Facebook Twitter
საქმე №ას-575-2022 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - მ. რ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. მ-ლი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა 2021 წლის 16 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ. რ-ას მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. რ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, --- შესახვევში, №.. კორპუსში მდებარე ბინა №.. (ს/კ №---) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ. მ-ლს. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. რ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რომელშიც მითითებული იქნებოდა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობები. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება მ. რ-ას გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ადრესატს პირადად ჩაბარდა 2021 წლის 16 ნოემბერს.

მ. რ-ამ 2021 წლის 26 ნოემბერს განცხადებით (ფოსტას ჩაბარდა 25 ნოემბერს) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. რ-ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 70-ე, 368-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება მ. რ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არის სოციალურად დაუცველი, დევნილი და ასაკოვანი პირი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით მ. რ-ს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. რ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი საერთოდ არ შეიცავდა მითითებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა შვიდდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, „ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება მ. რ-ას გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2021 წლის 16 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 17 ნოემბრიდან დაიწყო ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2021 წლის 24 ნოემბერს (ოთხშაბათს), 24:00 საათზე ისე, რომ აპელანტს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით არ მიუმართავს. სასამართლოში განცხადება მან მხოლოდ 2021 წლის 25 ნოემბერს, საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ, წარადგინა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასახელებს და ვერ ადასტურებს საპროცესო ვადის სწორედ საპატიო მიზეზით დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილია ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოსცა გასაჩივრებული განჩინება და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. რ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე