3გ-ად-28-გ-02 29 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კ. ყ.-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 02.07.02წ. ¹368 ბრძანებით, ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის, ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების 69-ე მუხლის, საქართველოს შს ორგანოების დაიციპლინური წესდების მე-13 მუხლის ,,ა" პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი კ. ყ.-ი.
კ. ყ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 22.07.02წ. განჩინებით კ. ყ.-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობისამებრ განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა თავისი ბუნებით არ არის ადმინისტრაციული, იგი წარმოშობილია შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან და არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაცვის საგანს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 29.07.02წ. განჩინებით კ. ყ.-ის სარჩელი სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. რაიომულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრის ბრძანება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტია, ხოლო მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, იმ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო კოლეგიამ ასევე მიუთითა ს.ა.ს.კ. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე სარჩელს პირველი ინსტანციით იხილავს საოლქო სასამართლო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგედ მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე მაინც უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული შემთხვევები. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შს სამინისტროს სადავო ბრძანება მიღებულია «საჯარო სამსახურის შესახებ», «პოლიციის შესახებ» კანონების საფუძველზე, რომლებიც საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებს წარმოადგენენ. განსახილველ დავაში მოსარჩელეა საქართველოს შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი კ. ყ.-ი, რომელიც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, იყო საჯარო მოსამსახურე, ხოლო მოპასუხეა საქართველოს შსს სამინისტრო, რომელიც «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, სამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მიხედვით სამინისტრო ადმინისტრაციული ორგანოა და რადგან სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს სამინისტრო წარმოადგენს, განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს განეკუთვნება. საქართველოს შს მინისტრის სადავო ბრძანება შრომით, სამსახურებრივ ურთიერთობას ეხება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილებოდა. ამასთან, 2000წ. პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა ზოგადმა ადმინისტრაციულმა კოდექსმა შემოიღო ადმინისტრაციული გარიგების ინსტიტუტი (თავი V), კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული გარიგება არის: «ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება». განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ კ. ყ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს შს სამინისტროს შორის, სამინისტროს ¹368 ბრძანებით შეწყდა საჯარო-სამართლებრივი სამსახურეობრივი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული საქმეს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართლწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შსს მინისტრის სადავო ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, სახელდობრ, ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს შსს მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივ ხასიათის და კონკრეტულად კ. ყ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ არის ადმინისტრაციული აქტი. შესააბამისად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, მისი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონთან, «შრომის კანონთა კოდექსთან», ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან, ,,პოლიციის შესახებ" კანონთან, საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულებასთან შესაბამისობაზე. ამდენად, პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, კ. ყ.-ის სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ყ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს;
2. კ. ყ.-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.