საქმე №ას-1797-2019 12 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ. ხ-ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ა. ხ-ნი, ი. ხ-ნი, ვ. ხ-ნი (მოსარჩელის უფლებამონაცვლეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ხ-მა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ხ-ის (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 26 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 26 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
4. 2020 წლის 27 მაისს დასაშვებობის საკითხის განხილვამდე, სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე 2020 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 ივნისის განჩინებით, განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განჩინებით, ა. ხ-ნი, ი. ხ-ნი და წინამდებარე საქმის მოპასუხე (კასატორი), ცნობილ იქნენ მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უფლებამონაცვლეებად და წარმოება წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე განახლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე საქმისწარმოება ნაწილობრივ უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.
10. დავის საგნის არარსებობის საფუძვლის სწორად გაგებისა და გამოყენებისათვის ამოსავალი უნდა იყოს თავად საქმის წარმოების შეწყვეტის ინსტიტუტის არსი, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საქმის დამთავრების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. დავის საგანში საპროცესო ნორმა გულისხმობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას, რომელსაც განიხილავს სასამართლო. მაგალითად, როცა შვილი ედავება მამას გარკვეულ ქონებას (ან პირიქით) და მამა გარდაიცვლება, რომლის მთელ ქონებასაც მემკვიდრეობით იღებს ერთადერთი მემკვიდრე - შვილი, ასეთ შემთხვევაში, ადგილი აქვს კრედიტორისა და მოვალის ერთ პირში შერწყმას და შესაბამისად, საქმეც უნდა შეწყდეს (დაწვრილებით იხ.: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი. მეორე გამოცემა. თბილისი 2015, გვ. 459).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს დავის საგნის არსებობას (მაგ: ვალდებულების შეწყვეტის წესები, იხ. სკ-ის 427-ე და შემდგომი ნორმები) (სუსგ. №ას-1299-2018 , 29 ნოემბერი, 2019 წელი)
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. იმ სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელსაც სსკ-ის 452-ე მუხლი ეფუძნება კონფუზია ეწოდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოთხოვნის უფლებაც და შესრულების ვალდებულებაც ერთი და იმავე პირის ხელში აღმოჩნდება.
13. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე), რომელსაც შვილის (მოპასუხის) წინააღმდეგ აღძრული ჰქონდა სარჩელი, თანხის - 26 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით გარდაიცვალა და სსსკ-ის 92-ე მუხლის პირელი ნაწილის საფუძველზე, მის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები - წინამდებარე საქმის მოპასუხე (კასატორი) და ა. და ი. ხ-ები. უდავოა, რომ მოპასუხემ როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა) მოსარჩელის სამკვიდრო ქონებიდან 1/3 წილი მიიღო, ხოლო ა. და ი. ხ-ბმა, სამკვიდრო ქონებიდან 2/3 წილი. მემკვიდრეებმა მიიღეს სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებიც მათი არსებობის შემთხვევაში და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ.
14. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს 26 000 აშშ დოლარი და საკასაციო პალატის შეფასების საგანიც, სწორედ მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული თანხის დაკისრების კანონიერება წარმოადგენს. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, გარდაცვლილი მოსარჩლის ერთ-ერთ უფლებამონაცვლე სწორედ მოპასუხე გახდა და რამდენადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სამკვიდრო ქონებიდან 1/3 წილი, სადავო თანხის (26 000 აშშ დოლარის) მესამედ ნაწილზე იგი წარმოდეგნს როგორც შესრულების მოთხოვნის უფლების მქონე პირს, ასევე - შესრულების ვალდებულების მქონე პირსაც, ასეთ ვითარებაში კი, სსკ-ის 425-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება) ვლინდება, რისი გათვალისწინებითაც, 26 000 აშშ დოლარის მესამედ ნაწილზე - 8666.7 აშშ დოლარზე სახეზეა სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი, 273-ე, 283-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს საქმის წარმოება რ. ხ-ის (უფლებამონაცვლეები - ი. ხ-ნი, ი. ხ-ნი, ვ. ხ-ნი) სარჩელზე ვ. ხ-ის მიმართ, თანხის - 8666.7 აშშ დოლარის ვ. ხ-თვის დაკისრების ნაწილში;
2. ვ. ხ-ვის 8666.7 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ზურაბ ძლიერიშვილი