Facebook Twitter

საქმე №ას-322-2022 17 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“ ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“ ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი ჩ-ა“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილბა

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოსა და გადახდილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრება (სარჩელით), უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე-მა“ (შემდგომ - გამყიდველი, პრინციპალი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“ ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ ჩ-ს“ (შემდგომ ერთობლივად - მყიდველი, ბენეფიციარი, ბაგა-ბაღი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების, პირგასამტეხლოსა და გადახდილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურება 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს გაწეული მომსახურების დადასტურებასა და თანხის ანაზღაურებაზე. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე ამცირებს შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას და ითხოვს არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან. მხარეებმა, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ხელშეკრულება გააფორმეს. გარანტია უზრუნველყოფდა ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. რაკი მოპასუხეებს ზიანი არ მისდგომიათ, საგარანტიო თანხა ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას.

მოპასუხეთა შესაგებელი

3. მოსარჩელე კვებითი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში ვალდებულებას არსულებდა არასათანადო ხარისხის სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით, რის გამოც მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა. შესაბამისად, არ წარმოშობილა მოსარჩელისათვის მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა. ეს გარემოება გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებასა და საბანკო გარანტიის დაბრუნების ვალდებულებასაც. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გარანტიაცაა.

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

4. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს გამყიდველისათვის ჯამურად 253 781.10 ლარის დაკისრება. მათი მტკიცებით, უდავო იყო, რომ მოსარჩელეს ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალური რძისგან, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი. წარმოდგენილი სურსათის - „კარაქის“ ეტიკეტი კი, არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტები. აღნიშნულის მიუხედავად, სრულად აუნაზღაურდა მიწოდებული კარაქისა და ყველის საფასური. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ დარღვევების გამოვლენის გამო, მხოლოდ ბოლო თვის - დეკემბრის ანაზღაურება დაყოვნდა და მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს, წარმოშობილი მოთხოვნების ურთიერთგაქვითვის მიზნით. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ ვალდებულების გარეშეა გადახდილი კარაქისა და ყველის საფასური და მოსარჩელემ უნდა დააბრუნოს მიღებული თანხა.

შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

5. მოპასუხის მტკიცება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს. მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს. მხარეებს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე გამყიდველის მიერ მისაწოდებელი პროდუქტი ,,ყველი" და რეალურად მიწოდებული პროდუქტი - ყველი ერთი და იმავე მახასიათებლებისა და შემადგენლობისაა. ამასთან, მტკიცებულება, რომ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს, მყიდველს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნას, სამსახურის მიერ შეფასდა კარაქის ეტიკეტი და არა - მისი ქიმიური შემადგენლობა. დასკვნით დადგინდა, რომ არა - პროდუქტის შემადგენლობა, არამედ მხოლოდ ეტიკეტი არ შეესაბამებოდაკარაქის სავალდებულო პარამეტრებს და, რაკი მოსარჩელეს ვალდებულება არ დაურღვევია, ამასთან, მოპასუხემ შესრულება სრულად მიიღო, წარმოდგენილი გაანგარიშება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ დაეკისრა 19386.5 ლარის; ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“- 19433.8 ლარის; ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ -19580.1 ლარის; ააიპ „თბილისის №… საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 20465.5 ლარის; ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ -21207.95 ლარის; ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 21270.2 ლარის; ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“ - 21511.8 ლარის; ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“ - 21573.85 ლარის; ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ - 30489.6 ლარის; ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი ჩ-ს“ - 21292.2 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ სარჩელის სრულად უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულებებით დეტალურად გაიწერა მხარეთა შორის მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია სრულად ვერ აკმაყოფილებდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მოსარჩელეს პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - კარაქი, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. კარაქის ეტიკეტზე ასახული ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0.5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავდა, რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი, მიიჩნეოდა მიწოდება სწორედ ისეთი პროდუქტისა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანებული ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნიდა.

11. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, ფასი არ გადაუხდია. უდავო იყო ისიც, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ბაგა-ბაღს კომპანიისთვის სსკ-ის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლების შესაბამისად, არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა არ მოუთხოვია. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

12. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ამ მოთხოვნას აფუძნებდა გადახდის ვადის გადაცილებას. მოპასუხეებს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ეკისრებოდათ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება. ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, საპასუხო ვალდებულების ვადის გადაცილება, იწვევდა მის პასუხისმგებლობას საჯარიმო სანქციების შინაარსით. ამ კუთხით, პირველი ინსტანციიის სასამართლომ მართებულად მიიჩნია მიზანშეწონილად შეემცირებინა პირგასამტეხლო და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

13. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გახმობილი საბანკო გარანტიის თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. რაკი კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით დადგინდა და საბანკო გარანტიაც გამოუხმობადი იყო და თავისი არსით, მყიდველს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივსამათლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხე მხარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო რძისგან დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი არ გამოყენებულა. შესაბამისად, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებით პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად და არა - არაჯეროვან შესრულებად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს არ წარმოშობიათ კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მყიდველის მიერ გადახდილი ყველის საფასური ამ უკანასკნელისათვის ზიანს წარმოადგენს და უკან უნდა დაბრუნდეს.

16. სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ნაკლიანი შესრულების მიღება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (№ას-629-588-2017, 10.11.2017წ). ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამასთან, მხარეთა შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება-შესყიდვა, არამედ მოსარჩელე მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ამზადებდა საკვებს და მოპასუხეს მიეწოდებოდა მზა კერძის სახით, ანუ მოპასუხე უშუალოდ პროდუქტს არ ეხებოდა. ეს გარემოება მნიშვნელოვანია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში.

17. სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რადგან ხელყოფილ იქნა ბავშვთა ჯანსაღი კვების უფლება. შესაბამისად, დაირღვა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია.

18. სასამართლოს მსჯელობა ნაკლიანი შესრულებისას ღირებულების შემცირების უფლებაზე - გაუგებარია. ეს უფლება კასატორებმა რეალურად გამოიყენეს და ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირეს, საუბრია სადავო პროდუქტების - ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურების უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. ამ ორი პროდუქტის ნაწილში გამოვლინდა შეუსრულებლობით გამოწვეული ნაკლი. მოპასუხეებმა ნაკლის ღირებულებად მიიჩნიეს პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტითი ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.

20. სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების პირობების თვითნებურად ცვლილების შემთხვევაში შემსყიდველი მაინც ვალდებული იქნება, აანაზღაუროს შესრულება ღირებულების დაუდგენლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა იმ მიწოდების რეალური ღირებულება, რომელიც მოსარჩელემ თვითნებურად შეცვალა, არამედ სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო რძისგან დამზადებული და არა - აღდგენილი რძის პროდუქტისათვის. გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე და დააკმაყოფილა რძისგან დამზადებული ყველის ღირებულების მოთხოვნა, როდესაც თავად დაადგინა, რომ ეს პროდუქტი არ გამოყენებულა. რეალურ შესრულებასა და მის ღირებულებაზე კი, სასამართლოს არ უმსჯელია.

21. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა კარაქი არანაკლებ 80%-იანი ცხიმით, თუმცა მიაწოდა პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა იყო +/-0,5 შესაბამისად, მან დაუშვა ბავშვთა კვებაში ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა, რომ პროდუქტი შესაძლოა, არ ყოფილიყო არათუ შეთანხმებული ხარისხის, არამედ საერთოდ - საკანონმდებლო აქტით დადგენილი კარაქი.

22. მოპასუხემება არათუ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს, არამედ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის უფლებით ისარგებლეს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეებს ეს უფლება არ აქვთ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ მოსარჩელეს თანხას. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ შეიძლება, მოპასუხეს დაუდგინდეს სანქცია და დაეკისროს პირგასამტეხლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ის დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

28. მოცემულ შემთხვევაში, მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.

29. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით) მოპასუხე იღებდა მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტს (ყველი და კარაქი) და დანიშნულებისამებრ იყენებდა.

30. მოპასუხე მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებს - ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძისა, მიწოდებული ყველი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რასაც არც მოსარჩელე არ უარყოფს. კასატორს მიაჩნია, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, მყიდველის მხრიდან კონკრეტულად ყველის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.

31. საფასურის გადახდის ვალდებულების არარსებობის შესახებ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ მოვალეობათა დარღვევა მოსარჩელეს წარმოუშობს შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა ნაკლიანი შესრულება მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი არ არის. შესაბამისად, მოპასუხის შესაგებელი მოსარჩელის მოთხოვნას არ გამორიცხავს. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების უფლება შესაბამისი თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით. დადგენილია, რომ მოპასუხეს სსკ-ს 490.1 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულება (ამ შემთხვევაში ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) არ მოუთხოვია. რაკი მყიდველი იღებდა ნაკლიან შესრულებას, მას შეეძლო, ფასის შემცირება მოეთხოვა.

32. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოპასუხემ ფასის შემცირების უფლება გამოიყენა, ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირა, კერძოდ, მოპასუხემ ნაკლის ღირებულებად მიიჩნია პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.

33. ფასის შემცირება არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც გამყიდველისათვის ფასის შემცირების შეტყობინებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც სსკ-ის 51-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მხარეს მიუვა. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოპასუხეს ფასის შემცირების შესახებ მოსარჩელის წინაშე ნება არ გამოუვლენია, მას არც შესაგებელში მიუთითებია ამ მეორადი მოთხოვნის გამოყენების თაობაზე და არც მტკიცება განუხორციელებია თუ რამდენით შემცირდა ნატურალური რძის ნაცვლად აღდგენილი რძით დამზადებული ყველის ღირებულება, რაც სწორედ მყიდველის მტკიცების საგანში შედიოდა (შდრ. სუსგ №ას-959-2019, 16.10.2019წ, სადაც სასამართლომ, მსგავს საქმეზე, სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და განმარტებების საფუძველზე დაადგინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულსა და რეალურად მიწოდებული ნაკლიან პროდუქტის ფასებს შორის სხვაობა და მიიჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარებოდა შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით). შესაბამისად, არგუმენტი, რომ სასამართლომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე, დაუსაბუთებელია.

34. ამასთან, მართალია, ფასის შემცირების მოთხოვნის წინაპირობების არსებობისას გამყიდველის სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფასის გადახდის მოთხოვნა ქარწყლდება და მყიდველი უფლებამოსილია, ფასის გადახდისას შემცირებული თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის თანხის გადაუხდელობა საფასურის ნაწილის დაკავებად და ფასის შემცირების შესახებ ნების გამოვლენად მაინც ვერ განიმარტება, რადგან, როგორც აღინიშნა, მყიდველს ამგვარი შესაგებელი არ წარუდგენია და არ მიუთითებია, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. მოპასუხემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის (ყველის) საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი (ნატურალური რძე), რომელზედაც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე კასატორის მითითება არასწორია. პალატა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას - არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, მყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად, ანუ ფასი უნდა შემცირებულიყო იმ ნაკლის პროპორციულად, რამდენითაც ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. პალატა განმარტავს, რომ ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც გამყიდველმა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. ს. ჩაჩავა, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 492, ელ.მისამართი - gccc.ge).

35. კასატორმა მისთვის მიწოდებული პროდუქტის - კარაქის ღირებულების ანაზღაურების ნაწილშიც ნაკლიანი შესრულების საფუძვლით უარი განაცხადა. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოიყენა ისეთი პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობით 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ ანაზღაურდება. პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შეესაბამება მის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავა და მისი როგორც შესაგებელი, ისე საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა (შდრ.სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

37. დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ კასატორის მითითება. დადგენილია, რომ მყიდველმა მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადა, კერძოდ, არ გადაიხადა დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის საფასური. სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო (0.1%) შემაცირა და მოპასუხეებს დაეკისრათ ყოველ გადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 0.05% ოდენობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი არაა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა არ იკვეთება.

38. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება ვერც იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები უკავშირდებოდა ბავშვთა კვებას და არ იქნა დაცული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სწორად გადაწყდა წინამდებარე განჩინებაში მითითებული ნორმების საფუძველზე, ხოლო საქმის განხილვისას ბავშვთა უფლებების კონვენციის გამოყენების საჭიროება კი, კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.

39. რაც შეეხება მყიდველთა შეგებებულ სარჩელს, რომლითაც ისინი ჯამურად 253 781.10 ლარის, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილის, უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ, პალატა მიუთითებს, რომ, რაკი სსკ-ის 477.2 მუხლის შესაბამისად, დადგინდა მიწოდებული პროდუქციის მყიდველთა მიერ ანაზღაურების ვალდებულება, შეგებებულ მოთხოვნას უკვე ანაზღაურებული თანხის გამოთხოვის შესახებ საფუძველი გამოეცალა.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

41. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

43. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-476-2020, 27.10.2021 წ. №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორებს დაუბრუნდებათ მათ მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“ ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“ ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №..საბავშვო ბაგა-ბაღისა“ და ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღი ჩ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №.., სახაზინო კოდი ..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2333.89 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 05.04.2022), 70% - 1633.72 ლარი;

3. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…,, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2149.6 ლარის (საგადასახადო დავალება №…,, გადახდის თარიღი 06.04.2022), 70% - 1504.72 ლარი;

4. ააიპ „თბილისის №..საბავშვო ბაგა-ბაღს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი .., მიმღების ანგარიშის №.., სახაზინო კოდი ..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2098.3 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 06.04.2022), 70% - 1468.8 ლარი;

5. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი .., მიმღების ანგარიშის №.., სახაზინო კოდი ..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2359.37 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 05.04.2022), 70% - 1651.56 ლარი;

6. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2490.8 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 06.04.2022), 70% - 1743.6 ლარი;

7. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი .., მიმღების ანგარიშის №.., სახაზინო კოდი ..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1391.9 ლარის (საგადასახადო დავალება №… გადახდის თარიღი 05.04.2022), 70% - 974.33 ლარი;

8. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2538.25 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 06.04.2022), 70% - 1776.77 ლარი;

9. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი ..) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2414.3 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 05.04.2022), 70% - 1690.01 ლარი;

10. ააიპ „თბილისის №.. საბავშვო ბაგა-ბაღს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3365.9 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 06.04.2022), 70% - 2356.13 ლარი;

11. ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღ ჩ-ს“ (…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი …, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი…) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2357.1 ლარის (საგადასახადო დავალება №…, გადახდის თარიღი 05.04.2022), 70% - 1649.97ლარი;

12. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე