Facebook Twitter

30 მაისი, 2022 წელი,

საქმე №ას-517-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - გ. ს-ი, რ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ღ-ნი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ. ღ-ის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ.თბილისში, … ქ. №…-ში მდებარე უძრავი ქონება (25კვ.მ საცხოვრებელი ფართი, 7კვ.მ შემინული აივანი, 7კვ.მ ღია აივანი, თანასაკუთრებაში არსებული საპირფარეშოთი, შემდეგში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი).

2. 2018 წლის 30 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრე ლ. ღ-ნი (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) გახდა.

3. მოსარჩელის უძრავი ნივთის ქვემოთ განთავსებულია რ. ს-ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) საკუთრებაში არსებული ბინა (შემდეგში - მეორე უძრავი ქონება)., რომელსაც ფაქტობრივად ამ უკანასკნელის დედა, გ. ს-ნი (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) ფლობს.

4. ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ქ.თბილისში, … ქ.№ ..-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მოსარჩელესა და ა(ა)იპ „თ-ის გ-ის ფ-ს” (შემდეგში - ფონდი) შორის 2011 წლის 25 ოქტომბერს ხელშეკრულება გაფორმდა.

რეაბილიტაციის პროცესში დემონტაჟი ჩაუტარდა … ქ. № .. -ში მდებარე საერთო სარგებლობის საპირფარეშოს. დემონტაჟირებული საპირფარეშოს სანაცვლოდ, საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებისათვის სველი წერტილების მოწყობა ინდივიდუალურად, მათ საკუთრებაში არსებულ ფართში მოხდა.

5. მოსარჩელის კუთვნილ ფართში საპირფარეშო მოწყობილი არ არის. როგორც მოსარჩელის, ასევე, ფონდის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, მოსარჩელის კუთვნილ ფართში საპირფარეშოს მოსაწყობად მიმდინარეობდა სამუშაოები, რასაც ხელი პირველმა მოპასუხემ შეუშალა.

ფონდის თავმჯდომარის 2014 წლის 14 ნოემბრის წერილში მითითებულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მეზობელთან სიტყვიერი შეთანხმებით, მოსარჩელის ფართში მოეწყო სანიტარული კვანძი, რაც ამჟამად ამ უკანასკნელსა და მეორე მოპასუხეს შორის დავის საგანია. მეზობელი წინააღმდეგია პირველ სართულზე მდებარე მისი საცხოვრებელი ფართის თავზე განთავსდეს სანიტარული კვანძი.

2015 წლის 8 დეკემბრის წერილში ფონდის დირექტორი მოსარჩელეს ატყობინებს, რომ რეაბილიტაციის მიმდინარეობისას სამშენებლო კომპანიის ბრიგადას მეორე მოპასუხემ არ მისცა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების საშუალება, რის გამოც ფონდმა აღნიშნულ მისამართზე მშენებლობა შეწყვიტა.

6. მეორე მოპასუხე წინააღმდეგია, მისი საცხოვრებელი ფართის თავზე მოსარჩელემ საპირფარეშო მოაწყოს, გარდა მისივე საპირფარეშოს თავზე მდებარე ფართისა. მეორე მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე სველი წერტილის მოწყობას გეგმავს მისი სამზარეულოს თავზე, რაც მიუღებელია. ამის გამო, მისი მითითებით მოიშალა ფონდის მიერ კედლის გარედან გაყვანილი საკანალიზაციო მილი, რის თაობაზეც მისი შვილი ინფორმირებულია და ეთანხმება.

7. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში (შემინული აივნის ბოლოს), მოპასუხეთა თანხმობის გარეშე, სანიტარული კვანძის მოწყობის ხელშეშლის აღკვეთა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

10.1.1. ამავდროულად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ფართში სანიტარული კვანძის მოწყობა შესაძლებელი იყო მოპასუხეთა საცხოვრებელი ფართის ზევით, დერეფნის სივრცეში (შემინული აივნის ბოლოს), სადაც ფონდმა სამუშაოების შესრულება დაიწყო; აბაზანა-საპირფარეშოს მოსაწყობად სხვა ალტერნატიული ფართი მოსარჩელის ბინაში არ არსებობდა.

10.1.2. ზემოაღნიშნული დასკვნის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნა და დამოუკიდებელი ექსპერტისა და აუდიტორის 2017 წლის 7 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა.

10.2. რაკი დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ფართში სანიტარული კვანძის მოწყობა შესაძლებელი იყო მოპასუხეთა საცხოვრებელი ფართის ზევით, დერეფნის სივრცეში (შემინული აივნის ბოლოს). აბაზანა-საპირფარეშოს მოსაწყობად სხვა ალტერნატიული ფართი მოსარჩელის ბინაში არ არსებობდა და სანიტარული კვანძის მათი საცხოვრებელი ფართის თავზე მოწყობაში მოპასუხეები მოსარჩელეს ხელს უშლიდნენ, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და მისი დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 170.1, 170.2, 174-ე და 115-ე მუხლები).

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი შემოიტანეს, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:

11.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ბინაში სანიტარული კვანძი მოწყობილი არ არის და მისი განთავსება ტექნიკურად შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული ფართის ზევით, რასაც მოპასუხეები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულს მოპასუხეები კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ მოქმედი კანონმდებლობითაა აკრძალული. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 სექტემბრის დასკვნაში მითითებულია, რომ საპირფარეშოს ან სააბაზანოს უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით განთავსება დაუშვებელია. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა კანონსაწინააღმდეგოა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელის მართლზომიერება. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელის მოთხოვნა ისაა, რომ აღიკვეთოს მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, შემინული აივნის ბოლოს, მოპასუხეთა მხრიდან სანიტარული კვანძის მოწყობის ხელშეშლა.

16. ზემომითითებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლშია წარმოდგენილი.

17. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ (სსკ-ის 172.2 მუხლის მიხედვით, თუ საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით). სასამართლო, ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ, №ას-1250-2018, 21.12.2018წ.; №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ.; №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.).

18. განსახილველი სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში სანიტარული კვანძის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხეთა საცხოვრებელი ფართის ზევით, დერეფნის სივრცეში (შემინული აივნის ბოლოს), რასაც მოპასუხეები ეწინააღმდეგებიან და მოსარჩელეს შესაბამისი სამუშაოების შესრულებაში ხელს უშლიან. შესაბამისად, სარჩელი წარმატებული იქნებოდა, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობდა ლეგიტიმური საფუძვლიდან.

ზემოაღნიშნული გარემოების დამტკიცება მოსარჩელემ შეძლო. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ფართში სანიტარული კვანძის მოწყობა შესაძლებელია მოპასუხეთა საცხოვრებელი ფართის ზევით, დერეფნის სივრცეში (შემინული აივნის ბოლოს), სადაც დაწყებული იყო ფონდის მიერ სამუშაოების შესრულება, ხოლო აბაზანა-საპირფარეშოს მოსაწყობად სხვა ალტერნატიული ფართი მოსარჩელის ბინაში არ არსებობს. ხსენებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომელიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი), კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

19. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორთა მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, საპირფარეშოს ან სააბაზანოს უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით განთავსება დაუშვებელია. მოცემული პრეტენზიის საპასუხოდ პალატა აღნიშნავს შემდეგს:

ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სადავო მოთხოვნის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, ექსპერტის იმავე დასკვნის სხვა ნაწილები, კერძოდ, მათში განმარტებულია, რომ: საკვლევი ფართის ნაცვლად, სანკვანძის და სამზარეულოს მოსაწყობად სხვა ალტერნატიული ფართი, მოსარჩელის ბინაში არ არის. ამავდროულად, დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს იმ კონკრეტული სამუშაოების ჩამონათვალზე, რომელთა შესრულებასაც, საკვლევ ფართში მოსარჩელის მიერ სანიტარული კვანძის მოწყობის შემთხვევაში, აუცილებლად მიიჩნევს.

გარდა ამისა, საგულისხმოა, საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, სახელდობრ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის ადგილზე დათვალიერების ოქმი და დამოუკიდებელი ექსპერტისა და აუდიტორის, დ.რობაქიძის 2017 წლის 7 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა.

ადგილზე დათვალიერების შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ შენობის პირველ სართულზე არსებული სველი წერტილის თავზე ფიზიკურად შეუძლებელია მოსარჩელემ მოაწყოს საპირფარეშო, რადგან პირველ სართულზე არსებული საპირფარეშოს თავზე მოწყობილია მოსარჩელის სახლში შემავალი კიბე. მოპასუხეს პირველ სართულზე გაერთიანებული აქვს მისაღები და სამზარეულო, აქვს იზოლირებული საძინებელიც და სადაც არ უნდა მოაწყოს მეორე სართულზე მოსარჩელემ საპირფარეშო, მოპასუხე ყველგან წინააღმდეგია, გარდა მისი საპირფარეშოს თავზე მოწყობისა, რაც ტექნიკურად შეუძლებელია.

რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტისა და აუდიტორის, დ. რ-ის 2017 წლის 7 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნას, მის შესაბამისად, აბაზანა-საპირფარეშოს მოწყობა საძინებლის, მისაღებისა თუ სხვა მოსახმარი ფართების ზემოდან გარკვეულწილად ნორმების და წესების დარღვევაა, მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა შესაძლებლობა არ არსებობს და ფართის მესაკუთრეს მოუწევს გარკვეული ძვირადღირებული სამუშაოების ჩატარება.

ამრიგად, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმატებულობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ზემოთ დასახელებულ ერთ რომელიმე მტკიცებულებას (მათ შორის, კასატორის მიერ მითითებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 სექტემბრის დასკვნა) კი არ ეფუძნება, არამედ, ამ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებიდან გამომდინარეობს. ხსენებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება კი, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის (სსსკ-ის 105-ე მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთი დაძლია, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) გაქარწყლება ვერ შეძლო (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ს-სა და რ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. ს-სა (პ/ნ ….) და რ. ს-ს (პ/ნ ….) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ. რ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება - # ., გადახდის თარიღი - 28.07.2020წ.) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ......;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე