ას-1170-2021
16 მარტი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. შ-ძე, თ. ჩ-ძე, ბ. ბ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჯ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ჯ-მა (შემდგომში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ ბ. ბ-ის, გ. შ-სა და თ. ჩ-ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. ჭიათურაში, --- ქუჩა N…-ში მდებარე შენობა ..-ის ნაწილი 301.8 კვ.მ. უძრავი ქონების (ს/კ …. შენობა ..-ის ნაწილი 301.8 კვ.მ) გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უძრავი ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, ზიანის ანაზღაურების სახით 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე 2550 (3X850) ლარისა და პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 850 ლარის 0.1%-ის ოდენობით, 92 დღეზე 78.20 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
1.2. 2019 წლის სექტემბრის თვეში მოსარჩელემ შპს „მ-ან“ შეიძინა ქ. ჭიათურაში, --- ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა ..-ის ნაწილი 301.8 კვ.მ., შენობა ..-101.8 კვ.მ. აღნიშნული შენობის შესყიდვამდე, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მუშაობდნენ ი/მ ბ. ბ-ე და მასთან ერთად, გ. შ-ძე და თ. ჩ-ძე. ასრულებდნენ საზეინკლო და სახარატო სამუშაოებს და შენობის შესყიდვის შემდგომ მოსარჩელესთან გაგრძელდა თანამშრომლობა.
1.3. 2019 წლის 8 სექტემბერს, მოსარჩელესა და ი/მ ბ. ბ-ეს შორის (გ. შ-ძე და თ. ჩ-ძე ი/მ ბ. ბ-თან ერთად საქმიანობდნენ) წერილობით გაფორმდა ქონების იჯარის ფორმით გაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ჭიათურაში, --- ქუჩა N..-ში მდებარე 301.8 კვ.მ. ფართის შენობა. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 500 ლარს, რომლის გადახდის ვადა იყო ყოველი თვის 30 რიცხვამდე. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება კომუნალური გადასახადების გადახდაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით, ხოლო აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ მხარეებს უნდა დაედოთ ახალი ხელშეკრულება.
1.4. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხეებს განემარტათ, რომ საიჯარო ქირა 500 ლარი წარმოადგენდა იჯარით გაცემული ფართისათვის მცირე თანხას და ახალი ხელშეკრულების დადებისას საიჯარო ქირის ოდენობა გაიზრდებოდა. მოპასუხემ თებერვლის თვის საიჯარო ქირა გადაიხადა 2020 წლის 6 მარტს, მარტის თვის დასაწყისში კი ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო. მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა განახლებული საიჯარო ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრებოდა 850 ლარით. მოიჯარე უფლებამოსილი იქნებოდა საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში შეეწყვიტა მოიჯარისათვის ელექტროენერგიის მიწოდება და მოეთხოვა ქონების დაბრუნება.
1.5. ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების გამო 2020 წლის 20 მარტიდან მუშაობა შეჩერდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, მოპასუხეებს წარედგინათ წერილობითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად დადგინდა 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი, საიჯარო ქირის ოდენობა კი განისაზღვრა 850 ლარით. მოპასუხეებმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის მიუხედავად, გააგრძელეს აღნიშნულ ფართში მუშაობა. მოპასუხემ გატეხა ელექტროენერგიისათვის განკუთვნილი კარადა, რომელიც ჩაკეტილი იყო და განაგრძო მუშაობა.
1.6. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითეს, რომ სარჩელს ცნობდნენ 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე, ყოველთვიურად თითოეულის მიერ და არა სოლიდარულად 170 ლარის დაკისრების ნაწილში, ასევე სადავო ფართის გამოთავისუფლებამდე, 2020 წლის 1 ნოემბრიდან ყოველთვიურად 700 ლარის თანაბარწილად გადახდის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ხელშეკრულება დაიდო უვადოდ.
1.7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ჭიათურაში, --- ქუჩა N.., შენობა .-ის ნაწილი 301 კვ.მ. ს/კ --- და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა; მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 1671 (საიდანაც 1550 ლარი შეადგენს საიჯარო ქირას, ხოლო 121 ლარი პირგასამტეხლოს) ლარის თანაბარწილად გადახდა, 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქონების განთავისუფლებამდე, 2020 წლის 01 ნოემბრიდან დაეკისრათ, ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა თანაბარწილად.
1.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ჭიათურა, --- ქუჩა N..-ში მდებარე შენობა .-ის ნაწილი 301 კვ.მ. ს/კ --- უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მომართვა N…., დამოწმების თარიღი: 30.08.2010 წელი, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო.
2.2. მოპასუხეებმა დაადასტურეს აღნიშნული ფართის ფლობის ფაქტი, ასევე დადგენილია ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხეების სამუშაო ხელსაწყოებზე მოსარჩელეს პრეტენზია არ გააჩნდა.
2.3. 2019 წლის 8 სექტემბერს, მოსარჩელესა და ი/მ ბ. ბ-ეს შორის, მოსარჩელის კუთვნილ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენდა 500 ლარს, გადახდის თარიღად კი განსაზღვრული იყო ყოველი თვის 30 რიცხვამდე პერიოდი. აღნიშნული ხელშეკრულებით, მეიჯარე უფლებამოსილი იყო ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის დადგენილი საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნაზე, ასევე პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნაზე 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით, 2020 წლის 01 მარტამდე. მოპასუხე მხარემ თებერვლის თვის საიჯარო ქირა გადაიხადა 2020 წლის 6 მარტს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მეიჯარე უფლებამოსილი იყო დამატებითი იჯარის გადაუხდელობის შემთხვევაში შეეწყვიტა მოიჯარისათვის ელექტროენერგიის მიწოდება და მოეთხოვა ქონების დაბრუნება.
2.4. ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების გამო 2020 წლის 20 მარტიდან მუშაობა შეჩერდა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, მოპასუხეებს წარედგინათ წერილობითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად დადგინდა 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი, საიჯარო ქირის ოდენობა კი განისაზღვრა 850 ლარით. მოპასუხეებმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის მიუხედავად, გააგრძელეს აღნიშნულ ფართში მუშაობა 2020 წლის პირველი ივნისიდან.
2.5. მოსარჩელემ 11 ივნისს მიმართა მოპასუხეებს ფართის გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხეები კვლავ ფლობენ ფართს და იხდიდნენ ქირას თანაბარწილად. სოლიდარული ვალდებულების რაიმე მტკიცებულებითი საფუძველი საქმეში წარმოდგენილი არ იყო. საქმეში წარმოდგენილი არ იყო დამოუკიდებელი პირის მიერ დაანგარიშებული ქირის ფასი მიყენებული ზიანის შესაფასებლად. ქირის ფასი განსაზღვრული იყო მხოლოდ მხარეთა განმარტებით. მოსარჩელე ითხოვდა 850 ლარს თვეში, ხოლო მოპასუხეები ადასტურებენ 1 ივნისიდან 31 ოქტომბრამდე თითოეულის მიერ 170 ლარის გადახდის სურვილს. 2020 წლის 31 ოქტომბრიდან კი თანაბარწილად 700 ლარის გადახდის შესაძლებლობას ფართის გათავისუფლებამდე. ამასთან, მოპასუხეებს 2020 წლის 1 ივნისიდან 2002 წლის 31 ოქტომბრამდე გადახდილი ჰქონდათ 1000 ლარი, რასაც ასევე ადასტურებდა მოსარჩელე.
2.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა/შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითა, რომ ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში და ქირის დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარს ამბობდა.
2.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების, ასევე მოპასუხეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 1550 ლარის დაკისრების, ხოლო 2020 წლის 01 ნოემბრიდან უძრავი ქონების განთავისუფლებამდე ყოველთვიურად 700 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
2.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით, მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. შესაბამისად, იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ტიპის ხელშეკრულებაა.
2.9. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა იჯარის ხელშეკრულების პირობები და მასში გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხეებს უძრავი ქონების ფლობის/სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნდათ, მათ მაინც განაგრძეს აღნიშნული ქონების ფლობა და სარგებლობა.
2.10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
2.11. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტები ვალდებული იყვნენ, დაებრუნებინათ მესაკუთრისათვის კუთვნილი ნივთი.
2.12. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტები წარმოადენდნენ უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელებს, რომელთა მიერაც ა. ჯ-ის საკუთრებად სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის კანონიერება არ გასაჩივრებულა.
2.13. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტებმა ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. შესაბამისად, სახეზე იყო 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების შესახებ.
2.14. რაც შეეხება საიჯარო ქირის გადახდას, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის.
2.15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოპასუხეები იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ფლობდნენ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, რისთვისაც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ 2020 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 3250 ლარის დაკისრება (ყოველთვიურად საიჯარო ქირის 850 ლარის ოდენობით და მოპასუხეების მიერ გადახდილი 1000 ლარის გამოკლებით), ხოლო 2020 წლის 01 ნოემბრიდან უძრავი ქონების განთავისუფლებამდე ყოველთვიურად 850 ლარის ოდენობით.
2.16. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობაზე, 2020 წლის 01 ნოემბრიდან 700 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და სარჩელის ცნობაზე 2020 წლის 10 ნოემბრის მთავარ სხდომაზე 2020 წლის 01 ივნისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, თითოეული მოპასუხის მიერ 170 ლარის ოდენობით თანხის გადახდის ნაწილში. პალატის მითითებით, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა, გამორიცხავდა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. კასატორების მითითებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ნივთის გამოთხოვის აუცილებლობა, მითუმეტეს, რომ იკვეთებოდა მოსარჩელის უპირატესი ინტერესი გაზრდილ საიჯარო ქირაზე. კასატორების მიერ გაზრდილი საიჯარო ქირის გადახდაზე დათანხმების შემოდგომ კი დავის საგანი აღარ უნდა ყოფილიყო ნივთის გამოთხოვა, როგორც მთავარი მოთხოვნის აქსესორული მოთხოვნა.
3.2. კასატორები ასევე მიიჩნევენ, რომ ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ ფართში, შეძენილი აქვთ საჭირო ჩარხი-დანადგარები, რომლითაც ახორციელებენ ყოველდღიურ საქმიანობას. ამასათან, 2013 წლიდან მხარეებს შორის არსებობდა უვადო საიჯარო ხელშეკრულებები, ხოლო მოსარჩელის მხრიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაყენება წარმოადგენს მისი, როგორც მესაკუთრის უფლების ბოროტად გამოყენებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა.
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
12. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
17. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეები ფლობენს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.
20. საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორები მიუთითებენ, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობდნენ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორების მითითებას, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლებას ბოროტად იყენებს.
21. რაც შეეხება კასატორების მითითებას, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის აქცესორულ ხასიათზე, ვინაიდან, მოსარჩელის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა გაზრდილი საიჯარო ქირის მიღება, საკასაციო პალატა მიუთითებს, სსკ-ის 153-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, წარმოადგენს დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას და საიჯარო ქირის დაკისრებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით თ. ჩ-ის მიერ 2021 წლის 11 ოქტომბერს №---- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ-ის, თ. ჩ-სა და ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. გ. შ-ეს (----), თ. ჩ-ესა (---) და ბ. ბ-ეს (---) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N----, გადახდის თარიღი 11.10.2021) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე