Facebook Twitter

30 მაისი, 2022 წელი

საქმე №ას-72-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „ჩ-ის რ-ის ..-ე ბ-ს ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ლი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ….. მდებარე 285.4კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 601კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) მესაკუთრეა ნ. გ-ლი (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე).

2. 2012 წლის ზაფხულიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ …. მიმდებარედ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებს შპს ,,ჩ-ს რ-ს …-ე ბ-ს ჯ-ი'' (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი).

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 სექტემბერის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლს მიენიჭა დაზიანების მე-2 ხარისხი (საშუალო დაზიანება). ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გამოკვლევის დროისათვის მზიდ კონსტრუქციებში განვითარებული ზომიერი ინტენსიურობის დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელია, ხოლო სარდაფის, გრავიტაციული საყრდენი კედლისა და ღობის ბეტონის საძირკვლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საკვლევ შენობაზე, მის სიახლოვეს მიმდინარე სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის ზეგავლენა აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ შენობაზე ფიქსირდება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ჯდენითი დეფორმაციების შედეგად ადრეული წარმოშობის ბზარები, აღნიშნული მშენებლობის დროს გამოწვეულმა აფეთქებებმა დამატებით გამოიწვია შენობის ფუძე-გრუნტებში ჯდენითი პროცესების უფრო მეტად განვითარება, რამაც, თავის მხრივ, შენობის მზიდ ელემენტებში ახალი ბზარების წარმოქმნის პროცესს შეუწყო ხელი. ამის დამატებით მიზეზად შეიძლება დასახელდეს შენობის დღეისათვის მოქმედ სეისმიურ ნორმებთან შეუსაბამობაც და შენობის გარშემო სარინელისა და წყალმრიდი სისტემების არარსებობაც, გამაგრების პროექტის შედგენამდე. იმის გამო, რომ დღეისათვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა, ყალაურების დაყენების გზით ექსპერტმა საჭიროდ მიიჩნია, მშენებლობის მიმდინარეობის მთელ პერიოდში, ბზარწარმოქმნისა და მათი განვითარების პროცესებზე დაკვირვების გაგრძელება. გარდა ამისა, უნდა მოწესრიგებულიყო წყალამრიდი სისტემა, შენობის გარშემო გაკეთებულიყო სარინელი; მხოლოდ ამ სამუშაოების სრულად ჩატარებისა და ჯდენითი პროცესების შეწყვეტის გამოვლენის შემდეგ უნდა მომხდარიყო შენობის გაძლიერების პროექტის დამუშავება და ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

5. საერთაშორისო კომპანია ,,ე-ს“ 2017 წლის 20 ივლისის დასკვნაში ასახულია სოფელ … მდებარე მე-.. გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტებისთვის აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება. ამ დასკვნის თანახმად, აფეთქებითი ვიბრაციის მონიტორინგის შედეგების შეფასების საფუძველზე, შენობა/ნაგებობებზე, რომლებიც მდებარეობენ ზემოქმედების ზონის გარეთ, არ გამოვლენილა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. ზემოქმედების ზონის გარეთ მდებარე სახლების დაზიანებები არ გამოწვეულა გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ზონაში არსებულ სახლებთან დაკავშირებით დავა წარმოიშობოდა, საჭირო გახდებოდა დამატებითი შეფასების გაკეთება, რათა აფეთქების შედეგად გამოწვეული დაზიანებები ზუსტად დადგენილიყო.

6. ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ შესრულებული, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 25 068.01 ლარი.

7. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ზიანის 25 068 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.

8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოპასუხისთვის ზიანის 20 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

10.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება ძირითადად და აშკარად გამოწვეული იყო სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით. აღნიშნული მოსაზრება სააპელაციო სასამართლომ შემდეგი არგუმენტით დაასაბუთა:

მოსარჩელემ მის მიერ სარჩელში დასახელებული გარემოების – მოპასუხის ქმედების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა და ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ შესრულებული, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მოპასუხემ, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით წარმოადგინა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე-ს" 2017 წლის 20 ივლისის დასკვნა, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი

საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ე-ს" 2017 წლის ივლისში შედგენილ ანგარიშებზე დაყრდნობით. ხსენებული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი მასზე განთავსებული შენობებისათვის.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კი, ემყარება გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურად შესწავლას; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნისგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში კატეგორიულადაა მითითებული სახლის დაზიანების ერთადერთ, აშკარა მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე.

ამდენად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული იმპერატიული დასკვნა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნით გაქარწყლებულად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან კომპანიის დასკვნა იყო ზოგადი ხასიათის.

მასში შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი მრავალი შენობებისათვის. ამ დასკვნით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა კონკრეტულად მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მდგომარეობა და არ შესრულებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება; მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, არ მომხდარა შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამორკვევა.

10.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ, მე-4, 102-ე მუხლები).

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ აფეთქებები არ წარმოადგენდა ნივთის დაზიანების წყაროს, რაც საფუძველს ქმნიდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაზიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილებისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 317.1, 992-ე მუხლები).

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება ასეთია:

11.1. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ასაბუთებენ უძრავი ნივთის დაზიანებაში მოპასუხის ბრალს. საქმის მასალებით მოპასუხის ნაწილობრივი ბრალი რომც დადასტურებულიყო, სასამართლოს შერეული ბრალის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის ნორმა უნდა გამოეყენებინა.

11.2. უძრავი ქონების დაზიანებაში მისი ბრალის არარსებობის დასამტკიცებლად მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო კომპანია „ე-ს“ 2017 წლის 20 ივლისისა და უშუალოდ მოსარჩელის სახლთან დაკავშირებით შედგენილი 2018 წლის 6 სექტემბრის დასკვნები. ამ მტკიცებულებებით მოპასუხე ადასტურებს, რომ მის მიერ შესრულებულ აფეთქებით სამუშაოებს ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელის უძრავი ნივთის დაზიანებაში. უძრავი ქონება საშიში ზონის გარეთ მდებარეობს, რასაც ადასტურებს მის მახლობლად მდებარე სეისმოგრაფების ციფრული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, აფეთქებები ნორმის ფარგლებში სრულდებოდა და მოსარჩელის სახლის მიმართ არ გამოვლენილა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი.

11.3. არასწორადაა განსაზღვრული ზიანის ოდენობა, 20 000 ლარი. ამ დოკუმენტით, ფაქტობრივად, გათვალისწინებულია კაპიტალური რემონტი, რასაც ექსპერტის დასკვნა არ ითვალისწინებს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

17. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

18. სსკ-ის 992-ე მუხლი ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობის შინაარსით იგი არასახელშეკრულებო ზიანის საფუძველზე წარმოიშობა, განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამ მუხლის გამოყენების წინაპირობები შემდეგია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019).

როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019).

19. მოსარჩელემ სარჩელის დასამტკიცებლად სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნის მიხედვით, საკვლევ შენობაზე, მის სიახლოვეს მიმდინარე სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის ზეგავლენა აშკარაა. შესაბამისად, დასახელებულმა მტკიცებულებამ საფუძველი შექმნა შემდეგი დასკვნისათვის: მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

გარდა ამისა, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ინდმეწარმე ზ.გ-ის მიერ შესრულებული, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის შესახებ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, სახლის რეაბილიტაციისათვის საჭიროა 25 068 ლარი და 01 თეთრი. მართალია, კასატორმა განსახილველი სარჩელი 25 068 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას იგი შეამცირა და მოპასუხისათვის ზიანის 20 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

ზემომითითებული გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე გვირაბის აფეთქების სამუშაოების ზემოქმედების დადასტურება (სსსკ-ის 4.1 და 102-ე მუხლები).

20. რაც შეეხება მოპასუხეს, მან ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტის გაქარწყლება. ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ სასამართლოს საერთაშორისო კომპანია ,,ე-ს“ 2017 წლის 20 ივლისის დასკვნა წარუდგინა, რომელიც, ზოგადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგსა და სამუშაოების წარმოების კონსულტაციას შეეხება და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ მიღებულა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეპირისპირების შედეგად სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა სწორად მიანიჭა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურად შესწავლას ემყარება და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნისგან განსხვავებით (სადაც დაზიანების სავარაუდო მიზეზზეა აღნიშნული), უძრავი ნივთის დაზიანების მიზეზზე (მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებული სამუშაოები) კატეგორიულად მიუთითებს (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

22. კასატორი სადავოდ ხდის ზიანის ოდენობასაც, რაზეც პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინდმეწარმე ზ.გ-ის მიერ შედგენილი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, უძრავი ნივთის რეაბილიტაციისათვის 25 068.01 ლარია საჭირო. დასახელებულ დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი დაზიანებების გამოსასწორებლად აუცილებელი სამშენებლო რესურსი და შესასრულებელი სამუშაოები, რაც სწორედ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელია და რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხეს არ წარუდგენია.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება და ვერ შეძლო სარწმუნო მტკიცებულებებით მისი გაბათილება.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1130-2020, 27.10.2021; №ას-487-2019, 27.12.2019; №ას-482-2019, 31.05.2019; №ას-189-189-2018, 23.03.2018; №ას-411-2019, 11.06.2019; №ას-280-280-2018, 18.07.2018).

25. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჩ-ს რ-ის ..-ე ბ-ს ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ჩ-ს რ-ის..-ე ბ-ოს ჯ-ს“ (ს/კ ….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 000 ლარის (საგადასახადო დავალება - # …, გადახდის თარიღი - 11.02.2022) 70% - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №...., სახაზინო კოდი .....;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე