Facebook Twitter

საქმე №ას-1205-2020 8 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ პ-ლი კ-ი „ი-სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ პ-ი კ-ი „ი-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“ ან „აპელანტი“) მიმართ და მოითხოვა მისთვის 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების - 24 756,37 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოპასუხეს სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, დაკავებული აქვს სააბონენტო მისამართზე განთავსებული უძრავი ქონების ნაწილი, სადაც ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ საქმიანობას;

2.2. მოპასუხეს გააჩნია ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 107 510,56 ლარის ოდენობით, რომელიც დაგროვილია 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდში ელექტროენერგიის საფასურის არასრული გადახდის შედეგად;

2.3. 2015 წლის ნოემბერში მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ იმ დროისათვის არსებული დავალიანების დაკისრების მოთხოვნით (აღნიშნული საქმე №…. ჯერ არ დასრულებულა, საქმეს იხილავს სააპელაციო სასამართლო). იმის გათვალისწინებით, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსარჩელესა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის სააბონენტო ბარათზე არსებული დავალიანების ფარგლებში მოპასუხისათვის სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე განთავსებული ტრანსფორმატორის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, მოსარჩელეს აღნიშნულ საქმეზე არ გაუზრდია სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც განსახილველი სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისამდე დაგროვილი დავალიანების გადახდის დაკისრებას.

3. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

4. შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 22 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 24 756,37 ლარის გადახდა.

5. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

6. საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის მასალები, რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა და სასარჩელო მოთხოვნა (თანხის ოდენობა და პერიოდი) იდენტურია სასამართლოს მიერ უკვე განხილული საქმისა, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2018 წლის 03 ივლისს მიღებულია გადაწყვეტილება (საქმე №…) და ამჟამად დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. საჩივრის ავტორმა, ასევე, აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2019 წლის იანვარში მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც მკურნალობის კურსს გადიოდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის დირექტორს. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

9. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ გზავნილის მიმღები იმყოფებოდა ავად, ვინაიდან გზავნილი მას ჩაბარდა 2019 წლის 15 იანვარს, ხოლო სსიპ სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრის ვიზიტის თარიღად მითითებულია 2019 წლის 25 იანვარი. ამასთან, სარჩელი მოპასუხეს ჩაბარდა მის იურიდიულ მისამართზე, ხოლო ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს.

10. საქალაქო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლომ 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა, წინამდებარე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალოგიურია. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება ორივე სამოქალაქო საქმეზე არაერთგვაროვანია. ამასთან, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

11. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და სასამართლოს მიერ სრულად იქნა შემოწმებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.

12. მოპასუხემ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს. უსაფუძვლოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც არსებობს სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ეჭქვეშ აყენებს აღნიშნული პრეზუმფციის არსებობას და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიც ეჭქვეშ დგება.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ერთი და იმავე საფუძვლით, ოღონდ განსხვავებულ პერიოდზე, უკვე მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი და სათანადო მტკიცებულებები. ამ ორ საქმეს შორის სხვაობა შეიძლება იყოს (ეს გარემოებაც გარკვევას საჭიროებს) მხოლოდ თანხის დარიცხვის პერიოდი და, შესაბამისად, მოთხოვნილი თანხის ოდენობა. ფაქტობრივი გარემოებებით ორივე სამოქალაქო დავა იდენტურია. საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის კუთხით, როდესაც სახეზეა იმავე მხარეებს შორის, იმავე მოთხოვნის საფუძვლებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სასამართლოს მიერ დადგენილ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც უცილობლად მნიშვნელოვანია მოცემული დავისთვისაც. შესაბამისად, უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ იქნებოდა შებოჭილი მხოლოდ სარჩელში მითითებული ფაქტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელი წარდგენილი არ ყოფილა.

16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივად არ იყო გამართლებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სასამართლოსათვის უკვე ცნობილი იყო მოპასუხის პოზიცია. მოსარჩელემ თავად დაურთო სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება, საიდანაც ჩანს როგორც მოსარჩელის იდენტური მოთხოვნა ფაქტობრივი გარემოებების მითითების კუთხით, ასევე, მასზე მოწინააღმდეგე მხარის პასუხი, საიდანაც ნათლად იკვეთება მოპასუხის ინტერესი განსახილველი დავის მიმართ. შესაბამისად, დავის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს უყალიბდება მოსაზრება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ შეიძლება იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, გაუმართლებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტებს, რაც სადავოდ იყო გამხდარი მეორე სამოქალაქო საქმეზე. კერძოდ, აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, დადგენილია, რომ სარჩელის წარდგენის დროისათვის მოპასუხეს გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 107 510,56 ლარის ოდენობით, რომელიც დაგროვილია 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდში ელექტროენერგიის საფასურის არასრული გადახდის შედეგად.

18. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე უნდა განხილულიყო და გადაწყვეტილიყო ისეთი პოცესუალური საკითხები, რომელთა განხილვა და გათვალისწინება აუცილებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, ხომ არ უნდა შეჩერებულიყო საქმის წარმოება სხვა საქმის გადაწყვეტამდე, ხომ არ არსებობდა პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები, ხომ არ უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება და სხვ. ამ საკითხების განხილვა და გადაწყვეტა სასამართლოს საპროცესო ვალდებულებაა და მხოლოდ მოსარჩელის მითითება, რომ აღნიშნულ საფუძველს ადგილი არა აქვს საკმარისი არ არის. ეს საპროცესო წესები ეჭქვეშ აყენებს მოცემულ პირობებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერებას.

19. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მეორე სამოქალაქო საქმე, რომელსაც საკასაციო სასამართლო იხილავს და რომელზეც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილია სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები, წინ უსწრებს წინამდებარე საქმის განხილვას და მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია მცირე ხანში შევიდეს კანონიერ ძალაში. შედეგად, ერთსა და იმავე ურთიერთობასთან დაკავშირებით მიღებული იქნება ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

20. ასეთი შედეგების თავიდან აცილებისა და მართლზომიერი შედეგის დადგომის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება.

21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

22.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას;

22.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, იგი ჯეროვნად იყო ინფორმირებული სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე და სრული შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალებით;

22.3. სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ განსახილველ საქმეში არსებული სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით უკვე განხილული მოთხოვნის იდენტურია. აბონენტის/მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და, აღნიშნულიდან გამომდინარე, აბონენტს შეუძლია არ დაეთანხმოს ერთ კონკრეტულ პერიოდზე განხორციელებულ დარიცხვას და დაეთანხმოს სხვა პერიოდის დარიცხვას, რაც სხვადასხვა დავის საგანს წარმოადგენს.

22.4. მოსარჩელის მიერ დავალიანების მქონე აბონენტების მიმართ წარმოებული ყველა დავა, ფაქტობრივი გარემოებების კუთხით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ერთი და იმავე აბონენტის მიმართ წარმოებული დავები შეიძლება განსხვავდებოდეს მხოლოდ პერიოდით. ძირითადად, სასამართლოს წარედგინება აბონენტის ბრუნვის ისტორია, დარიცხვა-შემოსავლების ისტორია, აბონენტის დასახელების ცვლილების ისტორია და ა.შ. შესაბამისად, მხოლოდ მტკიცებულებებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ასეთ დავაზე წარდგენილი მტკიცებულებები შეიძლება იდენტურადაც მოგვეჩვენოს;

22.5. სააპელაციო სასამართლო თავის პოზიციას აყალიბებს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. მართალია, წინამდებარე საქმეზე წარდგენილია იგივე დასახელების მტკიცებულებები - აბონენტის ბრუნვის ისტორია, დარიცხვა-შემოსავლების ისტორია და ა.შ., თუმცა სადავო პერიოდზე, რაც სულ სხვა დავის საგანია;

22.6. მოთხოვნის საფუძვლების გარკვეული მსგავსების მიუხედავად, მოპასუხეს არ დაუსაბუთებია, რატომ არის წინამდებარე საქმის განხილვა შეუძლებელი სხვა საქმის გადაწყვეტამდე და რატომ უნდა განიხილოს სასამართლომ საქმის წარმოების შეჩერების საკითხი თავიდან, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოპასუხეს ასეთი შუამდგომლობა არ დაუყენებია;

22.7. იმისათვის, რომ მხარე გათავისუფლდეს ისეთი ფაქტების მტკიცების ვალდებულებისაგან, რომელსაც ემყარება მისი შესაგებელი, სულ ცოტა ასეთი შესაგებელი წარდგენილი უნდა იყოს საქმეში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარუდგენლობის გამო, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესწავლაზე მითითება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს დავას იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით და თუ დავუშვებთ, რომ მეორე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მხარე გათავისუფლდებოდა გარკვეული გარემოებების მტკიცების ტვირთისაგან, რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი სარჩელი აუცილებლად გაიზიარებდა თავდაპირველი სარჩელის ბედს;

22.8. სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელზეც აპელანტს საერთოდ არ მიუთითებია. მაგალითად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმის წარმოების შეწყვეტისა და შეჩერების საკითხები და ა.შ. საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს თავადაც შეეძლო განეხილა, ხოლო საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობით მოპასუხეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს;

22.9. სასამართლომ საქმე განიხილა სსსკ-ის მე-4-5 მუხლების დარღვევით და არასწორად გამოიყენა იმავე კოდექსის 106-ე, 279-ე, 385-ე მუხლები. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული კოდექსის 2321-ე მუხლი და არ გამოიყენა 70-78-ე, 102-ე, 201-ე, 215-ე და 233-ე მუხლები.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად ფაქტობრივი გარემოებების მსგავსებისა, წინამდებარე საქმეში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში (საქმე №…..) დავის საგანი განსხვავებულია და მოიცავს დავალიანების დარიცხვის სხვადასხვა პერიოდს, შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია, სახეზე იყო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

28. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

30. შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

31. აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თუკი სახეზეა გარემოებები, რომლებიც ზემოთ მითითებულ პრეზუმფციას ეჭქვეშ აყენებს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებელია.

32. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების დაკისრება. ამასთან, სარჩელში მითითებულია და სადავო არ არის, რომ იმავე მხარეებს შორის, იმავე სააბონენტო მისამართზე დაგროვებული ელექტროენერგიის დავალიანების დაკისრების მოთხოვნით მიმდინარეობს სხვა სამოქალაქო დავა, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 03 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ თავად დაურთო სარჩელს (იხ. ტ. I, ს.ფ. …..). გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ამ საქმეზე მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. დასახელებულ და წინამდებარე დავას შორის განმასხვავებელი არის მხოლოდ დავალიანების დარიცხვის პერიოდი. სხვა ფაქტობრივი გარემოებები არის იდენტური. კერძოდ, მეორე სამოქალაქო საქმეში მოთხოვნილი დავალიანების ოდენობა დაგროვილია 2015 წლის ნოემბრამდე, ხოლო წინამდებარე საქმეში 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებით არ დადგინდა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი დავალიანების შესაბამისი ელექტროენერგიის მოხმარების ფაქტი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე საქმეში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეს გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 107 510,56 ლარი, რაც, სარჩელის თანახმად, მოიცავს მეორე სამოქალაქო საქმეზე მოთხოვნილი დავალიანების ოდენობასაც.

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ვერ გაუტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას, ვინაიდან ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან აღნიშნული პრეზუმფციის ეჭქვეშ დაყენების საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა, წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დავის საგნის მსგავსებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებიდან ნათელი იყო მოპასუხის პოზიცია და დავის მიმართ ინტერესი. გარდა ამისა, სასამართლო გვერდს ვერ აუვლის აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიჩნეული ფაქტების საწინააღმდეგოა. ეს გარემოებები კი, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს უჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებელია.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება, რომელიც წინ უსწრებს წინამდებარე საქმის განხილვას, არ არის შესული კანონიერ ძალაში და, იმავდროულად, დადგენილია საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოების შეჩერების (სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი) საკითხი უნდა გამორკვეულიყო.

35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 279-ე მუხლებით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიების გამოსაყენებლად არ არის აუცილებელი მხარის შუამდგომლობის არსებობა. შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეწყვიტოს საქმის წარმოება, ხოლო 279-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება.

36. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1237,82 ლარის 70% – 866,47 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „თ-ს“ (ს/კ: ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 31 ივლისს №---საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1237,82 ლარის 70% – 866,47 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი 3 ---;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი