, იმავე კოდექსის 145-ე მუხლის [მავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა] საფუძველზე, ასევე, ხანდაზმულია 04.10.2014 წელს გადასახდელ საიჯარო ქირაზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული - მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

32. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-144-140 -2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; №ას-825-2019,05 სექტემბერი,2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.

33. მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი დავალიანების ოდენობის, საიჯარო ქირის გადახდის ვადაგადაცლების პერიოდის, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო დარღვეული ვალდებულების თანაზომიერ და გონივრულ ოდენობად მიიჩნევს მოპასუხისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს.

34. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1233-1153-2017, 19 ოქტომბერი, 2018 წელი; №ას-425-2019, 02 აგვისტო, 2019 წელი; №ას-710-2021, 09 დეკემბერი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ლ. მიქაბერიძე