გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-2-გ-01 13 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა კორპორაცია «ქ.» შპს «ა.» მეანაბრეების: დ. წ-იას, გ. ბ-შვილის, ნ. გ-ძის და სხვათა კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 17 დეკემბერს კორპორაცია «ქ.» შპს «ა.» მეანაბრეთა სახელით დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «ა.» მეანაბრემ ნ. გ-ძემ. სასარჩელო განცხადებით ნ. გ-ძე დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელთა უკანონო სააღსრულებო მოქმედებების გაუქმებას მოითხოვდა. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც საქმის წარმოებაზე უფლებამოსილება არ გააჩნდა. ამ განჩინების გაუქმების თაობაზე 2000 წლის 1 თებერვალს კორპორაცია «ქ.» შპს «ა.» მეანაბრეების: დ. წ-იას, მ. ბ-შვილის, მ. ს-ძის, ნ. გ-ძის და სხვათა მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი. რაიონული სასამართლოს მიერ კერძო საჩივარი განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, შედის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად დავა ადმინისტრაციულ სამართლებრივია, რის გამოც 2000 წლის 11 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადასცა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრება, მიიჩნია, რომ აღნიშნული კერძო საჩივარი არ არის ადმინისტრაციული პალატის განსჯადი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა. ამასთან, მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ აღნიშნული დავა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია. საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, «ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს», მაგრამ ამავე კოდექსის მე-3 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს ამ კოდექსის მოქმედების სფეროს და აკონკრეტებს, რომ «ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან» (მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი).
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ კორპორაცია «ქ.» შპს «ა.» მეანაბრის ნ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია დედოფლისწყაროს რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელთა მოქმედებაზე, რომელიც სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთანაა დაკავშირებული და ამდენად, ამ საქმიანობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება ვერ გავრცელდება. საკასაციო პალატის აზრით, დავა იმ შემთხვევაში იქნებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, თუკი მოსარჩელე სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იდავებდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კორპორაცია «ქ.» შპს «ა.» მეანაბრეების: დ. წ-იას, მ. ბ-შვილის, მ. ს-ძის, ნ. გ-ძის და სხვათა კერძო საჩივარი დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეგზავნოს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.