Facebook Twitter

საქმე №ას-371-2021 6 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. ზ-ლი, ლ. რ-ლი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „---. ჯ-ია ი-თს“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ზ-მა და ლ. რ-მა (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „---. ჯ-ია ი-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით ნ. ზ-ის და ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 5 ივლისს ნ. ზ-მა და ლ. რ-მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნეს, რომ უარს ამბობენ მათ მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე. ამასთან, განმცხადებლებმა მოითხოვეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კასატორების შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით ნ. ზ-ის და ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია ასევე, რომ კასატორები უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

კასატორებმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორებს (ნ. ზ-ლი, ლ. რ-ლი) განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მათ უფლება ერთმევათ კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე ნ. ზ-ის და ლ. რ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ, სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. მ-ის (პ/ნ ----) მიერ 2021 წლის 11 მაისის N- საგადასახადო დავალებით გადახდილი 1551,50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ზ-ის და ლ. რ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ნ. ზ-ის და ლ. რ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. კასატორებს ნ. ზ-ს (პ/ნ ---) და ლ. რ-ლს (პ/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ქ. მ-ის (პ/ნ ---) მიერ 2021 წლის 11 მაისის N- საგადასახადო დავალებით გადახდილი 1551,50 ლარი;

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი