Facebook Twitter

28 მარტი 2022 წელი

№ას-1064-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ლ-რი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. "მ-ო ე-ო კ-ტი"

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - ს.ს. „მ-ო ე-ო კ-ტი“-ს სარჩელი ვ. ლ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6829.24 ა.შ.შ. დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3932.13 ა.შ.შ. დოლარი, სარგებელი - 2287.11 ა.შ.შ. დოლარი, ჯარიმა - 30 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო - 580 ა.შ.შ. დოლარი.

2. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-მა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ვ. ლ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის საქმის განხილვის თარიღისა და დროის თაობაზე მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა (ს.ფ. ...). ამასთან, დადგენილია, რომ ის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა (ს.ფ. ...). შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2021 წლის 12 თებერვლიდან) არა უადრეს 20 (2021 წლის 04 მარტიდან) და არა უგვიანეს 30 დღისა (2021 წლის 14 მარტის ჩათვლით) გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან (2021 წლის 15 მარტიდან), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს განჩინების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა 2021 წლის 15 მარტს დაიწყო და 2021 წლის 29 მარტს 24:00 საათზე დასრულდა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 18 მაისს შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე დაუშვებელი იყო და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

5.3. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდანაც (2021 წლის 22 აპრილის მომდევნო დღიდან) რომ მომხდარიყო, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა მაინც დარღვეული იყო, ვინაიდან ვადა ამოიწურა 2021 წლის 13 მაისს, რადგან 2021 წლის 04 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით სახელმწიფოში გამოცხადებული იყო უქმე დღეები, ასევე 12 მაისი უქმე დღეა, სააპელაციო საჩივარი კი მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 18 მაისს.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. სასამართლოდან მიღებული განმარტების თანახმად, რომლითაც მხარემ იხელმძღვანელა, მხარე ინფორმირებული იყო, რომ საქართველოში მოქმედი უქმე დღეები 04 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ვადის დენაში არ გაითვალისწინებოდა. სწორედ ამიტომ მან საჩივარი წარადგინა 17 მაისს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ შეაფასა რამდენად უნდა ჩათვლილიყო უქმე დღეები (04 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით) 14-დღიანი ვადის დენაში. ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ქვეყანაში შექმნილ პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე სასამართლოში მოქმედ არაორდინალურ მიდგომებს, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

6.2. მხარე უთითებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შინაარსობრივ მხარეზეც და განმარტავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, საფინანსო ორგანიზაციებს, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით მოქმედ სუბიექტებს ეკრძალებათ მსესხებლისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრება სესხის ძირზე 50%-ით მეტის ოდენობით წლიურად. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა აღნიშნული ნორმის უგულებელყოფით. ამასთან, სასამართლომ არა თუ არ გაიზიარა, არამედ არც გამოიკვლია მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

13. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

14. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო საჩივრის განხილვის თარიღი. ამასთან, ის ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12.02.2021 წელს გამართულ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. 12.02.2021წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. ...). მოპასუხისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის შედეგი, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, წესი და ვადა. მოპასუხეს (აპელანტს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (14.03.2021წ.), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს.

15. დადგენილია, რომ სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის წლის განჩინება მხარემ ჩაიბარა 2021 წლის 22 აპრილს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. ...).

16. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2021 წლის 18 მაისს (იხ. სააპელაციო საჩივარი ს.ფ. ....) .

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

18. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტი ესწრებოდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას - 12.02.2021წ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან და ამოიწურა 29.03.2021 წელს. მოპასუხემ კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 18.05.2021 წელს, საპროცესო ვადის დარღვევით.

19. გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზე, რომ მხარის ინფორმაციით საქართველოში მოქმედი უქმე დღეები 04 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ვადის დენაში არ გაითვალისწინებოდა და, რომ სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულზე. რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმა არ მიუთითებს კანონისმიერ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებში უქმე დღეების ვადის დენაში გაუთვალისწინებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ზემოაღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო ვადის დენაში უქმე დღეებიც შედის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადის უკანასკნელ დღეს ვერასდროს დაემთხვეოდა უქმე დღე და კანონის აღნიშნული ჩანაწერი აზრს დაკარგავდა. ამდენად, კანონით დადგენილ თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეებით გამოსათვლელ საპროცესო ვადებში იგულისხმება ყველა კალენდარული დღე. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მისი ინფორმაციით უქმე დღეები ვადის დენაში არ გაითვალისწინებოდა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ აქარწყლებს კანონის ცოდნის პრეზუმფციას და, შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარ შედეგზე.

20. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ გარემოებებზე, საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსობრივ მხარეს საკასაციო სასამართლო არ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

21. ამრიგად, ვინაიდან აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება არ განუხორციელებია და სააპელაციო საჩივარი წარადგინა საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, საკუთარი განმარტების გარდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან აბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი