Facebook Twitter

3გ-ად-2-გ-03 30 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. მ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 11.12.01წ. ¹149 ბრძანებით სამსახურეობრივი მოვალეობათა ბრალეული და არაჯეროვანი შესრულების გამო დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპატრამენტის ¹..... საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვ. მ-ი.

ვ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.08.02წ. განჩინებით ვ. მ-ის სარჩელი იუსტიციის სამინისტროს მიმართ განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრის ბრძანება თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ, უფრო ზუსტად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს, ხოლო სასკ-ს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად სარჩელებს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ საოლქო სასამართლოები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.12.02წ. განჩინებით სასკ-ს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ვ. მ-ის სასარჩელო განცხადება სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინებების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება უკეთუ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათავლისწინებული შემთხვევები. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სადავო ბრძანება მიღებულია საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურ პირს _ ვ. მ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ იუსტიციის სამინისტროს შორის, მინისტრის 11.12.01წ. ¹149 ბრძანებით, შეწყდა საჯარო-სამართლებრივი სამსახურეობრივი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად, სარჩელი წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართლწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრის სადავო ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, სახელდობრ, ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ იუსტიციის მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, ამასთანავე, ბრძანების სამართლებრივ შედეგს და მიზანს წარმოადგენს სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოზე მიღების ან გათავისუფლების შესახებ, თავისი არსით, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტს. შესააბამისად, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სადავო ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე, მისი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან, “შრომის კანონთა კოდექსთან”, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-V თავთან შესაბამისობაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულებასთან დაკავშირებულ სარჩელებს იმ შემთხვევაში თუ სარჩელის ფასი 500 000 ლარს აღემატება. ამდენად, პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, მოცემული სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. მ-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.

2. ვ. მ-ის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს.

3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.