Facebook Twitter

საქმე №ას-521-2022 07 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. გ-მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ შემოსავლების სამსახური (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 მარტის №… ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; 2. მოსარჩელე აღდგენილ იქნას სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე; 3. მოსარჩელეს აუნაზღაურდეს იძულებითი შრომითი განაცდური, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელზე მისაღები ხელფასის სახით - 1096 ლარის ოდენობით.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურში. 2021 წლის 18 თებერვალს იგი იმყოფებოდა ინვენტარიზაციაზე ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე (სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მაღაზია). მის უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა აღნიშნულ ობიექტზე დაკვირვება-დათვლის პროცესი.

3. 2021 წლის 16 მარტს მოპასუხემ გამოსცა ბრძანება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ზომის ,,სამსახურიდან გათავისუფლების„ გამოყენების შესახებ, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სამსახურების მონიტორინგის უფროსის 2021 წლის 12 მარტის №…. წერილი.

4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხის მიერ გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამსახურეობრივი შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მასალებისა და მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებს, რომელთა შორისაა მოსარჩელეც, 2021 წლის 15 თებერვლის №… ბრძანებით დაევალათ ერთ-ერთი ინდ. მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულებების ინვენტარიზაციის განხორციელება. სმფ-ების ბუღალტრულ დოკუმენტებში აღრიცხული და ფაქტობრივი მდგომარეობის მონაცემების შედარება დაევალა აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების უფლება-მოვალეობას, ზემოაღნიშნულ ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა და სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. სამსახურეობრივი შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის მიმდინარეობის პროცესში მთავარი ოფიცერი, მთავარი ოფიცერი, უფროსი ოფიცერი და უფროსი ოფიცერი - მოსარჩელე ინდ. მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილზე, სადაც მიმდინარეობდა ინვენტარიზაცია, რამდენიმე დღის განმავლობაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ინდ. მეწარმის თანამშრომლებთან ერთად იღებდნენ გადასახადის გადამხდელის მიერ შეთავაზებულ საკვებსა და რიგ შემთხვევებში, ალკოჰოლურ სასმელს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უფროსმა ოფიცერმა - მოსარჩელემ გადასახადის გადამხდელთან გაამჟღავნა სხვა სამსახურეობრივ მოვალეობებთან და დავალებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. მეწარმისა და მისი წარმომადგენლების თანდასწრებით მოსარჩელის მიერ მრავალგზის შეურაცხმყოფელი და არაეთიკური სიტყვებით იქნა მოხსენიებული, მისი უშუალო ხელმძღვანელობა და სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული ვითარება. აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის ახსნა- განმარტებაც, რომლის თანახმად, სამუშაო პროცესში საუბარი ჩამოვარდა ზოგად პოლიტიკურ სიტუაციაზე და ასევე შემოსავლების სამსახურში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. საუბრის პროცესში რამდენჯერმე უხამსად, არაეთიკურად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია უშუალო ხელმძღვანელი და ზოგადად სამსახურში შექმნილი ვითარება.

6. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 მარტის №… ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის უხეში დარღვევის, ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის გამო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის სამმართველოს უფროსი ოფიცერის - მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,სამსახურიდან გათავისუფლება" და 2021 წლის 16 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ., შესაგებელი).

7. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 16.03.2021წ. №… ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე; სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2021 წლის 16 მარტიდან - თანამდებობაზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 1096 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); სსიპ შემოსავლების სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1183.68 ლარის ოდენობით.

8. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გამოტანილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში- სსკ-ის) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი („დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“).

11. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა განხორციელებული იყო თუ არა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები.

12. აპელანტი (მოპასუხე) კომპანია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის კანონიერების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებდა, მოსარჩელის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შემდეგი ქმედებების განხორციელებაზე: შესამოწმებელ ობიექტზე გადასახდის გადამხდელის მიერ შეთავაზებული საკვების და ალკოჰოლურის სასმელის მიღება, მეწარმესთან არაპროცედურული და არასამსახურეობრივი საკითხების განხილვა, სამსახურეობრივი დავალებების მიღების თაობაზე უკმაყოფილების გამოთქმა, ბილწი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით არაერთგზის სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მოხსენიება, სხვა სამსახურეობრივი საკითხების (სხვა საგადასახადო შემოწმების საკითხების) გამჟღავნება ინდ. მეწარმესთან.

13. ზემოაღნიშნული მოქმედებები დამსაქმებლის მიერ შეფასდა შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად, რის გამოც, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,სამსახურიდან გათავისუფლება".

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დარღვევის მოქმედების (ან უმოქმედობის) სიმძიმის შესაფასებლად, პირველ რიგში, გამოკვლეული უნდა იქნეს მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები (იხ. სუსგ, №ას-127-123-2016, 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება).

15. სშკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი. იგი ვალდებულია შრომის შინაგანაწესი დასაქმებულს გააცნოს. მეორე ნაწილით შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო დღეს სამუშაოს დაწყების დრო და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისების სახე, პასუხისმგებლობის სახე და მათი გამოყენების წესები; თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები.

16. სასამართლომ აღნიშნა რომ საქმეში არ წარმოდგენილა მოსარჩელისათვის შრომის შინაგანაწესის კანონით დადგენილი წესით გაცნობის დამადასტურებელი მტკიცებულება. შეკითხვების ეტაპზე, მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შრომის ხელშეკრულების ნაწილია შრომის შინაგანაწესი და ხელშეკრულებაზე დასაქმებულის მხრიდან ხელის მოწერისას ფიქსირდება, რომ შრომის შინაგანაწესს გაეცნო დასაქმებული შრომითი ურთიერთობის დასაწყისშივე. მოსარჩელემ სადავოდ გახდა მისთვის შრომის შინაგანაწესის გაცნობის ფაქტი. აღნიშნულის გამო, შრომის შინაგანაწესის გაცნობის მტკიცების ტვირთი გადავიდა დამსაქმებელზე. მოპასუხე მხარის მიერ საქმეზე არ წარმოდგენილა მოსარჩელისათვის შრომის შინაგანაწესის სათანადო წესით გაცნობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ წარმატებით ვერ დაძლია ამ ნაწილში მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ იცნობდა სამსახურის შრომის შინაგანაწესს.

17. სასამართლოს მითითებით, აღნიშნულ საკითხს მნიშვნელობა ენიჭება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებლის მიერ მითითებული იქნა შრომის შინაგანაწესის დარღვევა. დამსაქმებელი მოსარჩელის მხრიდან განხორციელებულ დარღვევად მიიჩნევდა ამ განჩინების პ-.-ში აღნიშნულ ქმედებებს. ამ ქმედებათა მოსარჩელის მიერ განხორციელების დამადასტურებელ მტკიცებულებად დამსაქმებელი მიუთითებდა სამსახურეობრივი მოკვლევის მასალებზე, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებსა და თავად მოსარჩელის წერილობით ახსნა-განმარტებაზე.

18. დამსაქმებლის მიერ უხეშ დარღვევად, ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად შეფასებული ქმედებების ჩადენას უმეტეს ნაწილში კი უარყოფდა მოსარჩელე, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დაადასტურა მხოლოდ მის მიერ მცირეოდენი საკვების მიღების ფაქტი სამუშაო ადგილზე.

19. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია არამართლზომიერი ქმედების დასაქმებულის მხრიდან ჩადენა ემყარებოდეს ვარაუდს. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სავარაუდო ქმედებას შედეგად ყველაზე მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება მოჰყვა. ამგვარი ქმედების ჩადენა დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მყარი მტკიცებულებებით.

20. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მხრიდან შესამოწმებელ ობიექტზე ალკოჰოლური სასმელის მიღება, მეწარმესთან არაპროცედურული და არასამსახურეობრივი საკითხების განხილვა, სამსახურეობრივი დავალებების მიღების თაობაზე უკმაყოფილების გამოთქმა და სხვა სამსახურეობრივი საკითხების (სხვა საგადასახადო შემოწმების საკითხების) გამჟღავნება, არ დასტურდებოდა. აღნიშნული გარემოებები არ დადასტურდა არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად მოწმეთა სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებულ მოქმედებათა მოსარჩელის მხრიდან განხორციელების მტკიცების ტვირთი, რომელიც დამსაქმებელზე იყო, ამ უკანასკნელის მიერ ვერ იქნა დაძლეული.

21. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკის გამოთქმას, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხე მხარე მიუთითებდა სამსახურეობრივ მოკვლევის მასალებსა და თავად მოსარჩელის აღიარებით ახსნა-განმარტებაზე, რომელიც წერილობითი ფორმით შედგა. აღნიშნულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით მხარეებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.

22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის აღიარებითი შინაარსის მქონე წერილობითი ახსნა-განმარტება სასამართლოში წარადგინა მოპასუხემ, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს გადაეკისრა. მოსარჩელემ კი, განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა აღნიშნულ წერილობითი ახსნა-განმარტების შედგენასთან მიმართებით სასამართლო სხდომაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებების შეფასების შედეგად სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ზეპირი განმარტებები წინააღმდეგობრივია და გამორიცხავს ერთმანეთს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის უკანასკნელ განმარტებასთან მიმართებით (მოსარჩელეს ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს ხელი, რომელზეც ტექსტის დატანა მოგვიანებით მოხდა) სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია მითითებული გარემოების დადასტურება სასამართლოს მეშვეობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ მოსარჩელე არ იცნობდა ახსნა-განმარტებას, ისე მოაწერა ხელი. აგრეთვე, უარყოფილი იქნა მითითება, რომ ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერინეს და ტექსტი მასზე მოგვიანებით დაიტანეს, მისგან დამოუკიდებლად.

23. რაც შეეხება მოსარჩელის თავდაპირველ განმარტებას მასზედ, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს, უთხრეს, რომ ამგვარი განმარტების დაწერის შემთხვევაში, მასზე რეაგირება არ მოხდებოდა, ან მსუბუქი სახდელი დაეკისრებოდა. მას ამგვარი განმარტების გამო გაუჩნდა შენიშვნის მიღების მოლოდინი, რის გამოც, დაწერა აღნიშნული განმარტება, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ზეპირი განმარტებები ვერ გააქარწყლებდა მისივე წერილობით განმარტებაში მოყვანილ გარემოებებს.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოხელე უფლებამოსილია, სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრება სამსახურში არსებული ხარვეზების შესახებ, რაც შესაძლოა განხორციელდეს, როგორც უფლებამოსილი პირისათვის/ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით, ასევე აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გონივრული ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, უნდა არსებობდეს ინფორმაციის სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიწოდების დაშვების სათანადო წინაპირობები. ,მოხელის მიერ დამსაქმებელ ორგანიზაციაში შესაძლო კანონშეუსაბამო ქმედებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს დაცვის ღირსი. ასეთ დროს, შეფასებას საჭიროებს ინფორმაციის შინაარსი, ავთენტურობა, საჯარო ინტერესის სფეროსადმი კუთვნილება, ინფორმაციის გავრცელების საჭიროება და აუცილებლობა, სამსახურისთვის მიყენებული შესაძლო ზიანი, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშედარება და სხვა. ზემოაღნიშნულის გარდა, სასამართლომ გაითვალისწინა აგრეთვე დასაქმებულის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის გავრცელების მცირე მასშტაბი, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დგინდება იმ პირთა მაქსიმალური რაოდენობა, რომლებსაც შესაძლოა, მოესმინათ მოსარჩელის მიერ გამოთქმული მოსაზრებები იყო 10 პირი, მათ შორის, მეწარმის 6-7 თანამშრომელი. ამასთანავე, მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა სამსახურეობრივი მოკვლევის შედეგად დადგენილი უშუალოდ მოსარჩელის მიერ წარმოთქმული ფრაზები. შესაბამისად, ამგვარი მითითების პირობებში, სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მოსარჩელის მიერ გამოთქმული კრიტიკა გასცდა გამოხატვის ფარგლებს და მიიღო საჯარო ინტერესისთვის ზიანი მომტანი, ან სამსახურის რეპუტაციის შემლახველი შინაარსი

25. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი აპელანტი (მოპასუხე მხარე) მტკიცებულებებით დაადასტურებდა დასაქმებულის მიერ საქმეში მითითებულ დარღვევებს/გადაცდომებს, ეს არ უნდა შეფასებულიყო უხეშ დარღვევად და არ უნდა გამხდარიყო მისი უალტერნატივოდ თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენდა ისეთი ხასიათის დარღვევას, რომლისთვისაც რელევანტური იქნებოდა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს უნდა ეხელმძღვანელა “ULTIMA RATIO“-ს პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით.

26. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიმართ წარსულში გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიება. მოპასუხე მხარის ზეპირსიტყვიერი მითითება კი, მოსარჩელის მხრიდან წარსულში შრომის შინაგანაწესის დარღვევის და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების თაობაზე, არ წარმოადგენდა საკმარისს აღნიშნულ ნაწილში მტკიცების ტვირთის დასაძლევად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამგვარი გარემოების არსებობას მოსარჩელე უარყოფდა.

27. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განხორციელებული არ იყო სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი (ამჟამინდელი რედაქციით 47-ე მუხლი), რაც შეეხება უფლებრივ რესტიტუციას, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

28. მოცემულ საქმეზე, უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის თანამდებობა, რომელსაც იგი იკავებდა გათავისუფლებამდე, ვაკანტურია. ამდენად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, რის გამოც, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე.

29. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1096 ლარს, ხელზე ასაღები თანხის სახით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მიზნით სწორად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასი 1096 ლარის ოდენობით.

30. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის (აპელანტი) მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების და სარჩელის უარყოფა.

31. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელისათვის სამსახურის შინაგანაწესი ცნობილი იყო. კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია, თითქოს, რომ მოსარჩელე არ იცნობდა შინაგანაწესს, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი, მოსარჩელს სარჩელში არ მიუთითებია. ამასთან, ვინაიდან ამ საკითხზე არ ჰქონდა ფაქტობრივი გარემოება დადგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს, ეს საკითხი არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ უნდა დაედგინა. აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელეს რომ მიეთითებინა სარჩელში, მოპასუხე ცხადია აღნიშნულის დასადასტურებლად მტკიცებულებას წარადგენდა.

32. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ წერილობით ახსნა-გამარტებაში მითითებული გარემოებები, არ უნდა შეფასებულიყო უხეშ დარღვევად, რაც განაპირობებდა მოსარჩელის მიმართ უმკაცრესი ღონისძიების- სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენებას. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურისა და იერარქიულად მისი ზემდგომი პირების მიმართ რეპუტაციის შემლახავი ქმედება იმ ობიექტზე, სადაც მოსარჩელე სამსახურეობრივ ფუნქციას ასრულებდა, წარმოადგენს „უხეშ დარღვევას“ (იხ., კასაციის საფუძვლები)

სამოტივაციო ნაწილი:

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

34. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

35. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი იმ საფუძვლით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებას, რომლითაც უარყოფილი იქნა დამსაქმებლის (მოპასუხე) მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რომ მოსარჩელემ (დასაქმებული) უხეშად დაარღვია სამსახურებრივი შენაგანაწესი.

36. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ., სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021, Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16).

37. ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

38. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ., სუსგ-ები Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.; №ას-630-630-2018 , 6 ივლისი, 2018 წელი; საქმე №ას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წელი).

39. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა, მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.

40. მითითებული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ., სუსგ №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019, პ.25).

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის (თანაზომიერება) და გონივრული საფუძვლის პრინციპი. თანაზომიერება, ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე ULTIMA RATIO კი, განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი (იხ., №ას-499-499-2018, 08 ივნისი, 2018).

42. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

43. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროპორციულობის პრინციპის დაცვით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, არასათანადო მოქმედებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (შდრ: სუსგ №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი; №ას-12-12-2018, 16 მარტი, 2018).

44. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა). შესაბამისად, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია განხორცილებულია თუ არა აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

46. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავოდ გახადა სამუშაოდან მისი გათავისუფლების კანონიერება. შესაბამისად, სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის მტკიცების ტვირთმა მოპასუხის (დამსაქმებელი) გადაინაცვლა.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). მაშასადამე, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია მეტადრე იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ , კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. საქმე იმაში, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“) საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი). მტკიცებითი საქმიანობის სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული მიდგომა შესაბამისობაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და ამ თვალსაზრისით განვითარებული პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. N158 კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან დაცვის ეფექტიან საშულებად მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას ადგენს. კონვენციის ამ დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს; სწორედ ამიტომ, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. ყოველ შემთხვევაში, კონვენცია ამ საკითხის მოწესრიგებას ეროვნული კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას უტოვებს (Termination of Employment Convention, 1982 (N158) (Article 9, p.1.p2.); Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 80).

48. განსახილველ დავაში, მოპასუხემ (დამსაქმებელი) მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის კანონიერების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითა მოსარჩელის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შემდეგი ქმედებების განხორციელებაზე: შესამოწმებელ ობიექტზე გადასახდის გადამხდელის მიერ შეთავაზებული საკვების და ალკოჰოლურის სასმელის მიღება, მეწარმესთან არაპროცედურული და არასამსახურეობრივი საკითხების განხილვა, სამსახურეობრივი დავალებების მიღების თაობაზე უკმაყოფილების გამოთქმა, ბილწი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით არაერთგზის სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მოხსენიება, სხვა სამსახურეობრივი საკითხების (სხვა საგადასახადო შემოწმების საკითხების) გამჟღავნება ინდ. მეწარმესთან (იხ., ამ განჩინების პ..). ეს მოქმედებები დამსაქმებლის მიერ შეფასდა შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად, რის გამოც, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,სამსახურიდან გათავისუფლება". თუმცა, საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ შინაგანაწესს, რომლის დარღვევასაც დამსაქმებელი ეცდავება დასაქმებულს, დასაქმებული (მოსარჩელე) კანონით დადგენილი წესით იყო გაცნობილი. ეს გარემოება შედავებულია საკასაციო საჩივრითაც, თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრტენზია ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, გასაზიარებელია ამ განჩინების პ…-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

49. რაც შეეხება დამსაქმებლის მიერ უხეშ დარღვევად, ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად მიჩნეულ ქმედებებს, ამ ნაწილშიც, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს, რომ დამსაქმებელმა ამის დამადასტურებელ უტყუარი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

50. მოსარჩელის მიერ სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკის გამოთქმის ნაწილში, დამსაქმებლის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ თუკი დამსაქმებელი (მოპასუხე მხარე) რელევანტური მტკიცებულებებით დაადასტურებდა დასაქმებულის მიერ საქმეში მითითებულ დარღვევებს/გადაცდომებს, ეს არ უნდა გამხდარიყო მისი უალტერნატივოდ თანამდებობიდან დათხოვნის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენდა ისეთი ხასიათის დარღვევას, რომლისთვისაც რელევანტური იქნებოდა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს უნდა ეხელმძღვანელა “ULTIMA RATIO“-ს პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (შდრ: №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015; სუსგ №ას-499-499-2018, 08 ივნისი, 2018).

51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად მოშლა დასაქმებულის მხრიდან მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების მოტივით უკიდურეს სახეს უნდა წარმოადგენდეს და ჩადენილი გადაცდომის ადეკვატურ სხვა დისციპლინურ პასუხისმგებლობას არ უნდა ადგენდეს შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

52. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ მან ვერ შეძლო სასამართლოს დარწმუნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების არსებობაში.

53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მართლზომიერების დადასტურების ტვირთი დამსაქმებელს (კასატორი) ეკისრებოდა.

54. საკასაციო პალატა შეზღუდულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპის დასრულების დროისათვის წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევით. სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას _ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

55. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას.

56. დამსაქმებლის პროცესუალური ინსტრუმენტი შესაგებელია. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ი. გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020წ. გვ.168, 169, 214-215, 221, 231).

57. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

58. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

59. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

60. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.

61. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროპორციულობის პრინციპის დაცვით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებულ წინაპორობების დადასტურებას დამსაქმებელმა თავი წარმატებით ვერ გაართვა.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი