4 მაისი, 2022 წელი,
საქმე №ას-733-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - შპს „მ-ე -“, ჯ. პ-ძე
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი. გ-ესა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან გამყიდველი) და შპს ,,მ-ე -.-ს’’ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, საწარმო ან მყიდველი) შორის 2010 წლის 27 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), მყიდველმა იყიდა, … დასახლებაში მდებარე 1 000კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 749კვ.მ შენობა-ნაგებობა (შემდეგში - ნასყიდობის საგანი ან უძრავი ქონება).
2. ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასი 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით, სს ბანკი ,,….’’ სასარგებლოდ.
3. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, მხარები შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური უნდა ჩაერიცხა შპს ,,ჰ-ის’’ და ამით დაეფარა სს ბანკი ,,…’’ არსებული დავალიანება. შპს ,,ჰ-ის“ დამფუძნებლები არიან მოსარჩელე და გ. კ-ძე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ამ უკანასკნელის სარჩელი ჯ. პ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მიმართ, სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 20 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
5. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს … პოლიციის განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2013 წლის 7 მაისს შედგენილ გამოკითხვის ოქმში მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ … დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება პირადად შეიძინა, თუმცა იგი მოსარჩელის სახელზე გაფორმდა, რომელმაც პირადი ვალისათვის 100 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა. თავიდან სესხს მოსარჩელე იხდიდა, თუმცა შემდეგში მას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ბანკმა უძრავი ქონების გასხვისება მოინდომა. მეორე მოპასუხე იძულებული გახდა, ბანკისთვის 100 000 აშშ დოლარი გადაეხადა; იპოთეკისგან განთავისუფლების შემდეგ, მოსარჩელემ უძრავი ქონება გადაუფორმა; მოსარჩელესთან ზეპირი ფორმით შეთანხმდა, რომ ბანკის ვალის დაფარვის შემდეგ 20 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა, თუმცა პირველ მოპასუხეზე ქონების გადაფორმებიდან 2 წლის შემდეგ, მოსარჩელის მეუღლეს გადაუფორმა დ…--- ქუჩაზე 4 სართულიანი სახლის 50%, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ მათ შორის ყველანაირი ვალი გაიქვითებოდა და იმ დროისათვის მოსარჩელის წინაშე რაიმე ვალდებულება აღარ გააჩნდა.
6. სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 16 ივნისისა და 2014 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა.
6.1. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება, ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა. პირველმა მოპასუხემ, მოტყუების გზით არ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, სრულად არ გადაიხადა პირველი მოპასუხის ერთადერთ პარტნიორთან, მეორე მოპასუხესთან შეთანხმებული ფასი - 120 000 დოლარიდან 20 000 აშშ დოლარი, რის გამოც მისთვის ინტერესი დაკარგა დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებამ.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
თავდაპირველად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასის, 100 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. სადავო იყო, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დამატებით 20 000 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობა (მოსარჩელე საფუძვლად უთითებდა ზეპირ გარიგებაზე) და, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გავლენა, სადავო ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობაზე (დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი).
9.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედიოდა, ერთის მხრივ, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც ნების გამოვლენის ნაკლზე მიუთითებენ (მოტყუებით დადებული გარიგებისას), ხოლო მეორეს მხრივ, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის მტკიცება, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 102.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არათუ ვერ დაამტკიცა ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ თავად ვალდებულების არსებობაც ვერ დაადასტურა. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულების მხარეები (თუკი მეორე მოპასუხესაც მხარედ მივიჩნევთ) გარიგების სხვა შინაარსზე შეთანხმდნენ, რაც ნების გამოვლენისას მოტყუებას ან დამატებით სამართლებრივად ვარგისი ვალდებულების არსებობას დაადასტურებდა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზეპირი შეთანხმება (20 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე) ხელშეკრულების მხარეებს შორის რომც არსებულიყო, ეს შეთანხმება იურიდიულ შედეგს მაინც ვერ წარმოშობდა, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ფორმის დაუცველობის გამო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 183-ე, 327-ე და 68-ე მუხლები).
ამასთან, ხსენებული ზეპირი გარიგება წერილობითაც რომ დადებულიყო, მისი შეუსრულებლობა იმ „მოტყუებად“ მაინც ვერ მიიჩნეოდა, რომელიც გარიგების ბათილობას გამოიწვევდა. ასეთ შემთხვევაში, ვალდებული პირის მიერ 20 000 აშშ დოლარის გადაუხდელობა (მოსარჩელის აზრით მოტყუება) ვალდებულების ჩვეულებრივი დარღვევის ხასიათს ატარებდა და მხარეთა შორის შეთანხმებული ნების ნამდვილობაზე გავლენას ვერ ახდენდა. გარიგების ბათილად გამოცხადების საფუძველი კი ყოველთვის ნაკლს უკავშირდება, რაც შეიძლება, მატერიალური თუ ფორმალური ფაქტორებით იყოს გამოწვეული, მაგალითად, როგორიცაა: ქმედუნარიანობა, გარიგების ფორმა, შეცდომა, მოტყუება, იძულება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლო იყო სადავო ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
9.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მეორე მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ, მოსარჩელის მეუღლისათვის, დ.--- ქუჩაზე მდებარე 4-სართულიანი სახლიდან 50%-ის გადაფორმების ფაქტი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადსაღებად ჩათვალა მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები და მიიჩნია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.4 მუხლიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელისათვის (როგორც საწარმოს პარტნიორისათვის) პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელი იყო.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
10.1. კონკრეტულ შემთხვევაში, უძრავი ქონების შეძენა შესრულდა ნასყიდობის გზით. ამდენად, სადავო ურთიერთობა ემყარება, ერთი მხრივ, სსკ-ის 183-ე მუხლის ზოგად დებულებას (რომელიც გარიგების აუცილებელ წერილობით ფორმას ითვალისწინებს) და მეორე მხრივ, ნასყიდობის შესახებ სპეციალურ ნორმას (სსკ-ის 477-ე მუხლი). სსკ-ის 477.2 და 477.3 მუხლების მიხედვით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება; თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. კანონის დასახელებულ ნორმაში არსად არ არის აღნიშნული, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობისას ფასი წერილობით უნდა განისაზღვროს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მხარეს არ ავალდებულებს, რომ ნასყიდობის ფასზე შეთანხმებაც წერილობით გააფორმოს. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სსკ-ის 183-ე და 477-ე მუხლები და მართებული არაა მათი მხრიდან იმის მტკიცება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასი წერილობით უნდა განსაზღვრულიყო.
10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე და მეორე მოპასუხე თავიდანვე შეთანხმდნენ მოსარჩელისთვის დამატებით 20 000 აშშ დოლარის გადახდაზე. ამ ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს არაერთი მტკიცებულება წარუდგინა, რომლებიც სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა.
10.3. მეორე მოპასუხე სადავო ხელშეკრულების მხარე იყო, რადგან ეს უკანასკნელი საწარმოს (მყიდველი, პირველი მოპასუხე) 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია, ხოლო საწარმოს წესდების მე-6 მუხლის თანახმად, საწარმოს დირექტორს არ ჰქონდა მსგავსი გარიგებების დადების უფლება. ამდენად, მოსარჩელესთან მოლაპარაკების პროცესში მეორე მოპასუხე მონაწილეობდა, რის გამოც ისიც მოცემული საქმის მოპასუხეა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. წინამდებარე საქმეზე საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები, სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე (კასატორი) იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ ხსენებული გარიგება მოტყუებით დაიდო და მყიდველმა საწარმომ (პირველი მოპასუხე) სწორედ მოტყუების გზით არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, სრულად არ გადაიხადა საწარმოს ერთადერთ პარტნიორთან (მეორე მოპასუხე) შეთანხმებული ფასი, 120 000 აშშ დოლარიდან 20 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნული ნასყიდობის ფასის, 100 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს მოსარჩელე სადავოდ არ ხდის და იმაზე მიუთითებს, რომ დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა, რის გამოც სურს ხელშეკრულებიდან გასვლა.
ამდენად, სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე შემდეგ გარემოებას ასახელებს: მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი გარიგება, მეორე მოპასუხის მიერ უძრავი ქონების ფასის ნაწილის, 20 000 აშშ დოლარის გადახდაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მას ეცოდინებოდა, რომ, მეორე მოპასუხე მოატყუებდა და აღნიშნულ თანხას არ გადაიხდიდა, იგი წერილობით სედგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებასაც არ დადებდა.
საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი: 1). სადავო ხელშეკრულების დადებისას, არსებობდა თუ არა, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის, დამატებით 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება; 2). დადებით შემთხვევაში, გავლენას ახდენს თუ არა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, სადავო ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობაზე.
15. პირველ რიგში, პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნების გამოვლენის ნაკლთანაა დაკავშირებული, რაც, შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული (მაგალითად, ქმედუნარიანობა, გარიგების ფორმა, შეცდომა, იძულება, მოტყუება). ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული „მოტყუება“ თანხის გადაუხდელობას გულისხმობს, ატარებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს და მხარეთა შორის შეთანხმებული ნების ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარიგების ბათილობის განმაპირობებელ გარემოებად ვერ განიხილება.
რაც შეეხება ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვას, კანონით დადგენილი წინაპირობის არსებობისას (სსკ-ის 405-ე მუხლი), აღნიშნული გარემოება წარმოქმნის ხელშეკრულებიდან გასვლის და არა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვს.
16. სრულადაა გასაზიარებელი გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილიც, სადაც მიჩნეულია, რომ მოსარჩელემ თვით ვალდებულების (დამატებით 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება) არსებობის ფაქტიც კი ვერ დაამტკიცა, არათუ - მისი შეუსრულებლობა, მაშინ როცა მითითებული გარემოების დადასტურება ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთში შედიოდა (სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს).
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამ მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 6 000 ლარი) 70% – 4 200 ლარი.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებთა გამო:
სსსკ-ის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარისთვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა სათანადო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მეორე მოპასუხემ ადვოკატ გ.ღ-ეს გადაუხადა იურიდიული მომსახურების საფასური, 1 000 ლარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული თანხა უნდა დაეკისროს კასატორს, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, ანუ საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი. გ-ეს ჯ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 000 ლარის გადახდა, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
3. ი. გ-ეს (პ/ნ ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (მათ შორის: 2021 წლის 1 ივლისს გადახდილი 3 166 ლარი, საგადასახადო დავალება № --- და 2021 წლის 3 აგვისტოს გადახდილი 2 834 ლარი, საგადასახადო დავალება №---) 70% - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
მირანდა ერემაძე
ლევან მიქაბერიძე