Facebook Twitter

საქმე №ას-51-2021 30 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. ლ-ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 26 აგვისტოს დაბადებული დ. ლ-ლი (შემდგომ - არასრულწლოვანი) თ. გ-სა (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და გ. ლ-ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შვილია.

2. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და მის რჩენაში მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს.

3. ამჟამად მხარეები, ისევე, როგორც არასრულწლოვანი, საბერძნეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ.

სარჩელის საფუძვლები:

.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 26 აგვისტოს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ყოველთვიურად ალიმენტის - 700 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ასევე - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტის დავალიანების - 8400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით არასრულწლოვანი შვილის ნახვის უფლების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმისწარმოება მხარეთა მორიგების გამო).

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, მისთვის 200 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა არ შეესაბამება მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას და არ არის გონივრული.

6. მოპასუხემ, უსაფუძვლობაზე მითითებით, ალიმენტის დავალიანების შესახებ მოთხოვნაც არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2013 წლის 26 აგვისტოს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის - 400 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 11 მარტიდან) მის სრულწლოვანებამდე. ალიმენტის დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება; არ დაკმაყოფილდა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაც.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე იმ მოტივით, რომ ,,მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის კონვენციის“ მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოს არ ჰქონდა მოცემული საქმის განხილვის იურისდიქცია (საქართველოში ძალაშია 2015 წლის 1 მარტიდან).

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული კონვენციის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონვენცია არ გამოიყენება რჩენის ვალდებულების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, კი დავა, სწორედ, მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულების თაობაზე მიმდინარეობს. ამასთან, მოდავე მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან, საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის საკითხი კი, მხოლოდ დავაში საერთაშორისო ელემენტის ჩართვის შემთხვევაში წარმოიშობა. ამასთან, აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს განსჯადობა სადავოდ არ გაუხდია.

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1214-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აპელანტს საბერძნეთში ყოველწლიურად ოჯახის ფინანსურად უზრუნველსაყოფად ერიცხება თანხა - 11925.09 ევრო, რაშიც დაზღვევის თანხაც შედის. ამ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით, აპელანტს სრულყოფილი და თანმიმდევრული შედავება არ განუხორციელებია, რისი გათვალისწინებითაც, ზემოაღნიშნული გარემოება დამტკიცებულია და აპელანტს ამ ფაქტზე შედავების უფლება დაკარგული აქვს.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მატერიალური მდგომარეობის გამო, ალიმენტის - 400 ლარის გადახდას ვერ შეძლებდა, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მეტიც, მას საკუთარი შემოსავლის ოდენობა და წყაროც კი არ მიუთითებია.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიმდინარე გაცვლითი კურსით, 400 ლარი დაახლოებით 100 ევროს ტოლფასია. უდავოა, რომ აპელანტს წლიურად აქვს შემოსავალი - 11925.09 ევრო, ე.ი. ყოველთვიურად - 11 925,09/12=993.75 ევრო. ამ ვითარებაში მას, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, დაახლოებით 100 ევროს გადახდა სავსებით ხელეწიფება, რისი გათვალისწინებითაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა (კერძოდ, მისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება). ამასთან მიუთითა, რომ ვლინდება საქმის განუხილველად დატოვების წინაპირობები, ვინაიდან საქართველოს სასამართლო არ არის განსჯადი მოცემული დავის გადასაწყვეტად, რადგან არცერთი მხარე, მათ შორის არასრულწლოვანი, საქარველოში არ ცხოვრობს. კასატორი იმავე საფუძვლით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებასაც მოითხოვს.

16. კასატორის მტკიცებით, ,,მშობლის პასუხიმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლოების შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციიდან გამომდინარე კონკრეტული დავის გადაწყვეტა არ ექვემდებარება საქართველოს სასამართლოს. არასრულწლოვანი ბავშვი მუდმივად ცხოვრობს საბერძნეთში დედასთან ერთად, რისი გათვალისწინებითაც საქმე მიმდინარეობს არაგანსჯად სასამართლოში.

17. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა. იგი დღეისათვის უმუშევარია და მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი. კასატორი მზადაა, გადაიხადოს ალიმენტი სარჩელის აღძვრიდან, თუმცა გონივრული ოდენობის ფარგლებში.

18. კასატორის მითითებით, არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, რომლიც დასაქმებულია და აქვს მაღალი ანაზღაურება საბერძნეთში. კასატორის კმაყოფაზე კი არიან შრომისუუნარო ოჯახის წევრები ხანდაზმული დედა და გარდაცვლილი ძმის ოჯახი - სიმსივნით დაავადებული რძალი და მისი ორი არასრულწლოვანი შვილი. კასატორის განმარტებით, პერიოდულად გადადის სხვადასხვა ქვეყანაში სამსახურის ძიებაში, ვინაიდან, მის ოჯახს სჭირდება მატერიალური დახმარება და ზრუნვა.

19. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა დოკუმენტით, რომელიც არ არის მოპოვებული კანონის მოთხოვნათა დაცვით და შემოსავლების არმქონე პირს ყოველთვიურად დააკისრა 400 ლარის გადახდა. ამასთან, სადავო დოკუმენტში (დეკლარაციაში) ასახულია ოჯახის შემოსავალი 2017 წელს, ამჟამად კი - მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და სხვა რეალობაა.

20. კასატორი მოითხოვს საქმეში წარმოდგენილი დეკლარაციის ამორიცხვას, ვინაიდან მისი მტკიცებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულება კანონის დარღვევითაა მოპოვებული, ამასთან, არ იკვეთება დოკუმენტის მოპოვების წყარო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.

26. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი მატერიალური მდგომარეობა, უმუშევრობა და სტაბილური შემოსავლის არქონა. ამასთან, მის კმაყოფაზე იმყოფებიან შრომისუუნარო დედა და გარდაცვლილი ძმის ცოლი თავისი 2 არასრულწლოვანი შვილით, რისი გათვალისწინებითაც დაკისრებული ალიმენტის ოდენობა (ყოველთვიურად 400 ლარი) არაგონივრული და არასამართლიანია.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და ვინაიდან შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (სუსგ საქმე №ას-495-469-2015, 2015 წლის 1 ივლისის განჩინება). „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება).

28. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

29. საკასაციო პალატის განმარტებით, სწორედ მოპასუხე მშობელს აწევს იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებსაც იგი ალიმენტის ოდენობის შესამცირებლად ეყრდნობა. მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორს არგუმენტირებული შედავება არ წარმოუდგენია იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმად, მას საბერძნეთში ყოველწლიურად ოჯახის ფინანსურად უზრუნველსაყოფად ერიცხება თანხა - 11925.09 ევრო (ე.ი. ყოველთვიურად, 11 925,09/12=993.75 ევროს შემოსავალი (რაშიც დაზღვევის თანხაც შედის)), ამასთან, არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც მისი პრეტენზიის გაზიარებას განაპირობებდა და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის საკითხის გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს. როგორც კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, იგი პერიოდულად გადადის სხვადასხვა ქვეყნებში სამსახურის მოსაძებნად და არც იმ ფაქტს უარყოფს, რომ გარკვეული არასტაბილური შემოსავალი აქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნის ზრდასთან ერთად საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტად ერთვება და, შესაბამისად, საჭიროა მეტი ხარჯებიც. არასრულწლოვანს აქვს შესაბამისი ასაკობრივი მოთხოვნილება და საჭიროება, რაც ყოველდღიურად კიდევ უფრო მატულობს, შესაბამისად, მოპასუხე, ალიმენტის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სათანადო აღზრდა-განვითარებას.

30. საკასაციო პალატის მითითებით, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც, შესაბამისად, მოპასუხეს, რომელსაც საბერძნეთში გარკვეული თუნდაც არასტაბილური შემოსავალი აქვს, სავსებით ხელეწიფება ალიმენტის - 400 ლარის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადახდა.

31. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმად, დაკისრებული ალიმენტის გადახედვის წინაპირობა შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ მოსარჩელე დასაქმებულია. პალატის მითითებით, ალიმენტის დაკისრებისას, ყურადღება მახვილდება ალიმენტის გადახდის ვალდებულების მქონე მშობელსა და არა იმ მშობელზე, რომელიც ბავშვთან ერთად ცხოვრობს, ვინაიდან შვილთან ერთად მცხოვრები მშობელი უკვე მონაწილეობს მის რჩენაში და საკუთარი სახსრების მნიშვნელოვან ნაწილს პრეზიმურებულად ახმარს არასრულწლოვნის კეთილდღეობას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, კასატორი დედის, რძლისა და ძმისშვილების ერთადერთი მარჩენალია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მათი კასატორის კმაყოფაზე ყოფნა არ დასტურდება.

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების მე-19-მე-20 პუნქტებში მითითებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ კასატორს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებებზე, რაც წარმოდგენილი მტკიცებულების კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად მიჩნევის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამასთან, უდავოა, რომ დოკუმენტი, მხარეთა მონაცემებს შეიცავს და კასატორს არგუმენტირებული შედავება არ წარმოუდგენია, თუ რატომ არ მიუწვდებოდა ხელი მოსარჩელეს ამ მტკიცებულებაზე.

33. რაც შეეხება სარჩელის განუხილველად დატოვებასა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ შუამდგომლობა, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს, კერძოდ, საკასაციო პალატამ, სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საერთაშორისო კომპეტენციის საკითხი და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა ეროვნული სასამართლოების მიერ განხილვას ექვემდებარება, რამდენადაც წინამდებარე საქმის მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან და არ იკვეთება უცხოური ელემენტის მონაწილეობით წარმოშობილი კერძოსამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომლის თანახმად, ,,მშობლის პასუხიმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლოების შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციიდან გამომდინარე კონკრეტული დავის გადაწყვეტა არ ექვემდებარება საქართველოს სასამართლოს და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კონვენცია არ გამოიყენება წინამდებარე დავის მიმართ, ვინაიდან კონვენციის მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი პირდაპირ მიუთითებს კონვენციის რჩენის ვალდებულებათა მიმართ გამოუყენებლობაზე.

33. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-463-463-2018, 2020 წლის 14 იანვრის განჩინება; №ას-1355-2019, 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება; №ას-767-2021, 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება).

38. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. გ. ლ-ლს (პ/ნ ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ---, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ---) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება №- / გადახდის თარიღი 17.02.2021), 70% - 105 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე