Facebook Twitter

საქმე №ას-681-2022 13 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ვ. კ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ. კ-ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ას (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე.

3. რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან რაიონულ სასამართლოში დაბრუნება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი, რომელიც დასათაურებულია როგორც საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სარჩელის დასაშვებობის ეტაპიდან რაიონულ სასამართლოში დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაზეც მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარმოადგინა საჩივარი, რომელიც დასათაურებულია როგორც საკასაციო საჩივარი.

9. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო უფლება გამოიყენა.

10. სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი/საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (დაწვრილებით იხ.: სუსგ საქმეზე №ას-21-2019, 21 იანვარი, 2019 წელი).

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი, რომელიც დასათაურებულია, როგორც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რამდენადაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების საკასაციო საჩივრით, კერძო საჩივრითა თუ საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების საკითხზე.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; № ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ. კ-ას საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე