Facebook Twitter

საქმე №ა-5064-21 30 ივნისი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – თურქეთში რეგისტრირებული საწარმო სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ი"

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი სს „ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2018 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და დამატებით გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

2021 წლის 27 ოქტომბერს, უზენაეს სასამართლოს მომართა თურქეთში რეგისტრირებული საწარმოს სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ის" დირექტორმა და მოითხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებს, რომ სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" არის თურქული საწარმოს ფილიალი, იგი განცალკევებული ტერიტორიული ქვედანაყოფია, რომელიც მდებარეობის იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, ემსახურება ძირითადი საწარმოს საქმიანობის განხორციელებას და მის ტერიტორიულ გაფართოვებას. ფილიალი ბრუნვაში გამოდის საწარმოს სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს და ახორციელებს მათ დაცვას.

მისი განმარტებით, საწარმოს ფილიალი ძირითადი საწარმოსგან დაშორებულია, თუმცა, იგი სამართლებრივად მთლიანად დამოკიდებულია ძირითად საწარმოზე. შესაბამისად, იურიდიული პირის ფილიალს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო მხარე სასამართლოში. აღნიშნავს, რომ ფილიალი არ არის იურიდიული პირი და ვერც ვერასდროს მიიღებს იურიდიული პირის სტატუსს.

აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი უთითებს, რომ სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-თი" არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით და სასამართლომ საქმე განიხილა არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებს, რომ სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-თი" არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით და სასამართლომ საქმე განიხილა არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობით. ვინაიდან, მისი განცხადებით, სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" არ იყო უფლებამოსილი მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა და სასამართლოს უნდა მოეწვია თურქეთში რეგისტრირებული საწარმო სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-თი".

სასამართლო განმცხადებელს კიდევ ერთხელ განუმარტავს, რომ პრეტენზია სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" უფლებამოსილებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლომ 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით განმარტა, რომ მოპასუხე საწარმო საქართველოში რეგისტრირებულია როგორც სააქციო საზოგადოება, მისი სამართლებრივი ფორმაა უცხოური საწარმოს ფილიალი (იხ. ტ.1, ს.ფ.---). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი არიან იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები). კანონმდებელი საწარმოს (კომერციული, იურიდიული პირის) რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს მის წარმოშობას. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება, ხოლო იგივე მუხლის მე-5 ნაწილით საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში საქართველოში დაარსებული სამეწარმეო საზოგადოების და უცხო ქვეყნის კომერციული იურიდიული პირის - ფილიალის საქართველოში რეგისტრაციის სავალდებულობა ერთ-ერთი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, სარეგისტრაციოდ განსაზღვრული დოკუმენტაციის მოთხოვნა და იმის განსაზღვრა, რომ სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი ენიჭებათ მხოლოდ საწარმოებს (მათ შორის უცხო ქვეყნის მიერ საქართველოში დაფუძნებულ ფილიალს, როგორც საწარმოს და არა ძირითადი საწარმოს ერთ-ერთ განშტოებას, რაც საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალია), ყველა იმ დანაწესს განსაზღვრავს, რომლის საფუძველზედაც კანონმდებელმა დამოუკიდებელ სამართალსუბიექტად მიიჩნია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (შეად. სუსგ N ას-1884-2018, 23.07.2020წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს: მართალია, იურიდიული პირის ფილიალი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება და რეგისტრაციასაც არ ექვემდებარება, არამედ, სამართალსუბიექტად მაინც ფილიალის დამაარსებელი ძირითადი საწარმო განიხილება, თუმცა, ეს დათქმა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეეხება, ხოლო უცხოური საწარმოს ფილიალის სამართლებრივ სტატუსს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და, რა თქმა უნდა, მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წაეყენება (ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება- ფილიალი, რეგიტრაციაუნარიანი ფილიალია, რომელიც დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს (იხ. საქმე N ას-981-945-2016, 23.12.2016წ.).

ამასთან, განცხადება წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის სარეზოლუციო ნაწილის ასლი, კასატორს ჩაბარდა 2021 წლის 9 თებერვალს. (ტ.3, ს/ფ …).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემყარება, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღიდან, როცა გადაწყვეტილება ეცნობა მხარეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდა, კასატორის სს "ი-თ ი-ინ პ-ლ თ-მ თ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" კადრების უფროსს, ნ. თ-ეს 2021 წლის 9 თებერვალს, ხოლო განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, წარმოდგენილია კანონით განსაზღვრული ერთ თვიანი ვადის დარღვევით 2021 წლის 27 ოქტომბერს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ფორმალურ-პროცესუალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად წარმოდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლში ჩამოთვლილ წინაპირობებს, რომლებიც შესაძლებელია გახდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ის" განცხადება არ აკმაყოფილებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ი-თ ი-ნ პ-ლ თ-მ თ-ის" განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ე. გასიტაშვილი