Facebook Twitter
საქმე №ას-471-2022 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „რ-იკა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კოოპერატივი „-.-. ა-და ფ-რი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

კოოპერატივმა „--. ა-და ფ-მა“ 2019 წლის 26 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „რ-ის“ მიმართ, მოპასუხისთვის ნასყიდობის გადაუხდელი საფასურის - 27 900 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით კოოპერატივ „-. ა-და ფ-რის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „რ-კას“ მოსარჩელის სასარგებლოდ 27 900 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „რ-ამ“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს „რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება შპს „რ-კამ“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან თანხის გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს ნასყიდობის საფასურის დაკისრების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მყიდველის ძირითადი ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდაა. ვალდებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა 41 663,25 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მოპასუხეს გადასახდელი აქვს 27 900 ლარი. დასახელებული თანხის გადახდაზე კასატორი (მოპასუხე) უარს ამბობს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ვადამოსული.

კასატორის არგუმენტის შეფასებისას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, ვინაიდან სადავო შემთხვევაში დადასტურებულია მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, რომლის საფასურიც მყიდველს სრულად არ აქვს გადახდილი, თუმცა მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შესრულების კონკრეტულ თარიღს არ ითვალისწინებს, მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო, მოეთხოვა მოვალისაგან ვალდებულების შესრულება. დამატებით საგულისხმოა, რომ კასატორი თავად არც ასახელებს ვადას, რომელიც მას მოთხოვნის წარდგენის მართლზომიერ ვადად მიაჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ნასყიდობის გადაუხდელი საფასურის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება;

3. შპს „რ-ას“ (ს/ნ ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ც-ის (პ/ნ ---) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1395 ლარის (საგადასახადო დავალება №-, გადახდის თარიღი 03.05.2022წ.) 70% - 976,5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე