საქმე №ას-576-2022 7 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ს ჯ-ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ-ს ჯ-ას“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, 2018 წლის 17 მაისის №… ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 17 977,54 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 17 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა №… ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა, ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, სამინისტროს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე სანივთე ჩანთის შესყიდვა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო 2018 წლის 12 ოქტომბრის შეთანხმების ოქმით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა სულ - 195 408,00 ლარი.
3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების ჯეროვნი შესრულება, რაც გამოიხატა საქონლის დაგვიანებით მიწოდებაში, კერძოდ, 2018 წლის 15 აგვისტოს ნაცვლად, ხელშეკრულების საგანი შემსყიდველს მიეწოდა 2018 წლის 30 სექტემბერს, 46 დღის ვადაგადაცილებით, რის გამოც 2018 წლის 29 ნოემბრის აქტით დაერიცხა პირგასამტეხლო. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 16.7 პუნქტის თანახმად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი.
4. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2018 წლის 29 ნოემბრის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 17 977,54 ლარს (195 408,00*0,2%*46). მოპასუხეს გაეგზავნა დასახელებული აქტი და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განესაზღვრა 10 დღე, თუმცა მიმწოდებელს თანხა არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე არ ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმცა მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0,2% არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა. მოპასუხე თანახმაა გადაიხადოს 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სულ - 1797,75 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1 797,75 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა №… ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა, ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, სამინისტროს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე სანივთე ჩანთის შესყიდვა.
9. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (8.1 პუნქტი); ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით (22.1 პუნქტი);
10. 2018 წლის 12 ოქტომბრის „№… შეთანხმების ოქმის“ შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
11. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა - 195 408,00 ლარი (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი).
12. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
13. ხელშეკრულების 16.7 პუქნტის თანახმად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა.
14. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი.
15. 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №… აქტის თანახმად, მიმწოდებელმა - 167 866,80 ლარის ღირებულების საქონელი (წყლის ზურგჩანთა) მიაწოდა შემსყიდველს; დროებითი შენახვის აქტი (№..) კი თარიღდება 2018 წლის 30 სექტემბრით.
16. 2018 წლის 29 ოქტომბრის №…. აქტით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო - 17 977,54 ლარი (195 408,00*0,2%*46): ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღიებულება - 195 408,00 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი - 30.09.2018 წელი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 46 დღე.
17. მხარეებს შორის არ არის სადავო ვაგადაცილებული დღეების რაოდენობა და შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი.
18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 17 977,54 ლარი (195 408,00*0,2%*46) ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
19. სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, შესაბამისად, საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
20. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
21. სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.
22. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული.
23. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ. აპელანტმა შედავება სასამართლოს სამართლებრივი შეფასების ნაწილში წარადგინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირდა და მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1 797.75 ლარის გადახდა.
24. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
25. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
26. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
27. სააპელაციო პალატამ განმეორებით განმარტა, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას, - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს.
28. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის) დარიცხული პირგასამტეხლო 17 977,54 ლარია, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რა შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო 1 797,75 ლარის ოდენობით, გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და სსკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს იძლეოდა.
29. სამოქალაქო სამართალში პროცესის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გონივრულობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. ზემოთ თქმულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) შეძლო სასამართლოსთვის შეექმნა ვარაუდი, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების წინაპირობები არსებობდა. იმისათვის, რათა კონკრეტული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს აუცილებელია, მხარეებმა სასამართლოს დასაბუთებული და არა ზოგადი პოზიციები წარუდგინონ, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი და მხოლოდ ზოგადი მითითებები დაუდოს საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას.
30. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია. მოპასუხის მიერ მოსარჩელე მხარეს ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2018 წლის 17 მაისის №… ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.2% სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შემცირდა და 0.02%-ით განისაზღვრა, რაც ვადაგადაცილებულ (46) დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 1797,75 ლარს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განჩინება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არასრულია. სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა, რატომ გამოიყენა კანონი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
33. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, თუმცა მაინც შეამცირა სადავო პირგასამტეხლო. მოქმედ სამოქალაქო კანონმდებლობაში სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობად მიჩნეულია მხარის ქონებრივი მდგომარეობა და დაზარალებულის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძვლად უნდა დადებოდა.
34. სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების საფუძველზე კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილია მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი.
35. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე სადავო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად შეფასების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე სააპელაციო პალატამ ვერ მიუთითა.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
39. მხარეთა შორის 2018 წლის 17 მაისს გაფორმდა №… ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა, ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, სამინისტროს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში საველე სანივთე ჩანთის შესყიდვა.
40. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (8.1 პუნქტი); ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით (22.1 პუნქტი);
41. 2018 წლის 12 ოქტომბრის „№… შეთანხმების ოქმის“ შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
42. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა - 195 408,00 ლარი (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი).
43. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 16.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
44. ხელშეკრულების 16.7 პუქნტის თანახმად, დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, იმის მიხედვით, თუ ამ გარემოებებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა.
45. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი.
46. 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №… აქტის თანახმად, მიმწოდებელმა - 167 866,80 ლარის ღირებულების საქონელი (წყლის ზურგჩანთა) მიაწოდა შემსყიდველს; დროებითი შენახვის აქტი (№…) კი თარიღდება 2018 წლის 30 სექტემბრით.
47. 2018 წლის 29 ოქტომბრის №… აქტით მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო - 17 977,54 ლარი (195 408,00*0,2%*46): ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღიებულება - 195 408,00 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების თარიღი - 30.09.2018 წელი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 46 დღე.
48. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა შეთანხმებული იყო მხარეთა შორის ხელშეკრულებით, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვერ გამოიკვლია და დაასაბუთა იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევისა და მისი შემცირების სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
50. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
51. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
52. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
53. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
56. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
57. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
58. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ . Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
59. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით (სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით) აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
60. პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
61. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ 10.12.2020წ. საქმე №ას-888-2020).
65. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაასაბუთა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
66. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
67. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
68. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
69. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე