Facebook Twitter
საქმე №ას-225-2022 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს „სა-ო კ-ია ე-ს ჯ-ია“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სს „ს-ო კ-ია ე-ს ჯ-იას“ მიმართ, მოპასუხისთვის 51527 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „ს-ვო კ-ია ე-ს ჯ-იას“ მოსარჩელის სასარგებლოდ 51527 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სს „ს-ო კ-ია ე-ს ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სადაზღვევო კომპანიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან გამოწვეულია დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „სა-ო კ-ა ე-ს ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. იმავე კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს სადაზღვევო რისკის განსაზღვრას. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლიდან გამომდინარე, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (დამზღვევი) და სს „ს-ო კ-ია ე-ს ჯ-ას“ (მზღვეველი) შორის დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევა.

საქმეზე, ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 4 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება გადავიდა გზის სავალი ნაწილის ქვედა უკიდურეს კუთხეში და გადავარდა ფერდობზე.

კასატორი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს ამბობს ერთადერთი არგუმენტით - მოსარჩელის თანამშრომლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილება დამზღვევის მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედების დადასტურებაზეა დამოკიდებული. „მარტივ გაუფრთხილებლობად კი შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, დაუდევრად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 იანვრის №ას-1479-2019 განჩინება).

სადავო შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატამ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად და ერთობლივად შეფასების შედეგად, დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას სატრანსპორტო საშუალებას დეპარტამენტის თანამშრომელი მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში. მართალია, მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რომლის მიხედვითაც, შერჩეული სიჩქარე მანქანის მუდმივად კონტროლის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე ქმედება შეფასდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულად, რის გამოც პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე და გამოძიება შეწყდა. საგულისხმოა, რომ მძღოლი მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით და ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა არა სიჩქარის გადაჭარბებით, არამედ - სადავო საგზაო მონაკვეთის რელიეფიდან (გრუნტიანი) გამომდინარე. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით, რაც სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნება განხილული. ამდენად, არსებობდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების წინაპირობა (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის №ას-1107-2021 განჩინება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს-ო კ-ია ე-ს ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 დეკემბრის განჩინება;

3. სს „ს-ო კ-ა ე-ს ჯ-ას“ (ს/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2576 ლარის (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 14.02.2022წ.) 70% - 1803,2 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე