თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელის მიმართ) - ე. ძ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ლ. ი-ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „კ-ტი“
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღიარება, საშუამავლო სასესხო ხელშეკრულების სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებად აღიარება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ე. ძ-მა 2019 წლის 27 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ლ. ი-ისა და შპს „კ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 4 მაისის №-- საშუამავლო სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად ჩათვლა და ამავე ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
ლ. ი-მა შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე. ძ-ის მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 4 მაისის №-- სასესხო ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად ცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლ. ი-ის სასარგებლოდ გირავნობის უფლების რეგისტრაცია ავტომობილზე (…-…….., სანომრე ნიშანი - …., გამოშვების წელი - 20.., საიდენტიფიკაციო ნომერი - …..), ე. ძ-თვის ლ. ი-ლის სასარგებლოდ სესხის - 5000 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის - 250 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ძ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ე. ძ-ის საკუთრების უფლება მოძრავ ნივთზე - ….-……, სანომრე ნიშანი - …, ფერი - …, გამოშვების წელი - 20.., საიდენტიფიკაციო ნომერი - ….; ე. ძ-ის სარჩელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ჩათვლისა და ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ლ. ი-ლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. ი-ისა და ე. ძ-ს შორის არსებული ურთიერთობა აღიარებულ იქნა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებად და დადგენილ იქნა, რომ შსს მომსახურების სააგენტოში ლ. ი-ის სასარგებლოდ უნდა დარეგისტრირდეს გირავნობის უფლება ავტომობილზე - …. …., სანომრე ნიშანი - …., ფერი - …, გამოშვების წელი - 20.., საიდენტიფიკაციო ნომერი - …; ე. ძ-ს ლ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ერთი თვის სარგებლის - 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და პირგასამტეხლოს - 2150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; ე. ძ-ს ლ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 0,05%, ყოველდღიურად, 2020 წლის 13 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ე. ძ-მა, შესაბამისად, ე. ძ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ე. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ძ-მა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო ლ. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის რეალურად გირავნობის ხელშეკრულება დაიდო, თუმცა გარიგება უკანონოა, რადგან დაგირავებული ნივთი საკუთრების უფლებით გადაიფორმა სასესხო ხელშეკრულების შუამავალმა პირმა ისე, რომ მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ მას შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ლ. ი-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის წინაშე. ამდენად, სასამართლომ მას ერთხელ უკვე შესრულებული ვალდებულების ხელმეორედ შესრულება დაავალა.
2022 წლის 21 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ლ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა ე. ძიძიგურისთვის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების, უფლებრივად დატვირთვისა და საზღვარგარეთ გაყვანის აკრძალვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით ლ. ი-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ე. ძ-ს ან მის მინდობილ პირს აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების (მახასიათებლები: .... ...., სანომრე ნიშანი - ..., გამოშვების წელი - 20.., საიდენტიფიკაციო ნომერი - ....) გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა, საზღვარგარეთ გაყვანა; ხოლო 2022 წლის 17 მარტის განჩინებით - ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს კასატორის მიერ სასესხო ვალდებულების შესრულება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამასთან, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის დაბრუნების „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-...-2021 განჩინება). უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის №ას-1755-2018, 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 და 2021 წლის 29 სექტემბრის №ას-488-2021 განჩინებები).
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. ამრიგად, ვალდებულების შეწყვეტილად მიჩნევისთვის აუცილებელია არა უბრალოდ სესხის დაბრუნების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის წარმოდგენა, არამედ ვალდებულების უფლებამოსილი პირის წინაშე შესრულების დამტკიცებაც.
განსახილველ შემთხვევაში, სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:
- 2018 წლის 4 მაისს მხარეთა შორის დაიდო „საშუამავლო სასესხო ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც ე. ძ-მა ლ. ი-გან ისესხა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში - 12300 ლარი, ხოლო შპს „კ-მა“ დროებით საკუთრებაში გადაიფორმა საგარანტიო ნივთი (ავტომანქანა);
- სესხი გაცემული იყო ერთი თვის ვადით; გათვალისწინებულ იქნა პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა;
- სასესხო ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაში მითითებულ, შპს „კ-ის“ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით;
- ზემოაღნიშნული „საშუამავლო სასესხო ხელშეკრულება“ პირველი ინსტანციის სასამართლომ თვალთმაქცურ გარიგებად აღიარა და სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებად მიიჩნია, რომლის ფარგლებშიც კრედიტორის - ლ. ი-ის სასარგებლოდ გირავნობის საგნად გამოყენებულ იქნა ავტომანქანა. ხსენებული საკითხი კასატორს არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სადავოდ არ გაუხდია; უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარში კასატორი ადასტურებს, რომ მხარეებს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების დადება სურდათ. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ გარიგება უკანონოა, რადგან დაგირავებული ნივთი საკუთრების უფლებით გადაიფორმა სასესხო ხელშეკრულების შუამავალმა პირმა, ხსენებული არგუმენტი სადავო ხელშეკრულების სრულად ბათილად ცნობას ვერ გამოიწვევს, ხოლო შუამავლისთვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა უკვე შეფასდა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ უკანონოდ და ნივთი კასატორს საკუთრებაში დაუბრუნდა. ამდენად, საქმეზე დადგენილია მხარეთა შორის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების დადება, რომლის ბათილად ცნობის წინაპირობებიც არ არსებობს.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული სასესხო ხელშეკრულება მაშინ ჩაითვლებოდა შესრულებულად, თუ ე. ძ-ი ლ. ე-ლს ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე ჩაურიცხავდა სესხის ძირ თანხასა და სარგებელს. კასატორს კი თანხის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ანგარიშზე ჩარიცხვისა და გამსესხებლის მიერ სესხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. ამასთან, კასატორი სესხის ხელშეკრულების შესრულების დასადასტურებლად მიუთითებს საბანკო ქვითრებზე, რომელთა თანახმადაც, ე. ძ-ს ზ. მ-ვის (გარიგების დადებისას ლ. ი-ის წარმომადგენელი; ასევე, შპს „კ-ის“ თანამშრომელი) ჩარიცხული აქვს 8700 აშშ დოლარი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეთა ხელშეკრულებით პირდაპირ იყო განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების წესი, რომელიც კასატორს არ დაუცავს, მის მიერ ზ. მ-ვის თანხის გადარიცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განხილულ იქნეს ლ. ი-ის მიმართ ვალდებულების შესრულებად, თუ დადასტურდება, რომ მსგავსი შესრულების მიღებაზე გამსესხებელმა თანხმობა გასცა ან მიიღო სარგებელი. განსახილველ შემთხვევაში კი, გამსესხებელი უარყოფს ზ.მ-გან თანხის მიღების ფაქტს, ხოლო თავად ზ. მ-ის განმარტებით, შესრულება მას და ე. ძ-ს შორის არსებული სხვა სასესხო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელდა. ამდენად, ე. ძ-ის მიერ თანხის ზ. მ-ვის გადარიცხვა სადავო სასესხო ხელშეკრულების შესრულებად ვერ იქნება განხილული (არაუფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის №ას-….. გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს მართებულად დაეკისრა ნასყიდობის გადაუხდელი საფასურის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა ლ. ი-ის მოთხოვნით, მისი შეგებებული სარჩელისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, ე. ძ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობა ამ ეტაპზე არ იკვეთება. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ძ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. ე. ძ-ს (პ/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ს-ის (პ/ნ ----) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1199,55 ლარის (საგადახდო დავალება №…., გადახდის თარიღი 04.03.2022წ.) 70% - 839,69 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი …;
4. ე. ძ-ს (პ/ნ …..) ლ. ი-ის (პ/ნ ---) სასარგებლოდ დაეკისროს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე