თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ. ხ-ლი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ლ. კ-ნი, დ. დ-ლი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ლ. კ-სა და დ. დ-ის მიმართ, 20000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლო სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთვის არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია. აპელანტის წარმომადგენელმა - ბ. ფ-ემ მხოლოდ სასამართლო სხდომის გამართვის შემდგომ წარადგინა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე და მიუთითა, რომ მას აქვს კოვიდინფექცია, რის გამოც ვერ ცხადდება სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლოსთვის სხდომის გამართვის დროისათვის არ იყო ცნობილი აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, შუამდგომლობაში დასახელებული გარემოება ვერ გახდებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება მ. ხ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის წარმომადგენელს - ბ. ფ-ეს სასამართლო სხდომის დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით განცხადება სასამართლოში განთავსებულ სპეციალურ ყუთში, სხდომის დაწყებამდე დატოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
2022 წლის 27 ივნისს მ. ხ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მიუთითა, რომ მისმა წარმომადგენელმა სხდომის დღეს შეიტყო მამამისის კორონავირუსით ინფიცირების თაობაზე, რის გამოც თვითიზოლაციაში გადავიდა. განცხადებას თან ერთვის თ. ფ-ის „COVID 19 ბარათი“, რომლის თანახმადაც, ხსენებულ პიროვნებას 2022 წლის 22 თებერვალს დაუდასტურდა კორონავირუსი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. დასახელებული საკანონმდებლო აქტის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე, კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული აპელანტის გამოუცხადებლობა, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტისთვის - მ. ხ-ვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, ცნობილი იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართებოდა 2022 წლის 24 თებერვალს, თუმცა აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. ამასთან, აპელანტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთვის არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები. ამავე სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა. შედეგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, სადავო განჩინება გამოიცა კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნების დაცვით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმდეს, თუ დადასტურდება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო სასამართლოსთვის დროულად ეცნობებინა. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამრიგად, „სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის №ას-652-2021 განჩინება). ამასთან, საგულისხმოა, რომ „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის №ას-1037-991-2013 განჩინება).
სადავო შემთხვევაში კი, მართალია, სააპელაციო სასამართლოში სხდომის გამართვის შემდგომ წარდგენილ განცხადებასა და კერძო საჩივარში მხარე მიუთითებს მისი წარმომადგენლის კორონავირუსით ინფიცირების გამო სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, მაგრამ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლის ავადმყოფობას. კერძო საჩივრის ავტორის მიერ საკასაციო სასამართლოში 2022 წლის 27 ივნისს წარმოდგენილი დოკუმენტაცია კი, რომელიც ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს სხდომამდე ორი დღით ადრე წარმომადგენლის მამის კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტს, ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო სხდომაზე აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელ, სათანადო მტკიცებულებად, ვინაიდან ხსენებული პიროვნების ავადმყოფობაზე მხარე 2022 წლის 24 თებერვლის განცხადებასა და კერძო საჩივარში არც კი მიუთითებდა, როგორც სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის გამომწვევ მიზეზზე; ამასთანავე, მხარეს მაინც ჰქონდა გონივრული და რეალური შესაძლებლობა, სხდომის გამართვამდე წარედგინა განცხადება სხდომის გადადების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე