თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ს. ს-ნი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- შპს „ა-სი“
დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ს. ს-მა 2020 წლის 9 მარტს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ა-ის“ მიმართ, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1-ლი ივლისის გადაწყვეტილებით, სასარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა-ის“ მიერ 2020 წლის 6 თებერვალს გამოვლენილი ნება ს.ს-ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხე - შსპ „ა-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 8000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროს არსებული კურსით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“, აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ დაარღვია დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ დაადგინა ს. ს-ის მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება, მაშინ როდესაც დამსაქმებელი ორგანიზაცია შესაგებელშიც და სააპელაციო საჩივარშიც მიუთითებდა დავის საგნის არარსებობაზე და შუამდგომლობდა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან გამოვლენილი ნების არანამდვილობასთან დაკავშრებით. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა შპს „ა-ის“ პროექტის მენეჯერის და მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის - ე. პ-ის მიერ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გამოვლენილი ნების საფუძველაზე. ამდენად, სასამართლოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება უნდა გამოეკვლია სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით ს. ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დამსაქმებელი ორგანიზაციის მენეჯერის მიერ თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოვლენილი ნების ნამდვილობა და დასაქმებულის მიერ შრომითი საქმიანობის განუხორციელებლობის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის მხარეებსა და საზოგადოების სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილ პირებს. განსახილველი საქმის გამოკვლევისთვის არსებითია, დადგენილი ფაქტების მიხედვით შეფასდეს, რამდენად განხორციელდა ს. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლება შპს „ა-ის“ უფლებამოსილი პირის მხრიდან გამოხატული ნების საფუძვლეზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად დასტურდება, რომ სადაო სამართალურთიერთობის პერიოდში შპს „ა-ის“ დირექტორი - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ა. ს-ია.
დადგენილია, რომ 2020 წლის 6 თებერვალს, დასაქმებულმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობა დამსაქმებელს ხელშეკრულების წერილობითო ფორმით დადების თაობაზე, რომლის პასუხად იმავე დღეს, თავის ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღო შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელის - ე. პ-ან, რომელმაც მოსარჩელეს მოსთხოვა სამუშაო ადგილის დაუყოვნებლივ დატოვება. მოსარჩელემ დატოვა სამუშაო ადგილი. 2020 წლის 17 თებერვალს, სს „ჯ-თ ე-მა“, რომელთანაც ს. ს-ს დადებული ჰქონდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, წერილი მისწერა შპს „ა-ის“ დირექტორს ა. ს-ას და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი დასაბუთება ითხოვა.
აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „ა-ს“ დირექტორმა ა. ს-ამ 2020 წლის 27 თებერვლის წერილით სს „ჯ-თ ე-რს“ აცნობა, რომ კომპანიაში ს. ს-ნი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული იქნა 2019 წლის 30 ოქტომბრიდან, სასტუმროს მშენებლობის ნაწილში ობიექტის საინჟინრო სისტემების პროექტირების ხელმძღვანელობის პოზიციაზე. ამავე წერილით შპს „ა-ის“ მხრიდან ს. ს-ნს ეცნობა, რომ დამსაქმებელს მისი გათავისუფლების ნება არ გამოუვლენია და სურვილის შემთხვევაში შეეძლო სამუშაოს დაბრუნებოდა. ამასთან მოსარჩელეს განემარტა, რომ მის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამსაქმებელი მასთან შრომით ურთიერთობას შეწყვეტდა. ს. ს-ი სამსახურში არ დაბრუნებულა.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთი მხრივ, ე. პ-ნი წარმოადგენდა მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს და საქმის მასალებით არ დასტურდება მისი უფლებამოსილება, საწარმოს სახელით განეხორციელებინა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხოლო მეორე მხრივ, შპს „ა-ის“ დირექტორის, ა. ს-ას 2020 წლის 27 თებერვლის წერილით დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მესამე პირებთან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა მოსარჩელის წარმომადგენელს დაუდასტურა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას არ მიუღია ს. ს-ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება და განუმარტა, რომ დასაქმებულს შეეძლო დაკავებულ თანამდებობაზე გაეგრძელებინა საქმიანობა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა ე. პ-ის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოვლენილი ნების საფუძველზე.
საკასაციო პალატა შპს „ა-ის“ დირექტორის 2020 წლის 27 თებერვლის წერილის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა მიიღო საჭირო და გონივრული ზომა შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით, თუმცა შრომითი ურთიერთობა არ გაგრძელდა დასაქმებულის ნება-სურვილით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპების შესაძლო დარღვევასთან მიმართებით, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს, სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და სამართლებრივ გარემოებებზე წარმოადგინა კვალიფიციური შედავება, რასაც შემდგომში დაეყრდნო შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტაზე იშუამდგომლა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თავის მხრივ, არ გამორიცხავს შესაგებლის სხვა საფუძვლებზე მითითებით მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნების თვალსაზრისითაც კანონშესაბამისია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ს. ს-ნს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ს. ს-ნს (პასპორტის ნომერი: -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ჟ-ის (----) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №-, გადახდის თარიღი 28.01.2022წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე