Facebook Twitter

საქმე №ა-4092-ა-12-2019 26 თებერვალი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – კ. კ-ნი (მოპასუხე, კასატორი)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ნი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მ. ზ-ის, დ. კ-ის, კ. კ-სა (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი ან განმცხადებელი) და ნ. ნ-ის (შემდგომში ერთად წოდებული - მოპასუხეები) მიმართ, ბინის ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელის სარგებლობაში არსებული 90.06კვ.მ ფართის, მდებარე, თბ., … ქ.N…-ში საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ასევე, არ დაკმაყოფლდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ, 13 827 აშშ დოლარის მესაკუთრეთა შორის მათ წილთა შესაბამისად განაწილების შესახებ.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა (მოსარჩელე) და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილი იქნა ქ. თბილისში, …. ქუჩა ….-ში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი ….) 90.06 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N., N., N.) საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, კერძოდ, მოსარჩელეს ნ.ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4880 აშშ დოლარის გადახდა, დ.კ-ის სასარგებლოდ - 1627 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო კ.კ-ის სასარგებლოდ 813 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ.კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 691,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ კასატორმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დადასტურდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს 2019 წლის 18 თებერვალს (იხ., ს.ფ. …, ტ..). შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 თებერვალს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. ამდენად, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე, 63-ე და 396.3 მუხლებით და საკასაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

9. საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება სასამართლო მოხელის მიერ სატელეფონი შეტყობინებით ეცნობა კასატორს 2019 წლის 11 აპრილს (იხ., ს.ფ. …, ტ.).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე N….-…) შევიდა კანონიერ ძალაში და 2019 წლის 14 მაისს მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედირტორია - მოსარჩელე, ხოლო ერთ-ერთი მოვალე - კასატორი/განმცხადებელი (ტ.2. ს.ფ. ….).

11. საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, 2019 წლის 15 აპრილს, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კ. კ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2019 წლის 11 აპრილს ეცნობა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზის დადგენის შესახებ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის გამოც, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო 2019 წლის 25 მარტს მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ქულა მინიჭებულია 2017 წლის 25 თებერვალს (იხ., ტ.2. ს.ფ. …, …).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით კ.კ-ს 2019 წლის 15 აპრილის განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა, კერძოდ, განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2019 წლის 30 მაისს.

13. 2019 წლის 3 ივნისს განმცხადებელმა კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ მის მიერ 2019 წლის 15 აპრილის განცხადება, რომელსაც ერთვის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების (ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან ბათილად ცნობის საფუძვლით) მოთხოვნას, არამედ მითითებული განცხადებით კ. კ-მა აღმოფხვრა 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი (ტ.2. ს.ფ. …).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით კ.კ-ნს 2019 წლის 15 აპრილის განცხადებაზე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და განემარტა, რომ 2019 წლის 11 აპრილის სატელეფონო შეტყობინებით კასატორს ეცნობა 2019 წლის 11 მარტის განჩინება მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და არა განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და მისი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი წესით, რაც დასაშვებია დაინტერესებული პირის მიერ საქმის წარმოების განახლების განცხადების წარდგენით. ასეთი განცხადება მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ხარვეზით, კერძოდ, იგი არ პასუხობს სსსკ-ის 427.1 მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული განჩინება განმცხადებელს ჩაბარდა 2019 წლის 11 ივლისს (ტ.2. ს.ფ. …), რომელმაც, იმავე წლის 17 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება, იმ საფუძვლით, რომ არის მატერიალურად შეჭირვებული და ესაჭიროება უფასო ადვოკატის აყვანა (ტ.2. ს.ფ. …). განმცხადებლის მოთხოვნა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ., ტ.2. ს.ფ. …-…) და განმცხადებელს 5 დღით გაუგრძელდა ვადა მის მიერ 2019 წლის 15 აპრილს წარმოდგენილ განცხადებაზე.

15. 2019 წლის 21 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა კ. კ-ის განცხადება (ა-….-ა-…), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

16. საკასაციო საჩივარზე საკასაციო პალატამ დადგინა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით. კ.კ-მა, ხარვეზის შევსების მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მითითებული განცხადება საკასაციო პალატამ მიიჩნია ახალ, დამოუკიდებელ განცხადებად, რის გამოც, 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით განმცხადებელს დაავალა დაეზუსტებინა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხები.

17. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და განახლდეს საქმის წარმოება სსკ-ის 422-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით. განმცხადებელს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული კანონით დადგენილი წესები ხარვეზის შესახებ განჩინების მიღებისა და მისი მხარისათვის გადაცემის შესახებ, რაც ცალსახად გამორიცხავს საქმეზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას (იხ., ტ.2, ს.ფ. …-…).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით კ. კ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში (ტ.2. ს.ფ. …).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განცხადების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების პპ.-.. მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ სადავოდაა გამხდარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ კასატორმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 691,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დადასტურდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს 2019 წლის 18 თებერვალს (იხ., ს.ფ. …, ტ.2). შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 თებერვალს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, სსსკ-ის 59-ე, 63-ე და 396.3 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ ,დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

24. კანონმდებლობით ამომწურავადაა დადგენილი, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

25. კანონმდებელი, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად საქმის სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ განხილვას მიიჩნევს; ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, განჩინების ბათილობის კანონისმიერი საფუძვლების კვლევისათვის უნდა შემოწმდეს გააჩნდა თუ არა საკასაციო სასამართლოს საქმის განხილველ შემადგენლობას საქმის განხილვის კომპეტენცია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან მიმართებით (დამატებით იხ., სუსგ №ა-2778-ბ-11-2015, 28 სექტემბერი, 2015).

26. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსის შესაბამისად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამ შემთხვევაში, კანონმდებელს, ისეთი მხარე ყავს მხედველობაში, რომელიც ჩაბმულია, მონაწილეობს საქმეში, მაგრამ საქმის განხილვაში არ იყო მოწვეული და არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სსსკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრობითობის შესაძლებლობა (შეადრ: სუსგ №ას-730-2020 12.10.2020, პ.10).

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის (ხარვეზის დადგენა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და ა. შ) შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ ვალდებულებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი (მრავალთა შორისაა სუსგ №ას-710-2011-09, 07.09.2009წ.). ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015წ).

28. რაც შეეხება 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. მითითებული ნორმის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძლიანობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე. კანონმდებელი, ასეთ მხარედ იმას გულისხმობს, რომელიც საერთოდ არ იყო ჩაბმული საქმეში, მაგრამ მას შეეხო გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილება გამოვიდა მის წინააღმდეგ. ტერმინი „უშუალოდ ეხება“ მოცემულ ნორმაში მიუთითებს მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც ახასიათებს პროცესუალურ ტერმინს „მხარე“, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება „უშუალოდ ეხება“ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის თანახმად გააჩნიათ მოთხოვნის უფლება (მოსარჩელე), ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მოპასუხე) ან აქვთ დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მათ უფლებებსა და ინტერესებზე. შესაბამისად, სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი (შეადრ: სუსგ-ები №ა-4173-ბ-11-2019, 4 დეკემბერი, 2019. პპ:59-66; №ას-409-409-2018, 18 მაისი, 2018; №ას-269-269-2018, 20 მარტი, 2018; №ას-88-88-2018, 27 თებერვალი, 2018; №ას1450-1370-2017, 06 თებერვალი, 2018).

29. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის დასაბუთებაში მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარზე საკასაციო პალატამ დაადგინა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით. კ.კ-მა, ხარვეზის შევსების მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მითითებული განცხადება საკასაციო პალატამ მიიჩნია ახალ, დამოუკიდებელ განცხადებად, რის გამოც, 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით განმცხადებელს დაავალა დაეზუსტებინა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხები. წარმოდგენილ განცხადებაში კ.კ-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და განახლდეს საქმის წარმოება სსკ-ის 422-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით. განმცხადებელს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული კანონით დადგენილი წესები ხარვეზის შესახებ განჩინების მიღების, მისი მხარისათვის გადაცემის, რაც ცალსახად გამორიცხავს საქმეზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას (იხ., წინამდებარე განჩინების პპ-..-..).

30. საკასაციო პალატა განმცხადებლის ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინების პპ: ., .-ში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 691,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დადასტურდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინება, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს 2019 წლის 18 თებერვალს (იხ., ს.ფ. …, ტ.2). შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 თებერვალს და ამოიწურა 2019 წლის 25 თებერვალს.

31. წინამდებარე განჩინების პ.,,-ით დადგენილია, რომ კ.კ-მა (კასატორი/განმცხადებელი), მხოლოდ მას შემდეგ წარმოადგინა ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტი (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი), რაც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა და განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა.

32. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს სსსკ-ის 59-ე, 63-ე და 396.3 მუხლების პროცესუალურ შედეგს: სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სსკ-ის 63-ე მუხლის დანაწესით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილიასაპროცესო ვადისგასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სსსკ-ის 396.3 მუხლის მიხედვით კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

33. რაც შეეხება თავად საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე ხარვეზის დადგენის მართლზომიერებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად საკასციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომელთა შესრულება სავალდებულოა კასატორისათვის.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პ…-ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და კასატორის ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 396.3 მუხლზე, რომლის შინაარსის გათვალისწინებით თუ, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კ.კ-ის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟი და არც საქმის წარმოების შესაბამის ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უტყუარი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი საკასაციო საჩივართან ერთად, კასატორს სწორად დაუდგინა ხარვეზი.

35. შესაბამისად, გასაზიარებელი არაა განმცხადებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული კანონით დადგენილი წესები ხარვეზის შესახებ განჩინების მიღების, მისი მხარისათვის გადაცემის, რაც ცალსახად გამორიცხავდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

36. საკასაციო პალატა არ იზიარებს, კ.კ-ის მიერ, 2019 წლის 15 აპრილის განცხადებაში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ კასატორს 2019 წლის 11 აპრილს ეცნობა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზის დადგენის შესახებ. საკასაციო პალატა განმცხადებლის ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინების პ. ..- ზე რომლითაც დადგენილია, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ ეცნობა 2019 წლის 18 თებერვალს (იხ., ს.ფ…., ტ.2), მან კი, 2 თვის შემდეგ - 2019 წლის 15 აპრილის მომართა საკასაციო პალატას და ის დოკუმენტი წარმოადგენა, რომლის ხარვეზის აღმოსაფხვრელად იყო საჭირო.

37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ სსსკ-ის 422-ე მუხლით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

38. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია აგრეთვე ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო (სსსკ-ის 423-ე მუხლი), შესაბამისად, საკასაციო პალატა კ. კ-ის 2019 წლის 21 აგვისტოს განცხადებას შეამოწმებს სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებთან მიმართებითაც.

39. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

41. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. „სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არ მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“. (იხ. დამატებით: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.).

42. მაშასადამე, ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც რეალურად არსებობდა საქმის განხილვის მომენტში და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმისათვის, ე.ი. იწვევს მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას.

43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მაშასადამე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების ჩამონათვალი ამომწურავია და არ შეიძლება განივრცოს. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „დაუშვებელია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ არასწორადაა გამოყენებული მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმები. ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გადასინჯვის მექანიზმი, სრულიადაც არ არის მომარჯვებული ამ ამოცანათა შესრულებაზე, ამიტომ მისმა გამოყენებამ ამ მიზნებით შესაძლოა სასამართლო წესით უფლების დაცვის გარანტიების განმტკიცება კი არ გამოიწვიოს, არამედ მათი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში განმტკიცებულ ადამიანის უფლებათა სასამართლო წესით დაცვის გარანტიას“ (იხ. დამატებით: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2015 წელი, 738).

46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება ვერ მიიჩნევა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

47. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, იმ დაშვების შემთხვევაშიც, რომ 2019 წლის 21 აგვისტოს განცხადება წარმოადგენს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლადაღმოჩენილ გარემოებას, მაინც არ არსებობს განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა, რადგან სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს კანონით დადგენილი წესით ეცნობა 2019 წლის 18 თებერვალს. ხარვეზის შეუვსებლობის გამო, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, ხოლო კასატორმა კი ხარვეზის საფუძვლად მითითებული გარემოების აღმოსაფხვრელად, 2019 წლის 15 აპრილს წარმოადგინა 2019 წლის 25 მარტს მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, საიდანაც ირკვევა, რომ მას ქულა მინიჭებული ჰქონდა ჯერ კიდევ, 2017 წლის 25 თებერვალს (იხ. ტ.2. ს.ფ. ….). განმცხადებელი არ უთითებს, რატომ არ დაურთო აღნიშნული ამონაწერი საკასაციო საჩივარს ან რამ შეუშალა ხელი, ეცნობებინა ამის თაობაზე საკასაციო სასამართლოსათვის განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ დარღვეულია სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესიც.

48. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

49. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, კასატორს ჩაბარდა 2019 წლის 18 თებერვალს, რომელსაც საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

51. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

52. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

53. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის არგუმენტები არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობაში, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც, განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 422-ე და 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. კ-ის განცხადება კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე