Facebook Twitter

საქმე №ა-3263-შ-95-2022 27 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო. ა-ტეს შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი კ. ბ-ის მიმართ, ქალაქ ვილნიუსის …. (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ქალაქ ვილნიუსის … (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ:

- მოპასუხე კ. ბ-ძე არის არასრულწლოვან ს. ა-ტეს მამა;

- არასრულწლოვანი ბავშვის ს. ა-ტეს საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედასთან ო. ა-თან;

- კ. ბ-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის ს. ა-თვის ალიმენტის გადახდა თვეში 220 (ორასოცი) ევროს ოდენობით 2019 წლის 27 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

- კ. ბ-ეს დაეკისრა ალიმენტის დავალიანების - 2640 ევროს გადახდა;

- შვილის რჩენისთვის დაკისრებული თანხების განმკარგველად დაინიშნა ო. ა-უტე;

- კ. ბ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა მოსაკრებელი 118 ევროს ოდენობით და მოსარჩელე ო. ა-ტეს სასარგებლოდ სახელმწიფო მოსაკრებელი 150 ევროს ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ო. ა-ტეს წარმომადგენელმა ნ. ჩ-მა (მინდობილობა ერთვის საქმეს) და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამავე კანონის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. გადაწყვეტილებას საქართველოს სასამართლო იღებს დადგენილების ფორმით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

საქმეში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის, კერძოდ, ლიტვის რესპუბლიკის, ქალაქ …. --- (რაიონული) სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც ითხოვს მხარეს, არ არის დამოწმებული კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოდგენილია ასლის სახით (დამოწმების გარეშე) რუსულ ენაზე (ქართულენოვან თარგმანთან ერთად). საქმის მასალებს არ ერთვის ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე მოთხოვნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ა-ტეს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე