8 ივნისი, 2022 წელი,
საქმე №ას-641-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - შპს „შ-დი“ (მოსარჩელე)
II კასატორი - სს „სადაზღვევო კომპანია ---- ---“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, საქმეზე ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილების მიღება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 27 ივლისს, სს „სადაზღვევო კომპანია --- ---“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი, მზღვეველი) და შპს „შ-დს“ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი კასატორი, დამზღვევი, მოსარჩელე საწარმო ან საწარმო) შორის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება ან დაზღვევის ხელშეკრულება) 1 წლის ვადით დაიდო.
2. ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ------ N…-ში მდებარე ქონება (შემდეგში - დაზღვევის საგანი).
3. დაზღვევის ხელშეკრულების 3.7 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად იმავე პერიოდით გაგრძელდებოდა, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე მის შეწყვეტაზე წერილობით არ განაცხადებდა.
4 დამზღვევს პრემია ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა. ამასთან, განვადებით გადახდის შემთხვევაში, პრემიის პირველი შენატანი უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოსი, ხოლო შემდგომ - ყოველი თვის არაუგვიანეს პირველი რიცხვისა.
ხელშეკრულების 3.5.1 პუნქტის შესაბამისად, თუ პრემიის გადახდის ვალდებულება დაირღვეოდა, კერძოდ, პრემია და/ან მისი ნაწილი დროულად ან დადგენილი ოდენობით არ იქნებოდა გადახდილი, მზღვეველი დამატებითი წერილობითი შეტყობინების გარეშე, 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, ნაკისრი მოვალეობის შესრულებისგან თავისუფლდებოდა.
5. ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის პირობებით ნაკისრი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში,
დამზღვევი უფლებამოსილი იყო, მზღვეველისაგან წერილობით პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვა, გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების 0.20%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მზღვეველს ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებდა. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შესაბამის წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან დაიწყებოდა.
6. მოსარჩელე სადაზღვევო პრემიას ყოველთვიურად იხდიდა. ამასთან, გადახდები სრულდებოდა ყოველი თვის დასაწყისში, რიგ შემთხვევებში - თვის პირველი რიცხვის მომდევნო დღეებში.
7. 2017 წლის 22 ივლისს, მზღვეველის წარმომადგენელმა ე.შავშიშვილმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელს და შეახსენა, რომ ივლისის ბოლოს მოსარჩელეს ქონების დაზღვევის განახლება უწევდა და სთხოვა, მომდევნო კვირისათვის მიეწერა, თუ სად შეიძლებოდა შეხვედრა. ამავე მიწერილობით მზღვეველის წარმომადგენელმა მოსარჩელის წარმომადგენელს შესთავაზა ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.
8. 2017 წლის 2 აგვისტოს, მოსარჩელე საწარმოს ეზოს ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, როდესაც დაზიანდა საწარმოს ეზოში განთავსებული ნედლეული მასალა (დაიწვა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარია), მზა პროდუქცია, შენობა-ნაგებობა და ძირითადი საშუალებები.
9. სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ, 2017 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელემ სადაზღვევო პრემია გადაიხადა 2016 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით.
10. 2017 წლის 4 აგვისტოს, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე და შესაბამისი სადაზღვევო ანაზღაურების მიღება მოითხოვა.
11. 2017 წლის 7 აგვისტოს, მოპასუხემ 2017 წლის 3 აგვისტოს მიღებული სადაზღვევო პრემია დააბრუნა, როგორც შეცდომით ჩარიცხული თანხა.
12. 2017 წლის 11 აგვისტოს, სადაზღვევო პრემია -1 500 ლარი, მოსარჩელემ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა და ამ გზით მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.
13. მზღვეველის 2017 წლის 10 აგვისტოს წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 2017 წლის 2 აგვისტოს არ არსებობდა მხარეთა მიერ ხელმოწერილი სადაზღვევო პოლისი, ანუ საბოლოოდ არ იყო შეთანხმებული კონკრეტული ქონების დაზღვევის პირობები, სადაზღვევო კომპანია შესაძლებლობას იყო მოკლებული, განეხილა ზარალის ანაზღაურების საკითხი.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარე სასაწყობე ფართზე ხანძრის გაჩენა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ელექტროსადენების მოკლე ჩართვასთან, რასაც მოჰყვა სპირტის ორთქლის სწრაფი აალება.
15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის საწარმოს ეზოში განთავსებული ნედლეული დაზიანებულია - დამწვარია, გამოუსადეგარია შემდგომი ექსპლუატაციისათვის - ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის მთლიანმა ღირებულებამ ექსპერტიზის ჩატარების ეტაპისათვის შეადგინა 443 475.34 ლარი.
ამავე დასკვნის შესაბამისად, საწარმოს საწყობში განთავსებული მზა პროდუქცია სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტის შესაფუთი მასალები, ეტიკეტები, ხანძრის შედეგად დაზიანებულია - დაბინძურებულია, ნაწილობრივ დასველებულია, გამოუსადეგარია შემდგომი ექსპლუატაციისათვის - ხანძრით მიყენებული ზარალის მთლიანმა ღირებულებამ ექსპერტიზის ჩატარების ეტაპისათვის 166 081.98 ლარი შეადგინა.
დასკვნის თანახმად, საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ნაწილი: აპარატი დისტილაციისათვის და სამი ცალი კონტეინერი, ხანძრის შედეგად დაზიანებულია - ნაწილობრივ დამწვარია, გამოუსადეგარია შემდგომი ექსპლუატაციისათვის და შეფასდა, როგორც შავი ლითონის ჯართი, რომელთა მთლიანი ღირებულება 3 870 ლარია.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 ნოემბრის დასკვნის შესაბამისად, შენობა-ნაგებობაში ხანძრის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 239 766.64 ლარს შეადგენდა.
16. 2017 წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ძირითადი საშუალებების (აპარატი დისტილაციისთვის და სამი ცალი კონტეინერი) დაზიანების გამო მიყენებული ზიანი 20 600 ლარს შეადგენდა.
17. 2017 წლის 2 აგვისტოს მომხდარ სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე თნხის ანაზღაურების მოთხოვნით დამზღვევმა მზღვეველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მისი შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო ანაზღაურების თანხის - 825 077 ლარის გადახდა;
- გარდა ამისა, მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, სადაზღვევო ანაზღაურების თანხის (825 077 ლარი) გადახდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.008%, 2018 წლის 8 იანვრიდან თანხის სრულად გადახდამდე.
20.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი:
20.1.1. მხარეთა შორის სადავო იყო სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებდა სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების მოქმედების 1-წლიანი ვადა გასული იყო. ამის საწინააღმდეგოდ მოსარჩელემ მიუთითა დაზღვევის ხელშეკრულების 3.7 პუნქტზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტასთან მიმართებით მხარეებს მისი ვადის გასვლამდე წერილობითი ფორმით ნება არ გამოუხატავთ.
20.1.2. მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედიოდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდებოდა 1 წლის გასვლის შემდეგ, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს რომელიმე მხარე არ გამოავლენდა. მოსარჩელე მხარის მტკიცება დასტურდებოდა თავად ხელშეკრულების ტექსტითა და წერილობითი ფორმით მხარეთა მიერ ხელშეკრულების 3.7 პუნქტში გამოვლენილი ნებით. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების ჩანაწერის გაბათილება და მხარეთა მიერ განსხვავებული ნების გამოვლენის არსებობის დადასტურება.
ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა მოსარჩელის წარმომადგენელს ხელშეკრულების მოქმედების განახლება შესთავაზა, ვერ მიიჩნეოდა ხელშეკრულების 3.7 პუნქტით გათვალისწინებული პირობის ამოქმედების გაქარწყლებად, რამეთუ ცალსახა იყო შეთანხმების საგანი, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ყველა შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელდებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ გამოხატავდა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის სურვილს, რაც არ ვლინდებოდა.
20.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ იმაზე შედავება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა კონკრეტულად სადაზღვევო პოლისით იყო განსაზღვრული და ვადის გაგრძელებასთან მიმართებით სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში მოცემული დათქმით მხარეს არ უნდა ეხელმძღვანელა, ვინაიდან სადაზღვევო პოლისი 1 წლის ვადით გაიცა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით შეთანხმებული არსებითი პირობები. განსახილველ შემთხვევაში, სადაზღვევო პოლისითა და სადაზღვევო ხელშეკრულებით ურთიერთწინააღმდეგობრივი ჩანაწერი არ იყო გათვალისწინებული, არამედ ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების 1-წლიანი ვადა იყო მითითებული, ხოლო ხელშეკრულების 3.7 პუნქტი დამატებით შეიცავდა სადაზღვევო მომსახურების მოქმედების ვადის გაგრძელების ავტომატურ პირობას, რაც პოლისში გაწერილი არ ყოფილა. ამდენად, სადაზღვევო პოლისზე აპელირება დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა ნება გამოავლინეს გარიგების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან მიმართებით.
20.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო იყო, რომ მოსარჩელემ სადაზღვევო პრემია - არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში, თვის პირველ რიცხვში, არამედ 2017 წლის 3 აგვისტოს გადაიხადა. ამასთან, საყურადღებო იყო, რომ მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობის მანძილზე პრემიას მოსარჩელე ყოველთვიურად ვადის გადაცილებით იხდიდა, რაც ემყარებოდა კანონისა და ხელშეკრულების 3.5.1 პუნქტის ჩანაწერს, რომელიც დამზღვევს აღჭურვავდა 2-კვირიანი შუალედით, რა დროის გასვლის შემდეგაც, გადაუხდელობის პირობებში, მზღვეველი ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებისგან თავისუფლდებოდა, თუმცა ორკვირიანი ვადა არ დარღვეულა. ამდენად, უსაფუძვლო იყო პრეტენზია, სადაზღვევო შენატანის დროული გადაუხდელობის საფუძვლით სადაზღვევო ანაზღაურების გაუცემლობასთან მიმართებით.
20.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ანაზღაურების ვალდებულებას არ გამორიცხავდა არც ის გარემოება, რომ მოსარჩელემ პრემია სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ გადაიხადა, რადგან 2017 წლის 27 ივლისიდან დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდა. ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით მხარეებს სხვაგვარი ნება არ გამოუვლენიათ.
ხსენებული გარემოებების ერთობლივად შეფასების ჭრილში სააპელაციო სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელის პოზიციის გაზიარება, რადგან ხელშეკრულების მოქმედების პირობებში, 2 დღის ვადაგადაცილებით პრემიის გადახდა არ შეიძლებოდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო; მაშინ, როდესაც მხარე ყოველთვიურად ასრულებდა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებას და რიგ შემთხვევებში გარკვეული დღეების გადაცილებით, რაც ხელშეკრულების წინა პერიოდზე არ გამხდარა მზღვეველის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის საფუძველი და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მითითებული მცირე ვადაგადაცილება მისაღები იყო სადაზღვევო კომპანიისათვის.
20.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი ჯამურად 869 923.96 ლარს შეადგენდა. სადაზღვევო კომპანია არ ეთანხმებდა მითითებული ოდენობით ზიანის ფაქტს, თუმცა საპირისპირო მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნის სახით არ წარუდგენია. მხოლოდ მხარის განმარტებით იმ გარემოების დადასტურება კი, რაც ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგენილიყო, საკმარისი არ იყო. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილ სადაზღვევო ანაზღაურების თანხას (869 923.96 ლარს) უნდა გამოჰკლებოდა 5% ფრანშიზა (44 846 ლარი), რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების თანხა 825 077 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
20.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, მზღვეველის მიერ დაზღვევის პირობებით ნაკისრი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევისას, დამზღვევი უფლებამოსილი იყო, წერილობით მოეთხოვა მზღვეველისაგან პირგასამტეხლოს გადახდა, გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების 0.20%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მზღვეველს ნაკისრი ძირითადი ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებდა. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა შესაბამის წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან დაიწყებოდა.
20.7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და ვალდებულების მოცულობიდან, ასევე, პირგასამტეხლოს მზარდი ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დამატებით 0.008%-მდე შემცირება. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 2018 წლის 8 იანვრიდან სადაზღვევო ანაზღაურების თანხის (825 077 ლარის) გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.008%.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
21.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, პირგასამტეხლოს ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს შემდეგნაირად დაკისრება: სადაზღვევო ანაზღაურების თანხის (825 077 ლარი) გადახდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.04%, 2018 წლის 8 იანვრიდან თანხის სრულად გადახდამდე.
ხსენებული საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 420-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთისაა, დღეში იგი 66 ლარს შეადგენს. არაადეკვატურობისა და კრედიტორის ინტერესთან არაპროპორციულობის გამო, ასეთი მცირე მოცულობის თანხა კრედიტორის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებად ვერ გამოდგება.
- პირგასამტეხლოს 0.008%-მდე შემცირება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე არათუ აიძულებს, არამედ ახალისებს - უკიდურეს მომენტამდე გააჭიანუროს ვალდებულების შესრულება. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ანაბრებზე კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი წლიურად 12%-მდეა, რაც ყოველთვიურად 1%-ია, ხოლო ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.0333333. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების თანხის (825 077 ლარის) საბანკო ანგარიშზე შეტანის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი დღეში 275 ლარის სარგებელს მიიღებს, რაც მოვალის ხარჯზე კრედიტორს ეკონომიკურად მომგებიან გარემოს უქმნის. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს პირობებში კი, სადაზღვევო კომპანიას ევალება ყოველდღიურად 66 ლარის (209 ლარით ნაკლები), ხოლო ყოველთვიურად 1 980 ლარის (6 270 ლარით ნაკლები) გადახდა. აქედან გამომდინარე, ნათელია, სასამართლოს მიერ, თუ რამდენად შეუსაბამოდაა შემცირებული პირგასამტეხლო.
21.2. მოპასუხე საკასაციო საჩივრით მოითხოვს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი დასაბუთებით:
- სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 799.1 მუხლი. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 317-ე, 319-ე და 327-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა.
- მოცემულ შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეათანხმეს დაზღვევის პირობები, მათ შორის, დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა. მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევისას ხელშეკრულების ვადა გასული იყო, ხოლო ახალი ხელშეკრულება მხარეებმა შეუთანხმებლობის გამო ვერ დადეს.
- ხელშეკრულების ვადის განახლებაზე მოსარჩელის მიერ დასახელებული არგუმენტის გაზიარების პირობებშიც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სსკ-ის 816-ე მუხლის მიხედვით, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
- ამდენად, მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
23. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად დაკმაყოფილდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის მოპასუხის (მზღვეველის) მიერ ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის (დამზღვევის) მოთხოვნა (მოპასუხის (მზღვეველის) საკასაციო საჩივრის დავის საგანი). ამავე დროს, საკასაციო პალატის მიერ განსახილველია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის კანონიერებაც, რომლითაც მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გადასახდელი თანხის (825 077 ლარის) 0.008%-ით განისაზღვრა (მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დავის საგანი).
25. სარჩელის განსახილველი მოთხოვნა სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით), 823-ე (სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი) და 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლებიდან გამომდინარეობს.
სსკ-ის 799.1 მუხლით დადგენილია მზღვეველის ვალდებულება - აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ის ზიანი, რომელიც ხელშეკრულების პირობების მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება.
26. განსახილველი სადაზღვევო შემთხვევის შინაარსი ასეთია: 2017 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა ხანძარი, რა დროსაც დაზიანდა ეზოში განლაგებული ნედლეული მასალა, მზა პროდუქცია, შენობა-ნაგებობა და ძირითადი საშუალებები.
ზემომითითებული ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის უარი იმითაა დასაბუთებული, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევა ხელშეკრულების მოქმედების 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ წარმოიშვა. ხსენებული პოზიციის საპირისპიროდ, მოსარჩელემ, ამავე ხელშეკრულების 3.7 პუნქტზე მიუთითა და განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულია, რადგან მხარეებს გარიგების ვადის გასვლამდე წერილობით ნება არ გამოუხატავთ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტასთან მიმართებით.
27. ამდენად, მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: გაგრძელდა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად, რაც დამზღვევს სადაზღვევო თანხის მზღვეველისათვის მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა. ამ გარემოების დამტკიცება მოსარჩელის მტკიცების ტვირთს განეკუთვნება, გამომდინარე სსსკ-ის 102.1 (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და 4.1 მუხლებიდან (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები).
27.1. პალატის განსჯით, მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთი წარმატებით დაძლია. აღნიშნულს ნათლად ადასტურებს დაზღვევის ხელშეკრულების 3.7 პუნქტის შემდეგი დანაწესი: წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება იმავე პერიოდით, თუ რომელიმე მხარემ წერილობითი ფორმით არ განაცხადა მისი შეწყვეტის სურვილი, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე.
დასახელებული პუნქტი იმის მაუწყებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტაზე რომელიმე მხარის წერილობითი ფორმით გაცხადებული უარის არარსებობის პირობებში, დაზღვევის ხელშეკრულება მხარეთა შორის ავტომატურად გაგრძელებულად მიიჩნვა.
27.2. პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ზემომითითებული ჩანაწერის გაბათილება მოპასუხემ (კასატორი) ვერ შეძლო, მან ვერ დაადასტურა მხარეთა შორის განსხვავებული ნების გამოვლენის ფაქტი. ასეთად ვერ ჩაითვლება 2017 წლის 22 ივლისის ელექტრონული მიმოწერა და მზღვეველის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ განახლებული პირობებით დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებასთან მიმართებით მხარეები ვერ შეთანხმდნენ; კერძოდ, სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებაზე მოსარჩელეს თანხმობა არ გამოუხატავს, რის გამოც 2017 წლის 27 ივლისიდან დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა.
ხსენებული პრეტენზიის საპასუხოდ სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მიერ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების მოქმედების განახლების შეთავაზება ხელს არ უშლის ამავე ხელშეკრულების 3.7 პუნქტის ამოქმედებას.
მითითებული პუნქტის შინაარსიდან კი ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ყველა შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელდებოდა. დასახელებული პირობის გამონაკლისი მხოლოდ მაშინ გამოიკვეთებოდა, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის სურვილს წერილობით გამოხატავდა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
27.3. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების გამოსარიცხად მოპასუხის ვერც ის არგუმენტი ვერ გამოდგება, რომ ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტული ვადა სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა და მხოლოდ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით მისი მოქმედების ავტომატურად გაგრძელება გაუმართლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, სადაზღვევო პოლისშიც და დაზღვევის ხელშეკრულებაშიც,გარიგების მოქმედების ვადა 1 წლითაა განსაზღვრული, ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების 3.7 პუნქტში დამატებით წარმოდგენილია დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების ავტომატური პირობა, რაც პოლისში მითითებული არ არის. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ნება სწორედ ხელშეკრულების ფარგლებშია გამოვლენილი, რაც სადაზღვევო პოლისთან მიმართებით მოპასუხის პრეტენზიას აცლის საფუძველს.
27.4. სარჩელისგან თავდასაცავად მოპასუხემ კიდევ ერთი შედავება წარმოადგინა, კერძოდ, მან განმარტა, რომ დამზღვევს სადაზღვევო პრემია დადგენილ ვადაში არ გადაუხდია, რის გამოც სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საფუძველი ამ მიზეზითაც არ არსებობდა. მზღვეველის ხსენებულ პრეტენზიას პალატა ასევე ვერ გაიზიარებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს. მოცემული პრეტენზიის შეფასებისას რამდენიმე გარემოებაა საყურადღებო, კერძოდ:
- დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, დამზღვევს პრემიის გადახდა გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად უნდა შეესრულებინა; განვადებით გადახდის შემთხვევაში, პრემიის პირველი შენატანის გადახდა უნდა შესრულებულიყო არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტოსი, ხოლო შემდგომ - ყოველი თვის არაუგვიანეს პირველი რიცხვისა; ხელშეკრულების 3.5.1 პუნქტის შესაბამისად, თუ დაირღვეოდა პრემიის გადახდის ვალდებულება (პრემია და/ან მისი ნაწილი დროულად ან დადგენილი ოდენობით არ იქნა გადახდილი) მზღვეველი დამატებითი წერილობითი შეტყობინების გარეშე, 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ თავისუფლდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესრულებისგან.
- სადაზღვევო პრემია მოსარჩელემ ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის (თვის პირველი რიცხვი) ნაცვლად - 2017 წლის 3 აგვისტოს გადაიხადა; ამასთან, მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობის მანძილზე, პრემიას მოსარჩელე ყოველთვიურად ვადის გადაცილებით, თუმცა ხელშეკრულების 3.5.1 პუნქტით გათვალისწინებულ ორკვირიან ვადაში იხდიდა.
ზემომითითებული გარემოებები მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
რაკი დადგენილია, რომ მოსარჩელე (დამზღვევი) სადაზღვევო პრემიას ორკვირიანი ვადის ფარგლებში იხდიდა და აღნიშნული ვადა გადაცილებული არ არის, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების დამაბრკოლებელი გარემოება ამ კუთხითაც არ არსებობდა.
27.5. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების საკითხის შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა საგულისხმო: ანალოგიურ ვითარებაში, სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის ხელშეკრულება ერთი წლით გაგრძელებულად მიიჩნია, როდესაც მოპასუხის მიერ შპს ,,დ-ან’’ (დღეის მდგომარეობით შპს ,,ე-ი ჯ-ი’’, რომლის 100% წილის მესაკუთრე/პარტნიორი თ. შ-ძე მოსარჩელის 100% წილის მესაკუთრე/პარტნიორია) დადებული იყო ანალოგიური ტიპის დაზღვევის ხელშეკრულება. შპს ,,დ-ის’’ შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებით შეთანხმების გარეშე, ხელშეკრულების 3.7 პუნქტის შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა ავტომატურად ერთი წლით გაგრძელდა და ეს გარემოება დამატებით ადასტურებს მეორე კასატორის არგუმენტების არამართებულობას.
28. რაც შეეხება პირველ კასატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნაა - პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის იმგვარად დაკმაყოფილება, რომ მოპასუხეს სადაზღვევო ანაზღაურების თანხის (825 077 ლარი) გადახდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისროს გადასახდელი თანხის 0.04%, 2018 წლის 8 იანვრიდან თანხის სრულად გადახდამდე.
28.1. პირგასამტეხლოს საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).
„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ყველა გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
28.2. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე მოპასუხისათვის 0.008%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება გონივრულია. ამ დასკვნის ჩამოყალიბებისას პალატა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგ პირველ კასატორს რაიმე არგუმენტირებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი) და საკასაციო პალატის მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან, ვადასთან, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხთან პროპორციულია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
29. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
30. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
32. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%-70% – 5 600-5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „შ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „შ-დს“ (ს/კ ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის (საგადახდო დავალება # ----, გადახდის თარიღი 8.07.2021), 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი --, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;
3. სს „სადაზღვევო კომპანია --- ----“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. სს „სადაზღვევო კომპანია --- ---“ (ს/კ ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის (საგადახდო დავალება # ---, გადახდის თარიღი 10.06.2021) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე