Facebook Twitter

საქმე №ას-627-2022 7 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. კ. მ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ს“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სახელფასო დავალიანების - 1200 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 28 სექტემბრამდე, რაც შეადგენს 1543.92 ლარს, ასევე, იძულებითი განაცდურის - 17878 ლარის ანაზღაურება 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 28 სექტემბრამდე.

2. მოსარჩელემ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 15 სექტემბერს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მოსარჩელე გაათავისუფლა იურისტის თანამდებობიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის ანაზღაურება, რაც წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას. თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2015 წლის 15 სექტემბრისთვის, როდესაც გამოსცა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო სახელფასო დავალიანება შეამცირა 1200 ლარამდე.

6. 2020 წლის 28 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მოპასუხის მიმართ 1200 ლარის დაკისრების თაობაზე, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2015 წლის 15 სექტემბრამდე, საბოლოო ანგარიშსწორებისას.

7. საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სასამართლოს ორივე დაადასტურა მოპასუხის ვალდებულება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, ამდენად, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 28 სექტემბრამდე, რაც შეადგენს 17878 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 1543.92 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1200 ლარს. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, მოსარჩელე ვალდებული იყო, საქართველოს შრომის კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიემართა ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი სამსახურში აღდგენისა და სახელფასო დავალიანების შესახებ აღძრა 2015 წელს, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები იმ დროისთვის მას არ წარუდგენია. მოსარჩელის მიზანი იყო მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლი პირს უკრძალავს უფლების ბოროტად გამოყენებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო სახელფასო დავალიანების დაყოვნებისთვის, 1200 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 15 სექტემბრიდან - 2020 წლის 28 სექტემბრამდე, 1543.92 ლარის ოდენობით, ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 15 სექტემბრიდან - 2020 წლის 28 სექტემბრამდე, 17878 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, 2022 წლის 23 მარტს, 16:00 საათზე. სასამართლო სხდომის (მათ შორის ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩატარების შესახებ) მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

12. 2022 წლის 23 მარტს მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე სასამართლო სხდომის გადადების შესახებ, რადგან 2022 წლის 23 მარტს, 16:00 საათზე (2021 წლის დეკემბერში) დანიშნული ჰქონდა სხვა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის გამოც იგი ვერ შეძლებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას.

13. სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 23 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, ზემოაღნიშნული გარემოების საპატიოდ მიჩნევის გამო, საქმის განხილვა გადაიდო 2022 წლის 6 აპრილს, 10:00 საათზე (სხდომის დარბაზი N..). სხდომაზე გამოუცხადებელი აპელანტი მხარის წარმომადგენელს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მომდევნო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე. ამასთან, განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ 2022 წლის 6 აპრილს სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.

15. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

16. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის, 229-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

17. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ მოითხოვს მის განუხილველად დატოვებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

18. ამასთან, აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსსკ-ის 70-ე - 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

19. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა 2022 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც აპელანტის წარმომადგენელი, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის გამო, არ ესწრებოდა, თუმცა სატელეფონო შეტყობინების შესახებ 2022 წლის 29 მარტის აქტით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა მომდევნო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე. ამასთან, განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. ამდენად, საქმეში მონაწილე პირისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი სტანდარტი დაცულია.

20. ამდენად, არსებული მოცემულობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, თავის მხრივ, მოპასუხის სააპელაციო საჩივრი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

22. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესებით, რის შედეგადაც მას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

25. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

26. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

27. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

28. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

29. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).

30. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სადავო სხდომის შესახებ ეცნობა აპელანტ მხარეს კანონით დადგენილი წესით.

31. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

32. განსახილველი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტი შპს-ს წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით – ავადმყოფობის გამო.

33. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, აპელანტი მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

34. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

35. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

36. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

37. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

38. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, რომ სხდომის დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მან ობიექტურად ვერ შეძლო პროცესზე დასწრება და აღნიშნული შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინება. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა 2022 წლის 7 ივლისს წარმოადგინა სამედიცინო ცნობა, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სამედიცინო დოკუმენტში სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ იკვეთება.

39. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო.

40. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე