Facebook Twitter
საქმე №ას-297-2022 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ნ. კ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ფ-ძე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ფ-ემ 2021 წლის 25 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილის - ი. კ-ის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად - 700 ლარის, გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. კ-ლს არასრულწლოვანი შვილის - ი. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად - 700 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2021 წლის 25 მარტიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან გააჩნია სასესხო ვალდებულებები, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მის კმაყოფაზე სხვა პირებიც იმყოფებიან. გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, არასრულწლოვან შვილს უხდიდა სხვადასხვა სასკოლო საგანში მომზადების საფასურს. კასატორი მიუთითებს, რომ დასახელებულ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში არ წარადგინა, რადგან იმ დროისთვის მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მორიგების მისაღწევად, კერძოდ, კასატორი მზად იყო შვილისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარი გადაეხადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გონივრულობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. კოდექსის 1214-ე მუხლით კი დადგენილია, რომ თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის რეალურ საჭიროებებს.

ამრიგად, მართალია, კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ასევე, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის №ას-58-49-2011 გადაწყვეტილება, 2017 წლის 17 ოქტომბრის №ას-1141-1061-2017, 2020 წლის 25 თებერვლის №ას-1355-2019 და 2020 წლის 13 მარტის №ას-1301-2019 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 11 წლის ი. კ-ლი ცხოვრობს დედასთან ერთად. ამრიგად, უდავოა, რომ კასატორს უნდა დაეკისროს შვილის აღზრდაში მონაწილეობისთვის ალიმენტის გადახდა.

ალიმენტის ოდენობის გონივრულობის შეფასებისას კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- ი. კ-ლი, დედასთან ერთად, ცხოვრობს …., სადაც მოსარჩელე ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობს;

- 2020-2021 სასწავლო წლის პერიოდში არასრულწლოვნის სკოლაში სწავლის საფასური 2144.300 .... .....შეადგენდა;

- სკოლის გადასახდელებს მოსარჩელე ფარავს;

- ნიკოლოზ კახნიაშვილი დასაქმებულია სს „…. ბანკში“; მისი ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 3000 ლარიდან 5000 ლარამდე.

რაც შეეხება კასატორის განმარტებებს, რომ გააჩნია სასესხო ვალდებულებები, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მის კმაყოფაზე სხვა პირებიც იმყოფებიან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „მხარის პრეტენზია, მის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის №ას-861-2019 განჩინება). მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის ან სხვა პირთა რჩენის ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები კი, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ალიმენტის ოდენობაზე, ნ. კ-ს არცერთი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ყველა გარემოების - ბავშვის ასაკისა და საჭიროებების, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშობლების ფინანსური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არასრულწლოვანი შვილის მიმართ მართებულად დაეკისრა ალიმენტის სახით 700 ლარის გადახდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გამოიკვლიეს საქმის მასალები და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საჭიროება არ იკვეთება. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინება;

3. ნ. კ-ლს (პ/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. თ-ის (პ/ნ ---) მიერ 2022 წლის 10 მარტის №- საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 420 ლარის 70% - 294 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე