Facebook Twitter

საქმე №ას-668-2022 7 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. და ნ. ჩ-ბი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ჩ-ემ (პირველი მოსარჩელე), გ. (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) და ნ. ჩ-მა (შემდგომ – მესამე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. ჩ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ - 50000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარისა და მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2016 წლის 23 აგვისტოს ა. ჩ-ეს (შემდგომ - მამკვიდრებელი), ფიზიკურ პირსა და მოპასუხეს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმად შეთანხმებული 800 000 აშშ დოლარიდან მოპასუხემ მამკვიდრებლისგან ისესხა 400 000 აშშ დოლარი, რაც მას უნდა დაებრუნებინა ეტაპობრივად: 30.04.2017 წელს - 200 000 აშშ დოლარი, ხოლო არაუგვიანეს 31.12.2017 წლისა - 200 000 აშშ დოლარი.

3. 2018 წლის 3 მაისს მამკვიდრებელი გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეები არიან მეუღლე - პირველი მოსარჩელე და შვილები - მეორე და მესამე მოსარჩელეები.

4. 2016 წლის 23 აგვისტოს შეთანხმების შესახებ მოსარჩელეებისთვის ცნობილი გახდა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ. საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 100 000 აშშ დოლარი. ბოლო ჩარიცხვა მან შეთანხმებაში დათქმული ვადის დარღვევით, 2018 წლის 27 თებერვალს განახორციელა. ელექტრონული ფორმით მიმოწერის დროს მოპასუხემ აღიარა, რომ 100 000 აშშ დოლარის ვალდებულება შესასრულებელი აქვს.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ მამკვიდრებლის მიმართ 400 000 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულებების არსებობა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი, 300 000 აშშ დოლარი მიღებული ჰქონდა უშუალოდ მამკვიდრებელს, ხოლო დარჩენილი 100 000 აშშ დოლარი გადახდილი ჰქონდა ორი ფიზიკური პირის მეშვეობით. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო დარჩა განუხილველად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით მეორე და მესამე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 7 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 10 დღის ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. აღნიშნული განჩინება 2022 წლის 5 აპრილს პირადად ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ .თბილისი, …. ქუჩა N…. ჟ-თა გ-ლი ქ-ი.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, 2022 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 6 აპრილს და დასრულდა 2022 წლის 15 აპრილს.

12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე და მესამე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ ხარვეზის დადგენისას მოსარჩელეთა წარმომადგენელს დაუდასტურდა კოვიდ-19-ის ვირუსი, რის შესახებაც მან აცნობა მოსამართლის თანაშემწეს. თავად აპელანტებმა სასამართლოს გაუგზავნეს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, თუმცა სასამართლოში მისი ჩაბარების შესახებ ინფორმაცია ვერ დააზუსტეს იმავე ვირუსით ინფიცირების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

18. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

19. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

20. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის 2022 წლის 7 მარტის განჩინებით მეორე და მესამე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, მისი ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის სახით თითოეული აპელანტის მიერ 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ქვითრის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტთა წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია შესაბამისი მინდობილობებით (იხ. ს.ფ ….), რომელსაც სასამართლო გზავნილი პირადად ჩაბარდა 2022 წლის 5 აპრილს (იხ. ს.ფ…).

21. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

22. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

23. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტ მხარეს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდა 6 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, თუმცა აღნიშნულ ვადაში (ასევე, მისი გასვლის შემდეგ კერძო საჩივრის შეტანამდე) არც თავად მოსარჩელეებს და არც მათ წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მიუმართავთ, ასევე, არ შეუტყობინებია სასამართლოსათვის აღნიშნულის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

26. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

27. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ხარვეზის შევსების პერიოდში არც უშუალოდ აპელანტებს და არც არც მათ წარმომადგენელს ობიექტურად არ გააჩნდათ შესაძლებლობა, მიემართათ სააპელაციო პალატისათვის და მოეთხოვათ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის დაცვით აპელანტმა მხარემ ვერ დაადასტურა, რომ 2022 წლის 6-15 აპრილს ჯერ წარმომადგენელს, ხოლო შემდეგ მოსარჩელეებს დაუდგინდათ კოვიდ-19-ის ვირუსი, რამაც ხელი შეუშალათ ხარვეზის გამოსწორებაში.

29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. და ნ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე