საქმე №ა-2193-შ-64-2022 24 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ე-ილი
მოწინააღმდეგე მხარე – მ-დ ჰ-ზ მ-ედ მ-ფი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – იტალიის რესპუბლიკის --- --- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. იტალიის რესპუბლიკის --- --- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მხოლოდ დედას მიენიჭა ექსკლუზიური უფლება იცხოვროს მის შვილთან მ-დ ჰ-ზ მ-ედ მ-ფი ი-თან (დაბ. 12.08.20.., --- ---) ერთად; მამას შეუძლია მოინახულოს შვილი მხოლოდ შაბათ დღეს, შეთანხმების გამონაკლისი პირობების გათვალისიწნებით, 15:00-18:00 პერიოდის განმავლობაში სოციალური სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით.
2. იტალიის რესპუბლიკის --- --- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია არასრულწლოვნის დედას მიენიჭოს ექსკლუზიური უფლება შვილის მასთან ერთად ყოფნის შესახებ, ასევე, დედას ენიჭება უფლება სრულად დაიცვას შვილის უფლებები და ინტერესები (აღზრდის, განათლების, ჯანმრთელობის და საცხოვრებლის არჩევის უფლებების გათვალისწინებითა და ჩათვლით).
3. იტალიის რესპუბლიკის --- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. ნ. ე-ლმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა იტალიის რესპუბლიკის --- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
5. იტალიის რესპუბლიკის ---- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ცნობილია სხვადასხვა ფსევდონიმით და არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იტალიაში.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობის მიხედვით, მოპასუხე დღემდე იძებნება.
7. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით ნ. ე-ლს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1) იტალიის რესპუბლიკის --- -- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი და მისი სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი; 2) ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული, სათანადოდ დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ამჟამად არის ძებნილი ან/და არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იტალიაში და ამ დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.
9. 2022 წლის 16 ივნისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
13. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა (იხ. მინდობილობა ს.ფ. ..-..) ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინების ასლი 2022 წლის 16 მაისს ჩაიბარა (ი. ხელწერილი, ს.ფ. …), ხოლო ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს - 2022 წლის 17 მაისს [სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამავე წლის 15 ივნისს ამოიწურა. ამასთან, ზემოაღნიშნული განჩინებით მხარეს განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საპროცესო ვადის დარღვევით 2022 წლის 16 ივნისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი; იხ. კონვერტი ს.ფ. …) მომართა, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 284-3, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ე-ის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის --- --- რიგითი სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე