4 მაისი, 2022 წელი,
საქმე №ას-733-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - შპს „მ-ე ..“, ჯ. პ-ძე
მესამე პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილისა და 16 ივლისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი. გ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, განმცხადებელი ან გამყიდველი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს ,,მ-ე - ..-ისა’’ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, საწარმო ან მყიდველი) და ჯ. პ-ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა: მასა და პირველ მოპასუხეს შორის 2010 წლის 27 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 16 ივნისისა და 2014 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასის, 100 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს. სადავო იყო, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დამატებით 20 000 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობა (მოსარჩელე საფუძვლად უთითებდა ზეპირ გარიგებაზე) და, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გავლენა, სადავო ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობაზე (დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი).
4.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედიოდა, ერთი მხრივ, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც ნების გამოვლენის ნაკლზე მიუთითებენ (მოტყუებით დადებული გარიგებისას), ხოლო, მეორე მხრივ, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის მტკიცება, რაც ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 102.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ არათუ ვერ დაამტკიცა ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ თავად ვალდებულების არსებობაც ვერ დაადასტურა. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულების მხარეები (თუკი მეორე მოპასუხესაც მხარედ მივიჩნევთ) გარიგების სხვა შინაარსზე შეთანხმდნენ, რაც ნების გამოვლენისას მოტყუებას ან დამატებით სამართლებრივად ვარგისი ვალდებულების არსებობას დაადასტურებდა.
4.3. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ზეპირი შეთანხმება (20 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე) ხელშეკრულების მხარეებს შორის რომც არსებულიყო, ეს შეთანხმება იურიდიულ შედეგს მაინც ვერ წარმოშობდა, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ფორმის დაუცველობის გამო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 183-ე, 327-ე და 68-ე მუხლები).
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
5. 2021 წლის 20 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება წარადგინა, რომლითაც ითხოვა: 1). პირველი მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება; 2). დავის დასრულებამდე, მოპასუხისათვის საწარმოში მისი წილის გასხვისების აკრძალვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
7. სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ დასახელებული განჩინება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით: საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა; საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სსსკ-ის 264.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ იმ მიზნით უშვებს, რომ დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის, კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი) ქმედებისგან იყოს დაცული (იხ. სუსგ №ას-1966-2018, 24.01.2019).
იმ პირობებში კი, სარჩელზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის, საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არსებობა, რადგან აღარ არსებობს დავის საგანი, რომლის დაცვის მიზანიც უზრუნველყოფის ღონისძიებას გააჩნია.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებაზე მოსარჩელის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.
11. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით საქმეზე დამდგარი პროცესუალური შედეგი იმას ასაბუთებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ცხადია, რომ, სსსკ-ის 1991 და 264.3 მუხლებიდან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტი თავისთავად გამორიცხავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან უარყოფითადაა გადაწყვეტილი იმ სარჩელის იურიდიული ბედი, რომლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებაც მოსარჩელე შუამდგომლობს.
12. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილისა და 16 ივლისის განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე