30 მაისი, 2022 წელი,
საქმე №ას-1015 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა. ხ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ბ. დ-ძე, კ. გ-ია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ხ-ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ბ. დ-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და კ. გ-იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, 100 000 აშშ დოლარი 1-ლი მოპასუხისთვის სარიტუალო დარბაზის მოგებიდან 20%-იანი წილის შესაძენად არ გადაუცია, ეს გარემოება მით უფრო დამაჯერებელია ვინაიდან 1-ლი მოპასუხე შპს „ზ-ი ….-ს“ არ წარმოადგენდა. გადაცემული თანხა არა 100 000 აშშ დოლარი, არამედ 244 616 აშშ დოლარია, რომელსაც „ზ-ი ….-ს" მიერ გამოტანილ სესხთან რაიმე კავშირი არ აქვს და რისი დაფარვაც მოსარჩელეს მოუწია. მოპასუხეებისთვის 244 616 აშშ დოლარის გადაცემა დადასტურებულია და შედეგად სახეზე გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 987-ე და 991-ე მუხლების შემადგენლობა; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი წერილობით მტკიცებულებებს გვერდი აუარეს და სასარჩელო მოხოვნა დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. შპს „ზ-ი ---“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ს-ო დ-ი, საზოგადოება ან შპს) 20.. წლის 16 ივნისს დაფუძნდა, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 375 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო თავდაპირველ დამფუძნებელ პარტნიორებს შემდეგი წილობრივი მონაცემებით წარმოადგენდნენ: პირველი მოპასუხე - 25% (93 750 ლარი), მეორე მოპასუხე - 40% (ბათუმში, …. ქუჩა #..-ში მდებარე მეორე მოპასუხის კუთვნილი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 150 000 ლარად შეფასდა) და ზ. ს-ძე - 35% (131 250 ლარი).
5.4. დამფუძნებელი პარტნიორების შეთანხმებით, ბათუმში, … ქუჩა #..-ში მდებარე მეორე მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინათ სარიტუალო საქორწინო დარბაზი, რომელიც საზოგადოების სახელზე დარეგისტრირდებოდა.
5.5. 2008 წლის ბოლოს სარიტუალო დარბაზის პარტნიორებმა მოსარჩელეს - 100 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, 20%-იანი წილის საკუთრებაში გადაცემა შესთავაზეს, რაც მოსარჩელემ აანაზღაურა (იხ. ხელწერილი).
5.6. სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის საზოგადოების პარტნიორებმა მოსარჩელის მეშვეობით - 60 000 აშშ დოლარი ისესხეს, რასაც დაერიცხა სარგებელი - 10 000 აშშ დოლარი და ჯამურად, 70 000 აშშ დოლარი შეადგინა.
5.7. გარდა ამისა, სს „…… ბანკიდან“ ს-ამ - 120 000 აშშ დოლარი ისესხა.
5.8. მითითებული თანხის/სესხის ნაწილის გასტუმრება, დამატებით საზოგადოების 20%-იანი წილის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, მოსარჩელემ იკისრა.
5.9. მოსარჩელის მოთხოვნით, შპს-ში მის მიერ შეძენილი 40%-იანი (20+20) წილი თავდაპირველად ნ. ფ-ას, ხოლო შემდეგ ი. ხ-ის სახელზე აღირიცხა, კერძოდ, 2010 წლის 24 მაისის მონაცემებით, საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს შემდეგი წილობრივი მონაცემებით წარმოადგენდნენ - პირველი მოპასუხე - 20%, მეორე მოპასუხე - 40% და ნ. ფ-ვა - 40%, ხოლო 2016 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით - პირველი მოპასუხე - 20%, მეორე მოპასუხე - 40% და ი. ხ-ი - 40%.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრება; სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლით (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობითაა განპირობებული.
7. სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან სადავო თანხა შესაბამისი საფუძვლის გარეშე გადასცა მოპასუხეებს, რითიც ეს უკანასკნელნი გამდიდრდნენ. შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმის (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებია: ა) გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემა; ბ) გადაცემის განხორციელება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და გ) მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადგენა.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერაა დადგენილი, მოსარჩელემ მოპასუხეებს 2008 წლის ბოლოს - 100 000 აშშ დოლარი აუნაზღაურა, ასევე - სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის აღებული სესხის ნაწილის გასტუმრების ვალდებულებაც იკისრა.
საქმეში დაცული მტკიცებულებები (თავად მოსარჩელის განმარტება და მოწმეთა ჩვენებები) ცხადყოფს, რომ მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს სარიტუალო დარბაზის 40 %-იან წილზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენდა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნით, საზოგადოებაში მის მიერ შეძენილი 40%-იანი წილი თავდაპირველად ნ. ფ-ას, ხოლო შემდეგ ი. ხ-ის სახელზე აღირიცხა;
შესაბამისად, მოპასუხეები სადავო თანხით არ გამდიდრებულან, რადგან ამ ტრანზაქციით მათი ქონება არ გაზრდილა და მოსარჩელემ მის ინტერესში შემავალ საგანზე საკუთრების უფლება მოიპოვა. ამასთან, დასახელებული თანხის მოპასუხეებისათვის გადაცემის მიზანს, სწორედ სარიტუალო დარბაზის 40 %-იან წილზე ამგვარი უფლების მოპოვება წარმოადგენდა.
9. კასატორის ერთ ერთი პრეტენზია ისაა, რომ მას სადავო თანხები მოპასუხეებისთვის საზოგადოების წილის შესაძენად არ გადაუცია.
10. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ამ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი გამოძიების მასალებით, კერძოდ, თავად კასატორის/მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით/ჩვენებით დასტურდება, რომ მხარეები სწორედ საზოგადოების 40%-იანი წილის შეძენაზე შეთანხმდნენ (იხ. მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის ჩვენება) და საბოლოოდ საზოგადოების წილები მათ შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში გადანაწილდა, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
11. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა კონდიქციურ ვალდებულებას ემყარება. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამგვარი მოთხოვნა გამართლებულია, თუ: ერთმა პირმა მეორე პირს გადასცა რაიმე სიკეთე; გადაცემის ვალდებულება, გარიგების ბათილობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში.
12. სწორედ ამ ორი ელემენტის არსებობა განაპირობებს სამართლებრივ სიკეთეთა გადანაცვლებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და იწვევს ვითომ კრედიტორის ვალდებულებას, აღადგინოს უსაფუძვლოდ მიღებულ შესრულებამდე არსებული წონასწორობა.
13. მოპასუხებმა სარჩელს არსებითი შედავება დაუპირისპირეს და განმარტეს, რომ თანხების გადაცემას ჰქონდა სახელშეკრულებო საფუძველი, კერძოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე საზოგადოების 40 %-იანი წილის მესაკუთრე გახდებოდა, რაც განხორციელდა კიდეც; შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ფაქტები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის ჰიპოთეზის გათვალისწინებით და მართებულად დაასკვნა სარჩელის წარუმატებლობის შესახებ.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კასატორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე/მეორე მოპასუხე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 800 ლარის კასატორისათვის დაკისრებას.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს კონკრეტული საქმის სამართლებრივი სირთულით, ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის ანალიზით, გასაცნობად წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების რაოდენობით და სხვა მსგავსი გარემოებებით, რაც მხარის ადვოკატის (წარმომადგენლის) გაწეული სამუშაოს ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენს და მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.
17. ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხარჯების ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს და ამ თვალსაზრისით, განიხილება ადვოკატის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, ადამიანური რესურსი, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გაწია და სხვა (შდრ. სუსგ №ას-818-784-2016, 02 ნოემბერი, 2016).
18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივართან დაკავშირებით კ. გ-იას ადვოკატის მიერ წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტი არის ერთნახევარ გვერდზე შესრულებული "საკასაციო მოსაზრება", რომლის მიხედვით ადვოკატი მოითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა კ. გ-ას წარმომადგენლის მიერ საკასაციო ინსტანციაში დახარჯულ დროსა და ინტელექტუალურ რესურსს წარმომადგენლის მომსახურებისთვის მოწინააღმდეგე მხარისთვის დასაკისრებელ თანხას განსაზღვრავს 200 ლარის მოცულობით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #-, გადახდის თარიღი 23.10.2020წ), 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ----;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. ხ-ს კ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი ხარჯის ნაწილი - 200 ლარი;
3. ა. ხ-ს (პ/ნ …) დაუბრუნდეს ვ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #-, გადახდის თარიღი 23.10.2020წ), 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ....;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე