3გ-ად-27-გ-02 24 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: ბ. მ.-ი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავა საქმეზე _ თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელის გამო მოპასუხე ალ. კ.-ის მიმართ, საჯარიმო სანქციის გატარების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. კ.-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ა. კ.-ი ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე ახორციელებდა რეკონსტრუქციასა და სართულის დაშენებას სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე, რითაც მის მიერ დაირღვა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «კ” პუნქტის «კ.ა» და «კ.ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნები. ამასთან, ა. კ.-მ არ გადაიხადა აღნიშნული დარღვევისათვის «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონით დადგენილი საჯარიმო თანხა და არ გამოასწორა დარღვევა.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის თანახმად
ა) საჯარიმო თანხის 35%-ის _ 1050 ლარის _ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვა;
ბ) საჯარიმო თანხის 35%-ის _ 1050 ლარის _ ქ. თბილისის მერიის საფინანსო სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხვა;
გ) საჯარიმო თანხის 5%-ის _ 150 ლარის _ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი ა.-ის ანგარიშზე ჩარიცხვა.
დ) საჯარიმო თანხის 25%-ის _ 750 ლარის _ ქ. თბილისის მერიის საფინანსო სამმართველოს ანგარიშზე ჩარიცხვა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა. კ.-ი დაჯარიმდა 3000 ლარით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ.-მ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს იგი არ მიუწვევია საქმის ზეპირ განხილვაზე, რითაც დაირღვა სსკ-ს მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი.
სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში, რომელმაც 2002წ. 12 ივლისის განჩინებით ა. კ.-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადასცა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. ამ უკანასკნელმა კი 2002წ. 31 ივლისის განჩინებით ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის ა.-ის მიერ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დამრღვევის მიმართ საჯარიმო თანხის სასამართლო წესით ამოღების მოთხოვნა, რაც არ შეიძლებოდა მიკუთვნებოდა იმ დავითა რიცხვს, რომელთა განხილვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმათა გამოყენებით დადგენილია ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით.
აღნიშნული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული საქმე არის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ 2001წ. 28 სექტემბერს გამოიტანა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ დადგენილება, რომლითაც ა. კ.-ი დაჯარიმდა 3000 ლარით.
«არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად, თუ დამრღვევი უარს აცხადებს ჯარიმის გადახდაზე ა. მიმართავს სასამართლოს დარღვევისათვის საჯარიმო სანქციის გატარების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს თბილისის ა.-ის მიერ გამოტანილი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე საჯარიმო სანქციის გატარება დამრღვევის მიმართ.
ვინაიდან მხარეთა შორის დავა წარმოშობილია ადმინისტრაციული აქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა სამართლებრივი ბუნებით ადმინისტრაციულია, რადგანაც სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს ა.-ის ადმინისტრაციული აქტის _ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების _ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზეც, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმეების კატეგორიას მიეკუთვნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელის გამო მოპასუხე ა. კ.-ის მიმართ, საჯარიმო სანქციის გატარების შესახებ, განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. მოცემული საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.