საქმე №ას-257-2022 21 ივნისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ე-ი“
დავის საგანი - გაწეული მომსახურების დავალიანების, საბანკო გარანტიის თანხის და პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „ე-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ა(ა)იპ ბაგა-ბაღების მიმართ და მოითხოვა გაწეული მომსახურების ღირებულების, პირგასამტეხლოს და საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურება. ა(ა)იპ ბაგა-ბაღებმა შეიტანეს შეგებებული სარჩელები და მოითხოვეს ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაკისრება.
შპს „ე-ის“ სასარგებლოდ მოპასუხე ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 8405.95 ლარის საბანკო გარანტიის თანხის - 1751 ლარის და პირგასამტეხლოს - 588 ლარის გადახდა;
ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 21615.30 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 3372 ლარის და პირგასამტეხლოს - 1680 ლარის გადახდა.
ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღს“ მოსარჩელე დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 27072.05 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 4539 ლარის და პირგასამტეხლოს - 2079 ლარის გადახდა;
ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 23 969.55 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 3840 ლარის და პიგასამტეხლოს - 2070 ლარის გადახდა.
ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 15129.25 ლარის, საბანკო გარანტიის თანხის - 2443 ლარის და პიგასამტეხლოს - 1200 ლარის გადახდა.
შეგებებული მოსარჩელეების: ა(ა)იპ „ქ. თბილისის №…საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა- ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“ შეგებებული სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
შპს „ე-ს“ ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 57.42 ლარის გადახდა;
შპს „„ე-ს“ ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 110.56 ლარის გადახდა;
შპს „ე-ს“ ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 148.84 ლარის გადახდა;
შპს „ე-ს“ ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 125.93 ლარის გადახდა;
შპს „ე-ს“ ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 80.10 ლარის გადახდა;
შეგებებული მოსარჩელეების: ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „ქ. თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხების შპს „ე-ის“ დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შპს „ე-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ასევე, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ე-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა არსებითად განსახილველად მხოლოდ ნაწილობრივ - საბანკო გარანტიის თანხების დაკისრების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „თბილისის №…საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი, შპს „ე-ის“ სასარგებლოდ მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მიწოდებული საქონლის ღირებულების, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმადაც, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო, 492-ე მიხლის მიხედვით თუ, მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლები არაჯეროვან შესრულებასთან მიმართებით, რამდენიმე ალტერნატიულ მოთხოვნას განიხილავს. თუ მყიდველი დამატებითი ვადის დაწესებით პირველადი მოთხოვნის შესრულების მექანიზმს არ იყენებს, მას შეუძლია გამყიდველისგან მოითხოვოს გვაროვნული ნივთის შეცვლა, ნასყიდობის ფასის შემცირება ან სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის და 405-ე მუხლების პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებაზე უარის თქმა. ამასთან, 492-ე მუხლის დანაწესი მყიდველს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს ნასყიდობის ფასის შემცირება კონტრაჰენტის მხრიდან არაჯეროვანი შესრულების მიღების პირობებშიც კი (ჩაჩავა ს., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი <www.gccc.ge>, მუხლი 492, ნაწილი 1-ელი, ველი 1 და 2).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ე-ის“ მიერ ხორციელდებოდა შეთანხმებული პროდუქციის (მათ შორის ყველის) კასატორებისთვის მიწოდება. დადგენილია, რომ შპს „ე-ის“ მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტები - ყველი ნაცვლად პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ასევე დადგენილია, რომ კასატორებმა მიიღეს ზემოაღნიშნული პროდუქცია - გააფორმეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება გარკვეული პროდუქციის (ყველი) ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მახასიათებლებით მიწოდებაში. პალატა განმარტავს, რომ კასატორებს ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლათ ზემოთ მითითებული სამართლებრივი მექანიზმით, რაც არ განუხორციელებიათ. ამასთან, კასატორების პრეტენზია, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხდეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად ყველის მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ერთიანი ვალდებულების, ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ვალდებულების შეუსრულებლობად იქნება განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლებრივ წესრიგს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის №ას-1056-2020 და 2022 წლის 24 თებერვლის №ას-1055-2021 განჩინებები). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორებს, დადგენილი არაჯეროვანი შესრულების გათვალისწინებით, არ წარუდგენიათ შპს „ე-ის“ მითითებული პირველადი და მეორადი სახელშეკრულებო მოთხოვნები. ამდენად, ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ მიღებული პროდუქციის ღირებულება.
პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველმა, მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე მართებულად მიუთითა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ე-ი“ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჯარიმის მოთხოვნას აფუძნებს გადახდის ვადების გადაცილებას, ვინაიდან მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალიწინებით მოთხოვნა დაარღვია და არ გადაიხადა მიწოდებული პროდუქტის ღირებულება. ამასთან, უდავოა, რომ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე დაუსაბუთებელია, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით მართებულადაა დაკისრებული პირგასამტეხლო.
კასატორების შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ ვერ იქნა დადასტურებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველის ნაწილით განსაზღვრული ზიანის მიყენების ფაქტი, ამდენად არც ამ ნაწილში უნდა იქნეს გაზიარებული კასატორების პოზიცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულების, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუშვებლად ცნობილი ნაწილის პროპორციულად შესაბამისი ნაწილების 70% .
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ა(ა)იპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი მიწოდებული საქონლის ღირებულების, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განჩინება საქონლის ღირებულების, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში;
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №…., სახაზინო კოდი….):
- ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს გადახდილი 1248.61 ლარის (საგადახდო დავალება №…, გადახდის თარიღი 2022 წლის 7 აპრილი) ნაწილის - 1161.06 ლარის 70% - 812.74 ლარი;
- ა(ა)იპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ….) დაუბრუნდეს გადახდილი 2983.55 ლარის (საგადახდო დავალება №…., გადახდის თარიღი 2022 წლის 7 აპრილი) ნაწილის - 2814.95 ლარის 70% - 1970.47 ლარი;
- ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს გადახდილი 4032.04 ლარის (საგადახდო დავალება №., გადახდის თარიღი 2022 წლის 7 აპრილი) ნაწილის - 3805.01 ლარის 70% - 2663.5 ლარი;
- ა(ა)იპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს გადახდილი 3541.36 ლარის (საგადახდო დავალება №…, გადახდის თარიღი 2022 წლის 7 აპრილი) ნაწილის - 3349.36 ლარის 70% - 2344.56 ლარი;
- ა(ა)იპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს გადახდილი 2048.98 ლარის (საგადახდო დავალება №…, გადახდის თარიღი 2022 წლის 8 აპრილი) ნაწილის - 1926.83 ლარის 70% - 1348.78 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე