საქმე №ას-830-2022 12 ივლისი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.ქ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ც. ქ-ის სარჩელის გამო, თ. ქ-ის მიმართ განქორწინებისა და რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა აპელანტი, თ. ქ-ძე (ამჟამად კასატორი), საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2021 წლის 20 დეკემბრისთვის. ამდენად დასტურდება, რომ საკასაციო საჩივრის ავტორი სათანადოდ - სსსკ-ის 2591 მუხლის მოთხოვნათა დაცვით იყო ინფორმირებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის თაობაზე. შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებული იყო არაუადრეს 2021 წლის 9 იანვრისა და არა უგვიანეს 20 იანვრისა გამოცხადებულიყო სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად.
საქმეში წარმოდგენილ განცხადებაზე დასმული შტამპით ირკვევა, რომ აპელანტმა (კასატორმა) მასზე დაკისრებული ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული განჩინების მოთხოვნის განცხადება გაგზავნილი დადარეგისტრირებულია 2022 წლის 24 იანვარს, სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა თ. ქ-ვის დაიწყო 2022 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 2022 წლის 10 თებერვალს.
საკასაციო საჩივარზე დასმული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპით ირკვევა, რომ თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირებულია 2022 წლის 25 მაისს, ხოლო საკასაციო საჩივარზე დართული საფოსტო ბილით დგინდება, რომ აღნიშნული საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2022 წლის 24 მაისს - საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე