Facebook Twitter
საქმე №ას-335-2022 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ე. ი-რ

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჰ. ი-იმ

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ქ....ლ-ა....ი რ-ლი კ-კა რ-ტი“

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

დავის საგანი - მშობლად აღიარება, მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ჰ. ი-მმა 2019 წლის 28 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ე. ი-ისა და შპს „ქ...ლ-ა...ლი რ-ლი კ-კა რ-ის“ მიმართ, მშობლად აღიარებისა და მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, ჰ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ჰ. ი-იმ აღიარებულ იქნა არასრულწლოვანი დ. ი-ის მშობლად და არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდა შესაბამისი ცვლილება „მამის“ აღმნიშვნელ გრაფაში; ე. ი-რ აღიარებულ იქნა არასრულწლოვანი დ. ი-მის მშობლად და არასრულწლოვნის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდა შესაბამისი ცვლილება „დედის“ აღმნიშვნელ გრაფაში; ე. ი-რს შეეზღუდა მშობლის უფლება არასრულწლოვანი დ. ი-მის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გაყვანის ნაწილში. მითითებული გადაწყვეტილება ე. ი-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება ე. ი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ უნდა იქნეს აღიარებული ბავშვის დედად, სუროგაციისა და დონაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს ხელშეკრულება ბათილია - კასატორისთვის ცნობილი არ იყო, რა ვალდებულებები დაეკისრებოდა ხელშეკრულებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს სუროგაციისა და დონაციის ხელშეკრულების საფუძველზე წყვილის ბავშვის მშობლებად აღიარება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 143-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ნებადართულია ექსტრაკორპორული განაყოფიერება, ესენია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „სუროგატულ დედას“ არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ მე-19 მუხლზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს: ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე; ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის. ასეთი ხელშეკრულების არსებობისას, იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევა წყვილი; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან „სუროგატული დედის“ მითითება დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას მშობლებმა უნდა წარადგინონ ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე გაფორმებული, სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი შეთანხმება, ბავშვის მშობლებად კი ითვლება წყვილი და არა სუროგატი დედა ან დონორი.

განსახილველ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების ცნობით დგინდება, რომ წყვილს - ე. ი-სა და ჰ. ი-მს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ესაჭიროებოდა რეპროდუქციის დამხმარე მეთოდებით მკურნალობა და სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის ჩართვა სამკურნალო პროცესში ორსულობის მისაღწევად.

2018 წლის 2 აგვისტოს პოტენციურ მშობლებს (ჰ. ი-მი და ე. ი-რი), კვერცხუჯრედის დონორსა და სუროგატს შორის დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება „დონაციისა და სუროგაციასთან დაკავშირებით მომსახურების თაობაზე“. ხელშეკრულების მიხედვით, პოტენციურ მშობლებს ბავშვის/ბავშვების დაბადების მომენტიდან დაუყოვნებლივ წარმოეშობოდათ მშობლის სრული უფლებები და ვალდებულებები ბავშვის/ბავშვების მიმართ. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მხარეები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ხელშეკრულების პირობების შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერების ნამდვილობა სანოტარო წესით არის დადასტურებული.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული სუროგაციისა და დონაციის შესახებ ხელშეკრულება სათანადო ფორმით და კანონით გათვალისწინებული საფუძვლით არის დადებული. ამასთანავე, მართალია, კასატორი აპელირებს ხელშეკრულების უკანონობაზე, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც ხელშეკრულების არამართლზომიერება, მისი კასატორის მოტყუებით ან შეცდომით დადება დადასტურდებოდა. სხვა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე კი კასატორი არ დავობს, ხოლო საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება ხელშეკრულების უკანონობა, ხოლო დონაციისა და სუროგაციის შედეგად დაიბადა ბავშვი, მის მშობლებად სწორედ „წყვილი“ უნდა იქნეს მიჩნეული. მაშასადამე, კასატორი მართებულად იქნა არასრულწლოვანი დ. ი-ის დედად აღიარებული.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 და ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლების საფუძველზე, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ კი გადაწყვეტილება სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული, ხოლო კასატორს არ დაუსახელებია და არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რაც ბავშვის დედად მის აღიარებას გამორიცხავდა ან მისი უფლებების არათანაბარზომიერ შეზღუდვას დაადასტურებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინება;

3. ე. ი-რს (პ/ნ ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ა-ის (პ/ნ ---) მიერ 2022 წლის 7 აპრილის №- საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი --;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე