საქმე №ას-20-2022 15 აპრილი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ყ-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ. ყ-მა (შემდეგში წოდებული: „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“ მხარედ) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში წოდებული: „მოპასუხე“, „კასატორ“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ვ. ყ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის №… ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ტოლფას - ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნა) აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2020 წლის 27 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის, 1500 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს სახით, სახელფასო ანგარიშსწორების შეწყვეტის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი მოცდენის ყოველი დღისათვის ყოველთვიურად გადასახდელი შრომის ანაზღაურების - 1500 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. ვ. ყ-ლი 2010 წლის 11 იანვრიდან დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებაში უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე. 2010 წლის 22 თებერვლიდან ამავე სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უსაფრთხოების ოფიცრის თანამდებობაზე. 2012 წლის 16 ივლისიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უსაფრთხოების ოფიცრის, ხოლო 2014 წლის 11 თებერვლიდან შემდგომ მოსარჩელე ასრულებდა კომპიუტერული ინციდენტების სპეციალისტის და ელექტრო-ტექნიკური საშუალებების მხარდაჭერის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებს.
2.2. 2020 წლის 12 მარტს, ვ. ყ-ლს ჩაბარდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 27 თებერვლით დათარიღებული ბრძანება.
2.3. მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 27 თებერვლის №.... ბრძანება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან იგი დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა ყოველთვის პირნათლად. იყო საქმის ერთგული, პროფესიონალი, 39 წლიანი (მათ შორის 10 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში) სამუშაო გამოცდილებით. მუშაობის მანძილზე არ ჰქონია მიღებული საყვედური და არ დაუშვია სამსახურეობრივი გადაცდომა. მასთან რეორგანიზაციის პროცესში პოზიციის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩატარებული გასაუბრება, არ იყო მართლზომიერი და საკმარისი ვინაიდან გრძელდებოდა 2 წუთს, რომლის დროსაც მას არ მიეცა შესაძლებლობა წარმოეჩინა მისი პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა და არც გასაუბრების ინიციატორებს ჰქონიათ ამგვარი დაინტერესება, გამოეკვლიათ მისი კომპეტენტურობა, ცოდნა თუ პროფესიული უნარები, შესაბამისად გასაუბრება მხოლოდ ფორმალური იყო და არ ემსახურებოდა დასაქმებულის რეალური უნარებისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენას.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის მითითებით, ვ. ყ-ის გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 27 თებერვლის №... ბრძანება იყო დასაბუთებული და კანონიერი, ვინაიდან მისთვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 2020 წლის 27 თებერვლიდანვე იყო ცნობილი, უშუალო ხელმძღვანელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, ასევე გათავისუფლების შესახებ დამატებით ეცნობა წერილობითი ფორმითაც.
3.3. მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო კანონის საფუძველზე დაგეგმილი და განხორციელებული რეორგანიზაცია. რეორგანიზაციამდე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი - 813 200 ლარი და წლიური ფონდი - 9 758 000 ლარი. ხოლო, რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749 900 ლარით და წლიური ფონდი - 9 000 000 ლარით. სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოსარჩელის მიერ დაკავებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ელექტრო - ტექნიკური საშუალებების მხარდაჭერის მენეჯერის შტატი გაუქმდა და აღარ იქნა გათვალისწინებული ახალ საშტატო ნუსხაში.
3.4. რეორგანიზაციის ეტაპზე ჩატარებული გასაუბრების დროს, სამსახურის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო პროფესიული კომპონენტის შეფასება განხორციელებულიყო ობიექტურად და კანონიერად, სწორედ ამიტომ, გასაუბრება ჩატარდა ზეპირი ფორმით, რომელის კომისიის შემადგენლობაშიც შესაბამისი უფლებამოსილებისა და გამოცდილების ადამიანები შედიოდნენ. გასაუბრების მიმდინარეობისას თავად მოსარჩელემ განმარტა, რომ სამსახურში არ ჰქონდა დატვირთული სამუშაო გრაფიკი, ამავე გასაუბრებაზე მას დაესვა კითხვა თუ სხვა რომელი პოზიციით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება შეეძლო, რაზეც პასუხი არ ჰქონდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, საჭირო გახდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია. ვ. ყ-ის ფუნქცია - მოვალეობების სიმწირის გათვალისწინებით, კომისიამ არ მიიჩნია გამართლებულად ცალკე თანამშრომლის დასაქმება მითითებული ფუნქციების შესასრულებლად მისი მოვალეობები, გადანაწილდა რამდენიმე თანამშრომელზე, ძირითადად უფროს სისტემურ ადმინისტრატორზე, სწორედ ამიტომ, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმდა და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3.5. მოპასუხის მტკიცებით, პოზიცია, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, გაუქმდა და ამჟამად სააგენტოს არც აღნიშნულ, არც სხვა ტოლფას თანამდებობაზე არ აქვს ვაკანტური საშტატო ადგილი. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია მისი აღდგენა სამსახურში სხვა თანამშრომლის გათავისუფლების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის N...ბრძანება ვ. ყ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 12 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით. ვ. ყ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, როგორც მოსარჩელემ ასევე, მოპასუხემ გაასაჩივრეს.
4.3. 2021 წლის 19 აგვისტოს, ვ. ყ-მა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, მხოლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა გახადა სადავო, რის შედეგადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისთვის კომპენსაციის სახით 31 200,00 ლარის მიკუთვნება მოითხოვა (ტომიII, ს.ფ. ....).
4.4. 2021 წლის 23 ივლისს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის შედეგადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით გადასახდელად 12 000 ლარის (ხელზე ასაღები) ნაცვლად, 20 000 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდის ვალდებულება დაეკისრა, დარჩენილ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
5.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ გასაუბრების ოქმის შინაარსის საფუძველზე ბუნდოვანია იყო, თუ რა კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა დასაქმებულმა უკვე განსაზღვრული და ვაკანტური საშტატო ერთეულის დასაკავებლად. კომისიის მიერ დასმული ზოგადი ხასიათის შეკითხვები გარდა იმისა, რომ არ იძლეოდა კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას, ასევე არ აკონკრეტებდა რომელი პოზიცია იყო შეუსაბამო მოსარჩელისათვის. შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონო იყო და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
5.3. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა, თუმცა როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, უნდა შემოწმდეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უფლების აღდგენის სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის მინიჭების შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იგი იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმადაც, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღარ არსებობდა მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილი, ასევე არ არსებობდა ტოლფასი თანამდებობაც, შესაბამისად, მოსარჩელის შრომითი უფლების რესტიტუცია უნდა განხორციელებულიყო მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით.
5.4. თბილისის სააპელაციო პალატამ დასაქმებულისთვის მისანიჭებელი კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომპენსაციის მინიჭება უფლების რეალური აღდგენის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, რა მიზანსაც პალატის მოსაზრებით, ვერ აკმაყოფილებდა 12 000 ლარის (ხელზე მისაღები) მიკუთვნება. სასამართლომ დასძინა, რომ დასაქმება, დღეის მდგომარეობით მთელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, 10 წლის სტაჟის მქონე მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის იყო 61 წლის, ცხადია, რომ მძიმედ აისახებოდა მის სოციალურ და ეკონომიურ მდგომარეობაზე. ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულის უფლების რესტიტუციის ეფექტური, გონივრული და სამართლიანი ოდენობა შეადგენდა 20 000 ლარს (ხელზე ასაღები).
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2. კასატორის განმარტებით, დამსაქმებელ ორგანიზაციაში შტატების გაუქმება გამოიწვია კანონის საფუძველზე ჩატარებულმა რეორგანიზაციამ, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა წლიური სახელფასო ფონდის შემცირება. რეორგანიზაციის ჩატარების მიზნით დადგინდა, რომ უნდა ჩატარებულიყო გასაუბრება. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ჩატარებული გასაუბრების სამართლებრივ შეფასებას და მიუთითებს, რომ გაუგებარი რჩება, თუ რატომ იყო გასაუბრების შინაარსი ბუნდოვანი მაშინ, როდესაც ოქმში ვერ დაფიქსირდებოდა, გასაუბრების დროს დასაქმებულის პოზიცია, რომელ ვაკანტურ თანამდებობასთან მიმართებით განიხილებოდა, რადგან დასაქმებულთან გასაუბრება ჩატარდა 2019 წლის 23 დეკემბერს, ხოლო ახალი საშტატო ნუსხა განისაზღვრა 2020 წლის 27 თებერვალს, რეორგანიზაციის დასრულების დღეს.
6.3. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ გაუქმდა მაინცდამაინც ვ. ყ-ის საშტატო ერთეული, კასატორმა მიუთითა, რომ იგი ფუნქციურად ყველაზე ნაკლებად დატვირთული იყო, ამასთან მის მიერ შესასრულებელი სამუშაო იყო სრულად ტექნიკური, რომლის შეთავსებაც მარტივად შეძლო უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა, შესაბამისად, ამ საშტატო ერთეულის გაუქმების გზით დასაქმებულმა შეძლო მარტივი და მცირე რაოდენობის საქმის სხვა თანამშრომლებზე გადანაწილება, რომელიც ვერ მოხდებოდა სხვა უფრო დატვირთული და მრავალფუნქციური საშტატო ერთეულის გაუქმების დროს.
6.4. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დასაქმებულისთვის გადასახდელად დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას და საჩივარში მიუთითებს, რომ კასატორი საბიუჯეტო ორგანიზაციას არ წარმოადგენს და ძირითადად საქმიანობს საკუთარი შემოსავლის ფარგლებში. ქვეყანაში პანდემიის შედეგად გამოწვეული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ორგანიზაციის შემოსავალი მკვეთრადაა შემცირებული, რის გამოც დასაქმებულისთვის ასეთი სოლიდური ოდენობის კომპენსაციის დაკისრება იყო მიზანშეუწონელი და არასამართლიანი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მირებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება
8.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ იქნა მიჩნეული და დამსაქმებელს დაეკისრა 20 000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეზე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შემოწმებას შეუდგება, რის შედეგადაც შეამოწმებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართლზომიერებას და პროპორციულობას.
8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
8.3.1. საკასაციო პალატა კასატორს აქვე განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და მას დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
8.3.2. საკასაციო სასამართლო შეამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში (სადავო ბრძანება) მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები №ას-1009-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, რომლის საფუძვლად მითითებულია დავის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი): ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
8.3.3. შესაბამისად, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო შეაფასებს მოსარჩელის მიმართ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერებას. კერძოდ, აუცილებელია დადგინდეს რეორგანიზაციის (შტატების და დაფინანსების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა, თუ არა, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია შრომის კოდექსის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით).
8.3.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (შდრ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015; №ას-922-884-2014, 16.04.2015). მოცემულ შემთხვევაში, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ რეალურად არსებობდა რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა, რომელიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას და ასევე, რა გახდა დასაქმებულთა შორის სწორედ მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველი.
8.3.5. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად შესაძლებელია მხოლოდ ისეთი რეორგანიზაციის პროცესი იქნას მიჩნეული, სადაც დაცულია კანონმდებლობით გათვალისწინებული და კეთილსინდისიერების პრინციპით ნაგულვები წინაპირობები, ანუ, რეორგანიზაციის მოტივით თანამშრომლის გათავისუფლებისას, იმისათვის, რათა შეიქმნას შრომითი საქმიანობის შეწყვეტის ლეგიტიმური საფუძველი სავალდებულოა დამსაქმებლის მიერ გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული კრიტერიუმების მიხედვით მოქმედება, რომელმაც თავის მხრივ უნდა გამორიცხოს მცირედი ეჭვის არსებობის საფუძველიც კი, რაც დასაქმებულის კანონიერი ინტერესის ხელყოფის ფაქტს მიემართება.
8.3.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმისათვის რათა სასამართლომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება და მათი გავლენა დასაქმებულზე/დასაქმებულებზე, აუცილებელია შეფასდეს თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა. როგორც აღინიშნა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული.
8.3.7. საქართველოს შრომის კოდექსი ამგვარი განჭვრეტადი კრიტერიუმების ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას, უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რაც შექმნის თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს (შდრ. საქმე №ას-268-2021 22 ოქტომბერი, 2021 წელი).
8.3.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2020 წლის 02 აპრილს მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 16 დეკემბრის №... ბრძანების შესაბამისად, 2019 წლის 23, 24, 25 დეკემბერსა და 2020 წლის 11 და 18 იანვარს გაიმართა გასაუბრება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტისა და სააგენტოში მიმდინარე ზოგიერთი პროექტის თანამშრომელთან. ოქმიდან ამონაწერით ირკვევა, რომ კომისიის მიერ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით დასმულ ზოგად კითხვებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ელექტრო-ტექნიკური საშუალებების მხარდაჭერის მენეჯერმა - ვ. ყ-მა (მოსარჩელემ) უპასუხა, ხოლო კომისიის კითხვაზე - ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა, რა საქმის შესრულება შეუძლია იმავე სამსახურში, კანდიდატს პასუხი არ ჰქონდა. გარდა ამისა, კომისიის მიერ სამსახურებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ყ-მა უპასუხა, რომ დაკისრებული შეზღუდული ფუნქციებიდან გამომდინარე, არ არის დატვირთული (ტომი I, ს.ფ. ....).
8.3.10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის გასაუბრებაზე დასმული შეკითვა იმთავითვე არსებული რეალობის ერთგვარ საოქმო კონსტანტაციას წარმოადგენდა, რადგან, როგორც შესაგებელში და სააპელაციო საჩივარში თავად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღნიშნავს, მათ საქმისწარმოების ელექტრონული წარმოების სისტემის საშუალებით თანამშრომელთა დატვირთულობის თაობაზე ინფორმაცია ისედაც, გასაუბრების ჩატარების გარეშეც, შეიძლებოდა ჰქონოდათ და დაკისრებული სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო შესაძლო დროის გამოთვლაც შეეძლოთ. თუმცა, სამუშაოს დასაქმებულთა შორის არათანაბარი გადანაწილება, თავისთავად არ შეიძლება დამსაქმებელს შეერაცხოს ბრალად და მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს. სწორედ დამსაქმებელია ვალდებული შრომით-ორგანიზაციული მოწყობის ფარგლებში სწორად, ეფექტურად და თანაბრად გადაანაწილოს დასაქმებულთა შორის სამუშაო. ამასთან, გასაუბრების ოქმის ამონაწერიდან, დგინდება, რომ შეკითხვები იმის შესახებ თუ როგორ, რა ფორმით, როგორი პროფესიული უნარ-ჩვევების გამოყენებით ახორციელებდა სამუშაოს დასაქმებული, არ დაუსვამთ. რაც შეეხება პასუხის არ ქონას შეკითხვაზე მასზედ, თუ სხვა რომელი სამუშაოს შესრულება შეეძლო მოსარჩელეს, თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეს პასუხი შესაბამისი პროფესიული უნარების გამო არ გააჩნდა, არამედ ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სხვა სამუშაოს აღწერილობის არცოდნის გამო, საქმის მასალებით კი არ დგინდება, რომ კომისიამ გასაუბრების მიმდინარეობისას დასაქმებულებს სამსახურში არსებული ყველა შტატის სამუშაო აღწერილობა გააცნო, რაც შრომის სამართალში არსებული ultra ratios პრინციპიდან გამომდინარე, მათი ვალდებულება იყო.
8.3.11. საკასაციო პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე კასატორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რა წინასწარ ჩამოყალიბებული შეფასების სისტემა არსებობდა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულთა შესაფასებლად და გაცნობილი ჰქონდათ, თუ არა ეს შეფასების სისტემა დასაქმებულებს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას რეორგანიზაციის პროცესში ჩატარებული გასაუბრება შეაფასოს, როგორც ობიექტური, გამჭირვალე და წინასწარ განჭვრეტადი, ამიტომ, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ კომისიის წევრების მიერ დასაქმებულებისთვის დასმული შეკითხვები იყო ზოგადი და ბუნდოვანი, რაც გასაუბრების პროცესის ფორმალურად მიჩნევის ფაქტობრივ საფუძველს ქმნიდა.
8.3.12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობა რამდენიმე სამართლებრივ შედეგს შეიძლება წარმოშობდეს. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დღეს მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილ სამართლის ნორმასთან მიმართებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; საქმე №ას-931-881-2015, 29 იანვარი, 2015 წელი).
8.3.13. თუმცა, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ. ყ-მა, 2021 წლის 19 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მხოლოდ კომპენსაციის ოდენობა გახადა სადავოდ და სამუშაოზე აღდგენის ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენაზე უარის თქმის ფაქტს არ შეედავა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად შეაფასოს ამ სამართლებრივი მნიშვნელობის ქმედებების მართებულობა, ამიტომ, პალატა საკასაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას მოსარჩელის თავდაპირველ სამუშაო ადგილას აღდგენის ან/და ტოლფას სამუშაო ადგილას აღდგენის შეუძლებლობის შესახებ არარელევანტურად მიიჩნევს და მასზე მსჯელობას არ იქონიებს. წინამდებარე განჩინებით საკასაციო პალატა მხოლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის თაობაზე იმსჯელებს (ტომი II, ....).
8.3.14. კასატორი, ასევე არ ეთანხმება დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას და მიუთითებს, რომ დასაქმებულისთვის ასეთი სოლიდური ოდენობის კომპენსაციის დაკისრება 20 000 ლარი (ხელზე ასაღები), არის მიზანშეუწონელი და არასამართლიანი.
8.3.15. საგულისხმოა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი, კომპენსაციის ოდენობის თაობაზე არაფერს ამბობს, დადგენილი არ არის, არც მინიმალური და არც მაქსიმალური კომპენსაციის ოდენობა, გამოანგარიშების წესი ან კრიტერიუმები. შესაბამისად, კომპენსაციის განსაზღვრის დროს სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იხელმძღვანელოს განსახილველი საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებით, დოქტრინითა და შრომისსამართლებრივი „კარგი პრაქტიკით“. დოქტრინაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია 2017, გვ. 272).
8.3.16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი მოსარჩელის პირადი საქმიდან ამონაწერით დგინდება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისას იგი 61 წლის იყო, ანუ საპენსიო ასაკს მიღწევამდე მხოლოდ 4 წელი აკლდა, რაც რა თქმა უნდა, შრომის ბაზარზე მისი დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროისთვის, მოწინააღმდეგე მხარის დასაქმების ფაქტს.
8.3.17. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია აღნიშნული, რომ დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობისას, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, მაშინ გაიცემა კომპენსაცია, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (შდრ იხ: სუსგ საქმე №ას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი).
8.3.18. რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა სცდებოდა იმ გონივრულ ზღვარს, რაც უზენაესი სასამართლოს მიერაა დადგენილი გაზიარებული ვერ იქნება, რადგან განსახილველ შემთხვევაში, დაკისრებული კომპენსაცია, დაახლოებით დასაქმებულის 17 თვის ხელფასის ოდენობას უდრიდა მაშინ, როდესაც სასამართლო პრაქტიკა იცნობს არაერთ შემთხვევას, სადაც კონპენსაციის ოდენობა, როგორც თანხობრივი მაჩვენებლით ასევე, თვიური მაჩვენებლით აღემატება განსახილველ შემთხვევას (შდრ იხ: სუსგ №ას-1300-2020, 24 ნოემბერი 2021 წელი; №ას-268-2021, 22 ოქტომბერი 2021 წელი; ას-596-2021, 18 ნოემბერი 2021 წელი, №ას-634-2021; 04 ნოემბერი 2021 წელი).
8.3.19. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან მიმართებით იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ბრძანება კანონიერი იყო, არ არსებობდა კომპენსაციის დაკისრების საფუძვლები ან/და დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა შეუსაბამო იყო.
8.3.20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
8.3.21. ამდენად, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა და დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
8.3.22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8.4. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი დასაბუთება:
8.4.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8.4.2. საკასაციო პალატის მიერ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8.5. პროცესის ხარჯები
8.5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის 70% - 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.
2. კასატორ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ..., მიმღების ანგარიშის №..., სახაზინო კოდი ...) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2022 წლის 10 იანვარს საგადახდო მოთხოვნა N... გადახდილი 1000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 700 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ამირან ძაბუნიძე