საქმე №ას-657-2022 7 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ენი“
მოწინააღმდეგე მხარე – ს. პ-ნი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს. პ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს. პ-ნს სს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15835,31 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ს. პ-ისა და სს „ს-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფიდა ნაწილობრივ და მოპასუხე ს. პ-ს მოსარჩელე სს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2932,5 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით ს. პ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2022 წლის 4 ივლისს სს „ს-ის“ დირექტორმა ზ. გ-ამ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია იმ საკასაციო საჩივრის, რაც 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით განუხილველად დარჩა კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით სს „ს-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 894,3 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ განჩინების მეორე პუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში, კასატორს გადაუვადდებოდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 2086,7 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნული განჩინება, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კასატორს და ჩაბარდა 2022 წლის 10 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარს 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით ხარვეზი დაუდგინდა ორი საფუძვლით: 1) დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის და 2) სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის საფუძვლით. კასატორს აგრეთვე განემარტა, რომ განჩინებით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემთხვევაში, მას გადაუვადდებოდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 2086,7 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით იმსჯელა მრავალ საქმეზე მათ შორის, საქმეებზე: კრეუცი პოლონეთის წინააღმდეგ (Kreuz v. Poland), იედამსკა და იედამსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Jedamski and Jedamska v. Poland) , გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Golder v. the United Kingdom), ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ (Brualla Gomez de la Torre v. Spain), ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy-Miloslavsky v. the United Kingdom) და ა. შ. განმარტა შემდეგი:
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი იცავს ნებისმიერი პირის უფლებას, წარუდგინოს სამოქალაქო უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლოს. ასე რომ, ეს მუხლი მოიცავს "უფლებას სასამართლოზე", ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს ამ მუხლის მხოლოდ ერთ ასპექტს. ამას ემატება მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი გარანტიები, რომლებიც ეხება სასამართლოს ორგანიზებასა და შემადგენლობას, სასამართლო პროცესების წარმართვას. ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM) .
სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არის შეზღუდული უფლება. ხელშემკვრელ მხარეებს აქვთ მოქმედების თავისუფლება დააწესონ შეზღუდვები სავარაუდო მოსარჩელეებთან მიმართებით, ისე, რომ ეს შეზღუდვები ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, იყოს პროპორციული და არ იყოს იმდენად ფართო, რომ თვით ამ უფლების არსი დაარღვიოს (Ashingdane). დასაშვებია, რომ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი იყოს პროცედურული შეზღუდვები და მოთხოვნები, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებისათვის, თუმცა, ეს ზიანს არ უნდა აყენებდეს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების არსს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Kreuz v. Poland აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა სახელმწიფო ბაჟი შესაბამისობაშია სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც: საქმეში Chatellier c. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დაარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. მათ შორის უზრუნველყოფდეს მოსარჩელისათვის (მხარეთათვის) სასამართლოსადმი ეფექტურ ხელმისაწვდომობას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არაერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სსსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლდება მხოლოდ ფიზიკური პირი.
საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ბაჟის ოდენობის შემცირების, ან ბაჟის გადახდის გადავადების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 4-ე ნაწილის დანაწესის საფუძველზე, სწორად მოხდა კასატორისათვის დარჩენილი ოდენობით სახელმწიფი ბაჟის გადახდის გადავადება ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არც ერთი საფუძვლით არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.(იხ.საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინება).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ საკასაციო საჩივარი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი საკასაციო საჩივარი, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საკასაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ დაგვიანებულ საკასაციო საჩივრად.
სსსკ-ის 405-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. თავისი ხასიათით, შეგებებული საკასაციო საჩივარი არის ძირითადი სააკასაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა.
შეგებებული საკასაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც გასულია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ან/და მხარეს უარი აქვს ნათქვამი საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
შეგებებული საკასაციო (სააპელაციო) საჩივარი არის ძირითადი საკასაციო (სააპელაციო) საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა კასატორის (აპელანტის) მოთხოვნა. (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, 2005, გვ.470, 510.). შეგებებული საკასაციო ( სააპელაციო) საჩივარის წარმოებაში მიღებისათვის საჭიროა დასაშვებობის წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება პირმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, თუ რომელიმე მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო ან საკასაციო წესით და მისი საჩივარი განუხლიველად დარჩა დაუშვებლობის გამო, ასეთ მხარეს აღარ აქვს შეგებებული საჩივრის შეტანის უფლება. ( იხ. დამატებით: შალვა ქურდაძე/ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, 2015, გვ.663.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
ვინაიდან საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დარჩა, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ-ის 264-ე მუხლის საფუძველზე, შესულია კანონიერ ძალაში და განმეორებით იმავე გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუნდაც შეგებებული საკასაციო საჩივრის სახით, აღარ შეიძლება. შესაბამისად, სს „ს-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი