Facebook Twitter
საქმე №ას-321-2022 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - რ. ე-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. გ-იძე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-მ 2020 წლის 16 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - რ. ე-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; რ. ე-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა დ. გ-ის კუთვნილი უძრავი ნივთები (თბილისში, ---- ქ. №…-ში მდებარე 15 მ2 ბინა 4; 2,5 მ2 საპირფარეშო; 4 მ2 სამზარეულო და 6 მ2 დამხმარე სათავსო, საკადასტრო კოდით ---; თბილისში, --- ქ. №..-ში მდებარე 12,40 მ2 სარდაფი, საკადასტრო კოდით ----) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს. მითითებული გადაწყვეტილება რ. ე-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით რ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება რ. ე-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონების თაობაზე მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებისას სურდა იპოთეკის და არა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ამდენად, მოსარჩელე არ უნდა იქნეს მიჩნეული ნივთის მესაკუთრედ.

კასატორი დამატებით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა მათი დასწრების გარეშე განიხილავდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ რ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. გ-ემ სადავო უძრავი ქონება რ. ე-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღირიცხა.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს რ. ე-ძე, რომელმაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სასამართლოსთვის სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ ასახავს მის ნამდვილ ნებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორს ხელშეკრულების ნამდვილობა სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდია; წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში კი, სადავო საკითხის გათვალისწინებით, სასამართლო ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხს ვერ გადაწყვეტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. განსახილველ შემთხვევაში, „საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით უკვე დადგინდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე შემოწმება, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს; საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში კი, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. რ. ე-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

4. რ. ე-ეს (პ/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2022 წლის 2 მაისის №--- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე