საქმე №ას-696-2021 8 დეკემბერი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - გ. ს-ლი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ზ-ლი (მოსარჩელე)
II კასატორი - ე. ზ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ლი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე. ზ-მა (შემდგომ - მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის (შემდგომ - მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 2014 წელს მიღებული თანხის - 6000 ლარისა და ამ თანხის 9% ყოველწლიური სარგებლის გადახდის დაკისრება (რაც 2014 წლის 3 ნოემბრიდან სარჩელის შეტანამდე 1800 ლარია, ხოლო სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიურ - 540 ლარი), 2015 წელს მიღებული 7000 ლარისა და ამ თანხის 9% ყოველწლიური სარგებლის გადახდის დაკისრება (რაც 2015 წლის 9 მარტიდან სარჩელის შეტანამდე 1575 ლარია, ხოლო სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიურ - 630 ლარი), 2016 წელს მიღებული 28 000 ლარისა და ამ თანხის 9% ყოველწლიური სარგებლის გადახდის დაკისრება (რაც 2016 წლის 5 დეკემბრიდან სარჩელის შეტანამდე 3150 ლარია, ხოლო სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური - 2520 ლარი), 2017 წელს მიღებული 49100 ლარისა და ამ თანხის 9% ყოველწლიური სარგებლის გადახდის დაკისრება (სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური - 8109 ლარი). მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ 2014-2017 წლებში მიღებული პრემიისა და მეცამეტე ხელფასის - 16 000 ლარისა და ამ თანხის ყოველწლიური სარგებლის 9%-ის - 1440 ლარის გადახდის დაკისრებაც, სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე შპს „კ-ის“ (შემდგომ - კომპანია, საწარმო, შპს) დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია. ის კომპანიის დირექტორიცაა. საწარმოს რეგისტრაციის დღიდან - 2013 წლის 20 ნოემბრიდან კომპანიის ბუღალტრად და ფინანსურ დირექტორად მუშაობდა მოპასუხე, რომელიც სამსახურისათვის შეუფერებელი საქციელისა და მოსარჩელის ფულის მითვისების გამო, 2018 წლის 19 იანვრიდან დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მოსარჩელემ 2018 წლის იანვარში, სათანადო შემოწმების შედეგად გაარკვია, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში პარტნიორის დივიდენდებს ითვისებდა. მოსარჩელეს პასუხის მიმართ ჰქონდა რა განსაკუთრებული ნდობა, მოპასუხე საბუღალტრო პროგრამა ,,ორისის" მეშვეობით რიცხავდა საბანკო და საბიუჯეტო თანხებს, რის გამოც მოსარჩელეს აზრად არ მოსვლია, რომ მოპასუხე მიითვისებდა მის დივიდენდებს. შესაბამისად, 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში მოპასუხემ არამართლზომიერად, ჯამურად მიითვისა მოსარჩელის კუთვნილი დივიდენდი - 90 100 ლარი, ხოლო პრემიებისა და მე-13 ხელფასების სახით - 16 000 ლარი. ძირითად თანხასთან ერთად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლი, სახით წლიური 9% გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოპასუხეების შესაგებელი
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე საწარმოს მხოლოდ ფორმალური დამფუძნებელი იყო. მოპასუხე საკუთარ ანგარიშზე თანხების გადარიცხვისას მოქმედებდა კომპანიის დირექტორისა და რეალური მმართველის - მ. კ-ის (შემდგომ - მესამე პირი) მითითებით. ეს უკანასკნელი შპს ,,დ…დ-ს“ დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორიც იყო. ამ კომპანიის ბუღალტრად 2007 წლიდან მუშაობდა მოპასუხე. ამ ფინანსური ტრანზაქციების ფაქტი არათუ ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, არამედ ამ უკანასკნელის ნებას შეესაბამებოდა. შესაბამისად, ზიანი ფაქტობრივ-სამართლებრივად არ არსებობს, რაც სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის დაკისრებას სამართლებრივ საფუძველს აცლის. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნები მიუღებელ შემოსავალთან მიმართებითაც. გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 90 100 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხის მიმართ პრემიისა და მეცამეტე ხელფასის - 16 000 ლარის დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, თავდაპირველად უნდა შეფასებულიყო მოსარჩელე, როგორც ფიზიკური პირი, იყო თუ არა სარჩელის აღძვრასა და სადავო თანხის უკან დაბრუნებაზე უფლებამოსილი პირი. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე საწარმოს 100% წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი იყო. ერთპიროვნულ საწარმოში კი, დივიდენდის განაწილებას წერილობითი გადაწყვეტილების მიღება არ სჭირდებოდა. ამასთან, კომპანიის ნდობით აღჭურვილმა ბუღალტერმა დივიდენდის სახით გაცემული მოსარჩელის თანხა არამართლზომიერად მიიღო, ამ თანხის უკან გამოთხოვაზე უფლებამოსილ პირს სწორედ ფიზიკური პირი - მოსარჩელე წარმოადგენდა. პალატამ აღნიშნა, რომ განსხვავებული ვითარება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სადავო დოკუმენტაციაში კონკრეტული სახელი და გვარი არ იარსებებდა, ანუ განკარგული თანხა მოსარჩელის სახელზე არ იქნებოდა განპიროვნებული, ასეთ დროს თავად კომპანია იქნებოდა უფლებამოსილი, ბუღალტრის მიერ შესრულებული ტრანზაქციის მართლზომიერების თაობაზე ედავა. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე, როგორც ფიზიკური პირი, პარტნიორი, იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მას უნდა გადასცემოდა, თუმცა არ გადასცემია.
7. ამასთან, მოპასუხე უთითებდა, რომ რეალურად თანხის გადაცემაზე უფლებამოსილი მესამე პირი იყო. მოპასუხის ამ შესაგებლის გაზიარების შემთხვევაშიც კი, მას უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის დივიდენდის სახით ჩარიცხული თანხის მესამე პირისათვის გადაცემა, დივიდენდის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანხმობით, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც, საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო.
8. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრება, კერძოდ, დივიდენდის სახელით დაკვალიფიცირებული, არამართლზომიერად მიღებული თანხის ანაზღაურება იყო. მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 992-ე და 408-ე მუხლები და არა - უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები იყო, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქმედება - მოპასუხის მიერ კომპანიის ანგარიშიდან თავის ანგარიშზე 90 100 ლარის გადარიცხვა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებით დასტურდება. სადავო ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებულია, რომ თანხა მოსარჩელეს ეკუთვნოდა, თუმცა საქმის მასალებით მისი ადრესატისთვის გადაცემა არ დადგინდა, რაც მოსარჩელის ზიანს წარმოადგენდა. მიზეზშედეგობრივი კავშირი ქმედებასა და ზიანს შორის ცალსახა იყო, ვინაიდან, რომ არა მოწინააღმდეგე მხარის ქმედება, მაშინ სადავო თანხა კომპანიაში დარჩებოდა და მას მოსარჩელე, როგორც კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელი, დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებდა ანდა კუთვნილ თანხას თავად მიიღებდა.
10. სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ვადის ათვლის თარიღის ობიექტური ფარგლებით განსაზღვრა შეუძლებელი იყო. მოპასუხე მიუთითებდა, რომ ხანდაზმულობის საკითხის მართებულად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა მოსარჩელის მიერ 2015 წლის 5 მარტამდე მოთხოვნილი თანხის გადარიცხვის ფაქტის შეტყობის მომენტს ჰქონდა. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ ბანკის მიერ გაცემული ცნობით, რომელშიც ასახული იყო გადარიცხვები, შეიტყო ამ გადარიცხვების შესახებ. ამასთან, კომპანიის წესდება ავალდებულებდა მოსარჩელეს კომპანიას წლიური ანგარიშის შედგენას. ამის შედეგადაც მოსარჩელეს უნდა შეეტყო სადავო გადარიცხვების თაობაზე.
11. პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა ჩვენებებისა და საქმის მასალებში არსებული სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულების შეჯერების საფუძველზე, შეექმნა შინაგანი რწმენა, რომ კომპანიის ბუღალტერი - მოპასუხე, კომპანიის დირექტორის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, ამ უკანასკნელს არ ესმოდა საბუღალტრო საკითხები და ამ საკითხის ცოდნა დირექტორს არც მოეთხოვება, სწორედ ამიტომ ქირაობდა შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის კადრს და გასამრჯელოს უხდიდა. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მტკიცება, რომ მოსარჩელესათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო 2015 წლის 5 მარტამდე მოთხოვნილი თანხების გადარიცხვის ფაქტი. რაც შეეხება ვადის ათვლის სუბიექტურ ფარგლებს, ანუ დროს, როდესაც სადავო ტრანზაქციების შესახებ მოსარჩელემ შეიტყო ან შეეძლო შეეტყო, პალატის მითითებით, 2018 წელი, ანუ ის დრო იყო, როდესაც ბუღალტრის არამართლზომიერი ქმედებები გამოიკვეთა და ამ საფუძვლით, მოპასუხე კომპანიიდან გათავისუფლდა.
12. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით საანაბრე პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია და მიუთითა, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში, რომელთა ბუნებრივ და ყოველდღიურ საქმიანობას თანხის გასესხებით მიღებული პროცენტის გამოყენება (ე.წ. გაპროცენტება) არ წარმოადგენს, მათ მიერ თანხის უცილობლად ანაბარზე განთავსება და მისგან სარგებლის მიღება ნაკლებ სავარაუდო იყო. მიუღებელი შემოსავალი, მოვალისათვის არა მხოლოდ წინასწარ სავარაუდო, არამედ ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი უნდა იყოს. მოსარჩელის საქმიანობა თანხის სესხად გაცემა და მისგან მიღებული პროცენტით სარგებლობა არ იყო. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ეს ზიანი მოპასუხისათვის სავარაუდო არ იყო.
13. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხის მიერ მიღებული პრემიისა და მეცამეტე ხელფასის (2014, 2015, 2016 და 2017 წლებში მიღებული) - 16 000 ლარის მისთვის დაკისრება. პრემიისა და მეცამეტე ხელფასის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავის სუბიექტი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ დამსაქმებელი, კონკრეტულ შემთხვევაში - საწარმო, რაც დასტურდებოდა თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საწარმოსა და მოპასუხეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებითა და ბრძანებებით. მოსარჩელე, როგორც ფიზიკური პირი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არ წარმოადგენდა მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს.
პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
15. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე სათანადო მოსარჩელე იყო და სადავო თანხა მისი კუთვნილი დივიდენდი იყო, რომელიც ამ უკანასკნელს მოპასუხისაგან არ მიუღია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია თავისი, როგორც პარტნიორის წერილობითი გადაწყვეტილება მოთხოვნილი თანხის - 91 700 ლარის პარტნიორის სასარგებლოდ დივიდენდად გაცემის შესახებ, რომელსაც მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 58 მუხლი ავალდებულებდა. ნორმა ცალსახად ადგენს, რომ იმ კომპანიაში, სადაც ერთადერთი პარტნიორი არის 100%-ის მფლობელი, გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს წერილობით. კანონი აღნიშნულ მოთხოვნას კომპანიის „პარტნიორთა კრებას“, როგორც კომპანიის მმართველობის უმაღლეს ორგანოს, უწესებს იმდენად, რამდენადაც კაპიტალურ საზოგადოებაში კომპანიისა და პარტნიორის ქონება, მათ შორის, მოგება (ფულის სახით) არ არის ერთი და იგივე. ვიდრე მოგების განაწილების ან გაცემის შესახებ პარტნიორთა კრება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიაში დაგროვებული სიკეთე მოგების სახით წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. ამდენად, მოსარჩელე ვალდებული იყო, სასამართლოსათვის წარედგინა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება წლიური მოგების ან შუალედური მოგების დივიდენდად პარტნიორისათვის გაცემის შესახებ.
16. ამასთან, მოსარჩელე თანხის დაკისრება მოითხოვს არა კომპანიის სასარგებლოდ (ვინაიდან თანხები სწორედ კომპანიის ანაგარიშიდან არის გადარიცხული) არამედ თავის სასარგებლოდ, რაც არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით ნორმა არარელევანტურია, რამდენადაც მოსარჩელე არის - როგორც 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, ისე - კომპანიის ერთპიროვნული დირექტორი. შესაბამისად, მას შეეძლო, სარჩელი აღეძრა კომპანიის სახელით მოპასუხის წინააღმდეგ. ამდენად, მოთხოვნა არასათანადო მოსარჩელის მიერ არის წარდგენილი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძველია.
17. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე არ იყო რეალური პარტნიორი და დირექტორი. შესაბამისად, სარჩელი არ აღუძრავს იმ პირს, ვისაც მოთხოვნის უფლება აქვს. არასათანადო მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი კი, არ არსებობს.
18. გარდა ზემოაღნიშნულისა, სარჩელის უარყოფის საფუძვლად პირველი კასატორი უთითებს, რომ იგი ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსურ ანგარიშგებას მხოლოდ მოსარჩელის ნებართვისა და დავალების საფუძველზე ახორციელებდა. ისეთი ტიპის შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვის, როგორიც არის კომპანიასა და ბუღალტერს შორის ურთიერთობა, დამახასიათებელია სუბორდინაციის ელემენტი. შრომით ურთიერთობაში მყოფი ბუღალტერი ემორჩილება მხოლოდ დირექტორს და მის დავალებებს, რაც ერთგვარ პრეზუმფციას წარმოადგენს და იგულისხმება, რომ კომპანიის ბუღალტრის ყველა მოქმედება შეთანხმებული, ნებადართული ან/და მოწონებულია კომპანიის დირექტორის მხრიდან, ვინაიდან კომპანიის დირექტორს, როგორც ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს, შესაძლებლობა აქვს, აკონტროლოს კომპანიის ბუღალტრის საქმიანობა. უდავოა, რომ მოპასუხე 2013 წლიდან კომპანიის ბუღალტერია და მის მიმართ არცერთხელ არ გამოთქმულა პრეტენზია, შენიშვნა ან გაფრთხილება, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელე კომპანიის ფიქციური დირექტორია და არ მონაწილეობდა კომპანიის მართვაში.
19. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ხანდაზმულობის საკითხი და მიიჩნია, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული. სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფაქტი, რომ მოსარჩელე, როგორც საწარმოს დირექტორი ინფორმირებული იყო დივიდენდის სახით კომპანიის მიერ თანხების გაცემისა და სადავო თანხების მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე. მოსარჩელემ საგადასახადო ორგანოებშიც აღიარა დივიდენდის მიღების ფაქტი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოხსენებითი ბარათებით, საგადასახადო შემოწმების აქტებითა და დეკლარაციებით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ამ თანხების მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში. შესაბამისად, 2015 წლის 5 მარტამდე (სარჩელი აღძრულია 2018 წლის 5 მარტს) გადარიცხული თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია.
მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. თუკი სასამართლო გამოიყენებდა სსკ-ის 892-ე მუხლს, დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისათვის უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 979-ე მუხლით, რადგან მოსარჩელე ფაქტობრივად ითხოვდა გათანაბრებას. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი მოპასუხის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია და მისი ამონაწერები, ადასტურებს, რომ თავად მოპასუხე, მითვისებულ თანხას აკონვერტირებდა აშშ დოლარში, დებდა ვადიან, სარგებლიან ანაბარზე, საიდანაც იღებდა შემოსავალს. ეს სარგებელი ექვემდებარება უპირობო დაბრუნებას.
21. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სახეზეა მოპასუხის დელიქტური ქმედება, გამოსაყენებელ ნორმებად მიუთითებს სსკ-ის 992-ე მუხლს და მიიჩნევს, რომ მისი ყველა წინაპირობა ვლინდება. შესაბამისად, სასამართლოს სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მოთხოვნაც უნდა დაეკმაყოფილებინა.
22. რაც შეეხება მე-13 ხელფასსა და პრემიას, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთებისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მომთხოვნი და თანხის მიმღები უნდა იყოს საწარმო და არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეს თანხაც მოსარჩელის დივიდენდი იყო. მართალია, ის დაბეგრილი იყო საშემოსავლო გადასახადით, რაც შეადგენდა გაცემული თანხების 20%-ს, თუმცა ეს ფაქტი არ ცვლის ვითარებას, რომ 16 000 ლარიც მოსარჩელეს უნდა მიეღო დივიდენდის სახით. ამასთან, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ ეს თანხა მოთხოვნილი იყო არასათანადო მოსარჩელის მიერ, უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 84-ე მუხლი და არასათანადო მოსარჩელე შეეცვალა სათანადოთი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
28. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის - 90 100 ლარისა და ამ თანხის ყოველწლიური სარგებლის 9%-ის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.
29. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი).
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება შედეგის განმაპირობებელი ოთხივე წინაპირობა. მართლსაწინააღმდეგო ქმედება - მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი 90 100 ლარის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვა; არსებობს მიზეზობრივი კავშირიც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, კერძოდ, მიღებული ზიანი მოპასუხის მოქმედების უშუალო შედეგია. მოპასუხის ბრალეულობაც აშკარაა, ვინაიდან, მან იცოდა, რომ საკუთარ ანგარიშზე გადარიცხული თანხა - 90 100 ლარი თავად არ ეკუთვნოდა, მოსარჩელის დივიდენდი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მართლსაწინააღმდეგოდ იმოქმედა.
31. პირველი კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მეორე კასატორი არასათანადო მოსარჩელეა. სადავო თანხა ჯერ კიდევ საწარმოს ეკუთვნოდა, რადგან პარტნიორს არ მიუღია წერილობითი გადაწყვეტილება წლიური მოგების დივიდენდის სახით გაცემის თაობაზე, რასაც მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა) და 58.3 (თუ სამეწარმეო საზოგადოებას ერთადერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ის ახორციელებს. ამგვარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება) მუხლები ავალდებულებდა.
32. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო თანხა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების თანახმად, უკვე მოსარჩელეს ეკუთვნოდა და არა - საწარმოს. ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს 58 მუხლი 2017 წელს დაემატა, შესაბამისად, სადავო პერიოდში კანონი ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორთა გადაწყვეტილების წერილობით ფორმას არ ადგენდა და ნორმას უკუძალა ვერ მიენიჭება.
33. დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია პირველი კასატორის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც, კერძოდ, ერთი მხრივ, კასატორი უთითებს, რომ მისი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, რადგან მოქმედებს პრეზუმფცია, რომ დირექტორის დავალებებს ასრულებდა და იგულისხმება, რომ ყველა მოქმედება, შეთანხმებული, ნებადართული ან/და მოწონებული იყო კომპანიის დირექტორის - მოსარჩელის მიერ, მეორე მხრივ კი, თავად აქარწყლებს ამ პრეზუმფციას და მიუთითებს, რომ მოსარჩელე კომპანიის ფიქციური დირექტორი იყო, არ მონაწილეობდა კომპანიის მართვაში და, შესაბამისად, არც დივიდენდი იყო მისი.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია. დელიქტური ვალდებულების ოთხივე წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
35. მოპასუხემ შესაგებელში მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზეც მიუთითა. დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 1008-ე მუხლით (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადა. პირველი კასატორის პრეტენზია უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისს. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1008-ე მუხლი განსხვავდება სსკ-ის 130.1 მუხლის (ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) შინაარსისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ვადის ათვლის წინაპირობად პირდაპირ განსაზღვრავს პოზიტიურ ცოდნასა და ბრალეულ არცოდნას („უნდა სცოდნოდა“), სსკ-ის 1008-ე მუხლი კი, მხოლოდ პოზიტიურ ცოდნაზე უთითებს და ვადის დაწყებას პირდაპირ უკავშირებს ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის მიღების დროს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაუკავშირა დროს, როდესაც მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგად (2017 წელს) რეალურად შეიტყო მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებების შესახებ. ამდენად, მოპასუხის შედავება, რომ მოსარჩელეს, როგორც საწარმოს დირექტორს, უფრო ადრე უნდა სცოდნოდა მოპასუხის მიერ სადავო თანხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ, არაარსებითია.
36. ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ დელიქტური სამართლის ნორმები მიიჩნია, თუმცა, თუკი სასამართლო დაადგენდა, რომ დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნა აღარ არსებობდა მისი ხანდაზმულობის გამო, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა მაინც განხორციელებადი იქნებოდა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ითვალისწინებს როგორც დელიქტური სამართლის, ისე - უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები. მოთხოვნის საფუძვლის შერჩევისას გასათვალისწინებელია იმ მხარის სამართლებრივი ინტერესი, რომლის უფლების დაცვასაც ემსახურება სამართლებრივი საფუძვლის შერჩევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, სადავო შემთხვევის მარეგულირებელი მოთხოვნის ყველა საფუძველი გამოსაყენებელ ნორმათა უპირატესობის გათვალისწინებითა და მათი ერთგვარი რიგითობის მიხედვით შეამოწმოს. ვინაიდან, კონდიქციიდან გამომდინარე მოთხოვნები სუბსიდიური ხასიათისაა, ისინი ბოლოს მოწმდება, კერძოდ, თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით სარჩელი წარუმატებელი იქნება, დამატებით მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი საფუძვლიანობა კონდიქციური სამართლის ნორმების შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-201-201-2018; 8 ოქტომბერი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ხელყოფის კონდიქციის ნორმებითაც (კერძოდ - სსკ-ის 982-ე მუხლით), რომელიც ერთგვარ „შევსებას“ წარმოადგენს დელიქტური სამართლისათვის (დაწვრილებით სსკ-ის 992-ე და 982-ე მუხლების შედარებისათვის იხ. ჰაინრიხ შნიტგერი/ლია შატბერაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 982, ველი 1, ელ.მისამართი - gccc.ge), მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოთხოვნა წარმატებული იქნებოდა. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიმართ კი, გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი (ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისათვის, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას (შდრ. სუსგ №ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).
37. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას: „სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც მხარემ განიცადა. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირი კავშირი გულისმობს მოვლენების, მოქმედებისა და შედეგის იმ ლოგიკური ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15 წ.; №ას-1843-2018, 5.03.2019წ.; №ას-54-54-2018, 13.02. 2018 წ.). პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებას არ უნდა მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ უშუალოდ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამოწვეული ზიანის ოდენობა. პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, არ იკვეთებოდა.
38. რაც შეეხება მოპასუხის მიერ ე.წ. მე-13 ხელფასისა და პრემიის სახით მიღებულ 16 000 ლარს, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს მეორე კასატორის არგუმენტს, რომ არსებობდა ამ თანხის მოსარჩელის დივიდენდად მიჩნევის საფუძველი. მოსარჩელემ ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა, რომ 16 000 ლარი მოსარჩელის კუთვნილი თანხა იყო და არა - საწარმოსა და მოპასუხის შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დასაქმებულის მიერ მიღებული ანაზღაურება (დანამატი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი არ არის.
39. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პირველ კასატორს დაუბრუნდება 4505 ლარის 70% - 3153.5 ლარი, ხოლო მეორე კასატორს - 3112.10 ლარის 70% -2178.47 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ისა და ე. ზ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. გ. ს-ს (პ/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს ი. ა-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4505 ლარის (საგადასახადო დავალება -/გადახდის თარიღი 19.07.2021), 70% - 3153.5 ლარი;
3. ე. ზ-ლს (პ/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს შ. ი-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3112.10 ლარის (საგადახდო დავალება-/გადახდის თარიღი 19.07.2021), 70% - 2178.47 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე