Facebook Twitter

№ას-996-2021

24 მაისი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ლი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. კ-მა (შემდგომში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის მიმართ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის - 7000 აშშ დოლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

1.1. 2013 წლის 18 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხეს სანოტარო აქტის საფუძველზე გაუფორმა მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. --, -- ქ.N-, ბინა N.., სართული 5), დარეგისტრირებისა და განკარგვის უფლებამოსილება. მინდობილობა გაცემული იქნა 3 თვის ვადით და ძალაში იყო 2013 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.

1.2. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მინდობილობის გაცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხის მამას - ვ. ბ-ლს შორის არსებობდა ზეპირი გარიგება, რომლის მიხედვით ვ. ბ-ლს მოსარჩელისგან უნდა შეეძინა ზემოხსენებული ბინა 1000 აშშ დოლარად. ვ. ბ-მა გადაიხადა ბინის ღირებულების მხოლოდ ნაწილი 600 აშშ დოლარის ოდენობით. დანარჩენი თანხის გადახდა კი ვერ უზრუნველყო. მოსარჩელემ მოპასუხეს მინდობილობა გაუფორმა იმ მიზნით, რომ მას გაეყიდა აღნიშნული ბინა, დაეტოვებინა 600 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მიეცა მოსარჩელისთვის.

1.3. 2018 წლამდე მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მინდობილობის მოქმედების პერიოდში მოპასუხეს, აღნიშნული მინდობილობის ფარგლებში არანაირი მოქმედება არ შეუსრულებია და ბინა ისევ მისი საკუთრებას წარმოადგენდა. ის რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში იშვიათად ჩამოდის. 2018 წელს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ვერ შეძლო თავის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში შესვლა, რადგან ბინაში ცხოვრობდნენ მისთვის უცნობი პირები. დახმარებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ განყოფილებას, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. 2019 წელს მოსარჩელემ საჯარო რეესტრიდან წარმომადგენელის მეშვეობით გამოითხოვა დოკუმენტაცია თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის შესახებ, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის მინდობილ პირს, ჯერ კიდევ 2013 წლის 13 აგვისტოდან გასხვისებული ჰქონდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა 7000 აშშ დოლარად, თუმცა აღნიშნული თანხა მარწმუნებლისთვის არ გადაუცია.

1.4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მისმა მამამ, 1999 წელს, 1000 აშშ დოლარად შეიძინა მოსარჩელისგან. ბინის ნასყიდობის ღირებულება მესაკუთრეს გადაუხადა ორ ეტაპად - 600 აშშ დოლარი გადაიხადა 1999 წლის 8 სექტემბრამდე, რაზედაც მხარეთა შორის გაფორმდა სათანადო, სანოტარო წესით დადასტურებული ხელწერილი, ხოლო თანხის მეორე ნაწილი - 400 აშშ დოლარი, 1999 წლის ბოლომდე. თანხის გადახდის შემდეგ, საცხოვრებელი ბინა გადავიდა ვ. ბ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში, თუმცა ბინის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, ვინაიდან აღნიშნული დაკავშირებული იყო გარკვეულ ხარჯებთან. 2013 წელს მოსარჩელის მიერ მოპასუხის სახელზე გაცემული მინდობილობით, ბინის რეგისტრაცია ჯერ განხორციელდა თავდაპირველ მესაკუთრეზე ლ. კ-ის სახელზე და შემდგომ, ისე, რომ მ. ბ-ლს ბინა თავის სახელზე არ აღურიცხავს, 2013 წლის 13 აგვისტოს გაასხვისა იგი.

1.5. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან მინდობილობა იყო სამთვიანი და მოქმედებდა 2013 წლის 18 ოქტომბრამდე. 2013 წლის 18 ოქტომბრიდან სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2016 წლის 18 ოქტომბერს. მოსარჩელემ კი, სარჩელით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 16 სექტემბერს.

1.6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

1.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წლის 18 ივლისს, ლ. კ-მა მ. ბ-ის სახელზე გასცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მ. ბ-ლს მიანიჭა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ---, --- ქ. N..-ში, ბინა N.., სართული მეხუთე, რეგისტრაციისა და განკარგვის უფლებამოსილება.

2.2. მინდობილობა გაიცა სამი თვის ვადით, 2013 წლის 18 ივლისიდან, 2013 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოპასუხემ, 2013 წლის 13 აგვისტოს, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა მოსარჩელის საკუთრებად და იმავე დღეს 7000 აშშ დოლარად გაასხვისა ი. კ-ზე. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხეს ბინის გასხვისების შესახებ მოსარჩელისათვის არ შეუტყობინებია და არც ბინის ნასყიდობის ღირებულება გადაუცია მისთვის.

2.3. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2019 წლის 26 სექტემბერს. მოპასუხემ კი, 2019 წლის 18 დეკემბერს წარდგენილი შესაგებლით, არ ცნო რა ლ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა, სხვა გარემოებებთან ერთად, შედავება განახორციელა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით.

2.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის მნიშვნელოვანი იყო ხანდაზმულობის ვადის პერიოდისა და ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

2.5. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს (ყოფილ რწმუნებულს) შორის ურთიერთობის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა დავალების ხელშეკრულების ნორმები: სსკ-ის 709-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე). სსკ-ის 712-ე მუხლის პირველი ნაწილი: რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები, სსკ-ის 713.1 მუხლი: რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს ანგარიში და ამავე კოდექსის 715-ე მუხლი: რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.

2.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის არსებული დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, წარმომადგენლის მიერ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავო იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლის საწყისი პერიოდის განსაზღვრაც. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე; მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის არსებული დავალების ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2013 წლის 18 ოქტომბერს.

2.7. პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულების ფარგლებში, მოსარჩელეს მოპასუხესთან კომუნიკაციით, ან საჯარო რეესტრიდან შესაბამისი ინფორმაციის მოძიებით, შეეძლო დაეზუსტებინა მის მიერ სამთვიანი ვადით გაცემული მინდობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენების ფარგლები, გაცნობოდა საკუთარი ქონების სამართლებრივ მდგომარეობას, რაც მას არ განუხორციელებია. პალატამ ვერ გაიზიარა, აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრების გამო, მას არ გააჩნდა შესაძლებლობა მიეღო ინფორმაცია მოპასუხის მიერ უძრავი ქონების გასხვისებისა და მისი უფლების დარღვევის თაობაზე. პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ნებისმიერი პირისთვის, მისი ადგილსამყოფლის მიუხედავად.

2.8. მოთხოვნის წარმოშობისა და ხანდაზმულობის ვადის დაწყების თარიღად მიჩნეულ იქნა დავალების ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დრო, ანუ 2013 წლის 18 ოქტომბრის მომდევნო დღე. სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებითაც სწორედ ამ დროისთვის უნდა შეეტყო მოსარჩელეს მის მიმართ მოპასუხის ვალდებულების არსებობის თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ამოიწურა 2016 წლის 19 ოქტომბერს. მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 26 სექტემბერს, ანუ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რაც სსკ-ის 144-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლები. ვინაიდან, მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ უცნობებია უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ, მოსარჩელეს ჰქონდა წარმოდგენა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული მინდობილობით არანაირი მოქმედება არ შესრულებულა. მოსარჩელე არის რუსეთის მოქალაქე და საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. 2018 წელს ჩამოსვლისას ვერ შეძლო საცხოვრებელ ბინაში შესვლა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ მისთვის უცნობი პირები, გამოიძახა პოლიცია და შედგა შესაბამისი ოქმი.

3.2. 2019 წლის აგვისტოში, ადვოკატის აყვანის შემდგომ საჯარო რეესტრში მოძიებული დოკუმენტებით ცნობილი გახდა ბინის გასხვისების ფაქტი, ხოლო სასამართლოში სარჩელი აღიძრა 2019 წლის სექტემბერში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ლ. კ-ის დარღვეული უფლების შეტყობიდან 2019 წლის აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და არა 2013 წლის 18 ოქტომბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უწინარესად მოწმდება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, ხოლო შემდეგ მისი განხორციელებადობა, თუკი მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი.

9. წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაუკავშიროს მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მეშვეობით მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების ფაქტის შეტყობას.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნულის საფუძველზე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 709-ე მუხლის (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) საფუძველზე. დავალების სანოტარო ხელშეკრულების შინაარსიდან დადგინდა, რომ მოსარჩელემ მინდობილ პირს (მოპასუხეს) კონკრეტული უძრავი ქონების გასხვისება დაავალა. რწმუნებულმა უძრავი ნივთი გაასხვისა. სარჩელით კი, მოსარჩელე მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებას მოითხოვს, რაც რწმუნებულმა მინდობილი მოქმედების შესრულების შედეგად მიიღო. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ასევე სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს.

11. „დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს(შდრ. სუსგ-ები Nას-895-845-2015, 29.01.2016წ; N ას-655-611-2017, 11.07.2017წ.).

12. დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი (შდრ: სუსგ N ას-1203-2018, 25.04.2019წ).

13. დადგენილია, რომ მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით სარჩელს - სხვა საფუძვლებთან ერთად ხანდაზმულობის მოტივით შეედავა და მიუთითა, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე, რაც მისი მტკიცებით, გასულია.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ Nას-1764-2018, 13.04.2020 წ).

15. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. მნიშვნელოვანია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64).

16. საკასაციო პალატა თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით (მყიდველისათვის ნაყიდი ნივთისა და ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა) ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დაწყებისათვის დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 130-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესები (სუსგ. ას-1344-2018, 05.04.2019წ). მოცემულ შემთხვევაში, კი სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რწმუნებულის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მიღებული თანხის მარწმუნებლისათვის გადაცემა. ამდენად, სადავო საკითხი ეხება არა უძრავ ნივთს, არამედ დავალების ხელშეკრულების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სწორად გამოიყენა მატერიალური (709-ე, 715-ე) ნორმები და მათ საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიეთობიდან, კერძოდ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის მიმართ სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირითადი საკასაციო პრეტენზია მიმართულია ხანდაზმულობის ვადის დენის 2019 წლის აგვისტოდან და არა 2013 წლის 19 ოქტომბრიდან დაწყებაზე.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსარკვევად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო“ (იხ. სუსგ #ას- 344-329-2016). ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ საქმე Nას-988-1021-2011, 15.11.2011წ.).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულება ვერ წარადგინა სასამართლოში, რითაც დაადასტურებდა, რომ მისთვის შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი და მანამდე მას არ შეეძლო ეს გარემოება სცოდნოდა. პალატა ყურადღებას მიაქცევს დავალების ხელშეკრულების შინაარსს, რომლის თანახმად, მხარეებს შორის 2013 წლის 18 ივლისს, მხოლოდ სამი თვის ვადით, სანოტარო წესით გაფორმდა მინდობილობა, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს მხოლოდ კონკრეტული უძრავი ნივთის (მდებარე, …., … ქუჩა N-, ბინა .., სართული მეხუთე, ს/კ ----) გასხვისების უფლება მიანიჭა. ასევე ნიშანდობლივია დავალების ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელესა და მოპასუხის დეიდას, შ. ხ-ეს შორის არსებული მიმოწერის შინაარსი, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარე მოსარჩელეს სთხოვდა გაეცა მათზე მინდობილობა, ადრე მისგან შეძენილი ბინის გაფორმების უზრუნველსაყოფად (ს.ფ. …). ამ გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით, კასატორს არათუ სრული საფუძველი ჰქონდა ვარაუდისთვის, რომ მოპასუხე როგორც რწმუნებული მის ბინას გაასხვისებდა, არამედ დარწმუნებულიც კი უნდა ყოფილიყო, რომ მოპასუხე მინდობილობის მოქმედების ვადაში მის ბინას გაასხვისებდა. ამდენად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მან არ იცოდა/არ შეიძლება სცოდნოდა მისი კუთვნილი ბინის გასხვისების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის მასალების მიხედვით კასატორი არც მინდობილობის გაფორმების შემდეგ და არც მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ არ დაინტერესებულა და არც უკითხავს მოპასუხისთვის განახორციელა თუ არა მინდობილობით დავალებული ქმედება. კასატორის მითითება კი მის წარმოდგენაზე, რომ მხარეებს შორის გაფორმებული მინდობილობით არანაირი მოქმედება არ შესრულებულა, სრულიად უსაფუძვლოა.

20. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მინდობილობის მოკლე ვადის (3 თვის) გათვალისწინებით, შესაძლებელია გონივრულად ჩაითვალოს ის, რომ მოსარჩელემ მინდობილობის მოქმედების პერიოდში მოპასუხისგან არ მიიღო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა დავალების ხელშეკრულების შესაბამისი მოქმედება, მაგრამ მას მინდობილობის ვადის ამოწურვისთანავე უნდა მიეღო აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, რის გამოც მოცემულ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად მინდობილობის ვადის ამოწურვის მომდევნო დღე. ამ პერიოდიდან სამი წლის განმავლობაში კასატორს სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. მან სარჩელი აღძრა მხოლოდ 2019 წელს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საზღვარგარეთ ცხოვრება არ შეიძლება გახდეს მის მიერ შეცილების საფუძვლის არცოდნის საფუძველი, ვინაიდან, საჯარო რეესტრის მონაცემები საჯაროა და მისი გაცნობისთვის საქართველოში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს.

21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოების შესწავლის შედეგად სწორად დაასკვნა, რომ უფლების დარღვევის შესახებ მოსარჩელისთვის ობიექტურად 2013 წლის 18 ოქტომბრისთვის უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა დადგენილია, რომ ამ დროიდან 2019 წლის 26 სექტემბრამდე სადავო თანხაზე მოპასუხის წინააღმდეგ სასარჩელო წარმოების წესით არ უდავია და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა სარჩელის აღძვრის დროისათვის (26.09.2019წ) ხანდაზმულია. ხოლო კასატორის პრეტენზია ხანდაზმულობის ვადის დენის 2019 წლის აგვისტოდან დაწყების შესახებ, უსაფუძვლოა.

24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ე. ტ-ის მიერ მიერ 2021 წლის 08 ნოემბერს №…. საგადახდო დავალებით გადახდილი 1107.30 ლარის 70% – 775.11 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ლ. კ-ს (----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1107.30 ლარის (საგადახდო დავალება N----, გადახდის თარიღი 08.11.2021) 70% – 775.11 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე