Facebook Twitter

განსჯადობა

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-29-გ-02 20 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ნ. შ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და საჩხერის რაიონულ სასამართლოს შორის დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ნ. შ-ი 1995 წლიდან მუშაობდა სს «ჭ.” .... თანამდებობაზე. 1996წ. 16 აპრილს ნ. შ-ისა და სხვა პირთა მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საბოლოოდ, ნ. შეყლაშვილს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე და 187-ე მუხლების მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 1999წ. 9 ივლისის საჩხერის რაიონული სასამართლოს განაჩენით ნ. შ-ს მოეხსნა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები და გამართლდა, სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გადაკვალიფიცირება მოხდა და სასამართლომ ნ. შ-ი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით შეწყდა ნ. შ-ის მიმართ აღძრული საქმე.

ნ. შ-მა 2002წ. 21 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ და მოითხოვა: მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 520000 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრება და გენერალური პროკურატურის მიერ გაზეთ «ს. რ.” 2001წ. 25 მაისის ნომერში გამოქვეყნებული არასწორი ცნობების უარყოფა, ამავე გაზეთის მეშვეობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 17 ივლისის სხდომაზე განუმარტა მხარეებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 227-ე მუხლი და გამოარკვია, რომ მოსარჩელე ნ. შ-ს არ მიუმართავს საჩხერის რაიონული სასამართლოსათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული წესით თავისი უფლებების აღსადგენად და პირდაპირ სასარჩელო წესით მოითხოვა თავისი ინტერესების დაცვა. მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა საქმის განსჯადობის მიხედვით განსახილველად საჩხერის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 ივლისის განჩინებით ნ. შ-ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებას ნ. შ-ის სარჩელის განსჯადობით მისთვის გადაცემის შესახებ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სარჩელის განსჯადობა შემდეგი მოტივით სადავოდ გახადა:

1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ” პუნქტის თანახმად, განსახილველი დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოებიდან, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და ფინანსთა სამინისტროდან მორალური ზიანის სახით 520000 ლარის ანაზღაურება, რაც ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ" პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია;

2. სასამართლოს აზრით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მითითებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე და 227-ე მუხლები საქმის საჩხერის რაიონულ სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის საფუძველი ვერ გახდება, რადგან 227-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო ამავე კოდექსის 228-ე მუხლის მიხედვით რეაბილიტირებულ პირს, თუ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა შრომითი, საპენსიო, საბინაო და სხვა უფლების აღდგენის შესახებ ან არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლება აქვს სასარჩელო წარმოების წესით, გამამართლებელი განაჩენის გამოტანიდან 3 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს, რაც განახორციელა კიდეც ნ. შ-მა;

3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს მხოლოდ მოპასუხის თანხმობით, სადავო შემთხვევაში განსახილველად საქმის განსჯადობით საჩხერის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ მოსარჩელე ნ. შ-მა და მოპასუხეების თანხმობა საქმეში არ მოიპოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო და საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საჩხერის რაიონის სასამართლოს 1999წ. 9 ივლისის განაჩენით მოსარჩელე ნ. შ-ი სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 191-ე მუხლით გათვალისწინებულ საბრალდებო დასკვნით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულად ჩაითვალა მის ქმედებაში ამ დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, ხოლო 213-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, ხანდაზმულობის გასვლის მოტივით. მსჯავრდებულმა ნ. შ-მა 2002წ. 21 თებერვალს სარჩელი აღძრა საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა:

ა). მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 520000 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრება;

ბ). გაზეთ «ს. რ.” 2001წ. 25 მაისის ნომერში გამოქვეყნებული არასწორი ცნობების საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ უარყოფა;

2. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი რეაბილიტაციის საფუძველია და ამავე კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: «თუ რეაბილიტაციის საფუძველი გამოვლინდა სასამართლოში, მან საქმის შეწყვეტის შესახებ გამამართლებელ განაჩენში ან განჩინებაში, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, უნდა ცნოს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ყველა სახის ზიანის ანაზღაურების უფლება. განაჩენის, ან განჩინების ასლი რეაბილიტირებულს უნდა გადაეცეს ხელზე, ან გაეგზავნოს ფოსტით. მას განემარტება, რომ ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანის დღიდან 6 თვის განმავლობაში", მაგრამ განსახილველ შემთხვევაში საჩხერის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არ შეიცავს ზემოაღნიშნული 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამის მითითებას ნ. შ-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, რეაბილიტირებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და სასარჩელო წარმოების წესით მოითხოვოს თავისი უფლებების აღდგენა გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან 3 წლის განმავლობაში.

რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება გათვალისწინებულია ასევე სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით აღიარებულ საყოველთაო უზრუნველყოფას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც: «ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან”, რადგან კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი და «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს: «ყველას, ვინც გახდა დაპატიმრების ან დაკავების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა საწინააღმდეგოდ, ენიჭებათ უფლება კომპენსაციაზე”.

ამდენად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, უკანონოდ დაკავების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა და ვინაიდან საჩხერის რაიონული სასამართლოს გამამართლებელ განაჩენში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არ იყო მითითება რეაბილიტირებული ნ. შ-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, ამავე კოდექსის 228-ე მუხლის საფუძველზე რეაბილიტირებულ პირს უფლება აქვს სასარჩელო წარმოების წესით მოითხოვოს კომპენსაცია და უფლებების აღდგენა, რისი რეალიზებაც ნ. შ-მა მოახდინა სასამართლოში სარჩელის წარდგენით;

3. რეაბილიტირებული ნ. შ-ი სახელმწიფოსაგან, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს სახით, ითხოვს მიყენებული მორალური ზიანის ფულად კომპენსაციას. ამდენად, დავის საგანია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან ზიანის ანაზღაურება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «გ” პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით;

4. უფრო კონკრეტულად კი რეაბილიტირებული ნ. შეყლაშვილი სახელმწიფოსაგან ითხოვს 520000 ლარის კომპენსაციას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «დ” პუნქტით რეგლამენტირებული საოლქო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეა და განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

5. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც არგანსჯადი სასამართლო შეიძლება განსჯადი გახდეს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) თანხმობით. Gგანსახილველ შემთხვევაში საჩხერის რაიონულ სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნის შესახებ თანხმობა განაცხადა მხოლოდ მოსარჩელე ნ. შ-მა და მოპასუხეთა _ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა წარმოდგენილი არ არის.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რეაბილიტირებული ნ. შ-ის სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი «დ" პუნქტის თანახმად, განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, განსჯადობის შესახებ დავა სწორედ არის გადაწყვეტილი საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ, ამიტომ ნ. შ-ის სარჩელი ამავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რეაბილიტირებულ ნ. შ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. ნ. შ-ის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. უზენაესი სასამართოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.