Facebook Twitter

საქმე №ას-480-2022 30 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. კ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,…. ბანკი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. კ-ია (შემდგომ - მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი) სს ,,…. ბანკთან“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) 2003 წლიდან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში დასაქმებული ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. გათავისუფლებამდე იკავებდა უფროსი მოლარის თანამდებობას.

2. 2019 წლის ივნისამდე მოსარჩელის სამუშაო ადგილი იყო სამეგრელო ზემო სვანეთის საცალო ფილიალის ქსელის მართვის დეპარტამენტის …. №… სერვისცენტრი, ხოლო შემდეგ - №…სერვისცენტრი.

3. დამსაქმებლის 2020 წლის 22 ივლისის №… ბრძანებით, 2020 წლის 25 ივლისიდან №..(….) სერვისცენტრი დაიხურა და 2 ბანკირის, 4 გაყიდვების კონსულტატის, 1 მოლარის, 4 მოლარე-ოპერატორისა და 1 უფროსი მოლარის თანამდებობა გაუქმდა.

4. დამსაქმებლის 2020 წლის 22 ივლისის №… ბრძანებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 37.1 ,,ა“ მუხლის შესაბამისად.

5. შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შესახებ ბანკის 2020 წლის 5 აგვისტოს დასაბუთების თანახმად, №.. …. სერვისცენტრი დაიხურა, რაც განპირობებული იყო მიმდინარე გამოწვევების ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისათვის პროცესების ეფექტურობის გაზრდით, თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებითა და ბიზნესპროცესების ოპერატიულად წარმართვით. მიმდინარე ეტაპზე … უფროსი მოლარისა და სხვა თანამდებობები ვაკანტური არ არის, რაც გახდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

6. ბანკის თანამშრომელთა ადმინისტრაციული სერვისების სამსახურის უფროსის 2021 წლის 19 თებერვლის ცნობის თანახმად, დამსაქმებლის საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში, … რეგიონში უფროსი მოლარის თანამდებობა ვაკანტური არ არის. 2021 წლის 1 ივლისის ცნობის თანახმად კი, დამსაქმებლის საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტში უფროსი მოლარე ოპერატორის თანამდებობა აღარ არსებობს, ხოლო ხობის, ჩხოროწყუს, სენაკის, წალენჯიხისა და ფოთის მასშტაბით არსებულ სერვისცენტრებში მოლარის ადგილი დღეის მონაცემებით, ვაკანტური არ არის.

სარჩელის საფუძვლები:

7. დასაქმებულმა სარჩელის აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბანკის ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ყოვეთვიურად დარიცხული 1200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება 2020 წლის 31 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე.

8. მოსარჩელის მითითებით, დაუსაბუთებლად იქნა გადაყვანილი იმ სერვისცენტრში, რომლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია. ამასთან, რეორგანიზაცია არ ათავისუფლებს დამსაქმებელს იმ ვალდებულებისგან, რომ განიხილოს რეორგანიზაციამდე არსებული ყველა თანამშრომელთა კანდიდატურა მასთან დაქვემდებარებულ ზუგდიდში მდებარე ყველა ფილიალში.

9. მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაციის შემდგომ სამსახურიდან გაათავისუფლეს მხოლოდ ორი უფროსი მოლარე, მაშინ, როდესაც იქ მომუშავე თანამშრომელბი სრულად გადაიყვანეს №… სერვისცენტრში, სადაც მოსარჩელე 2011 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას სარეორგანიზაციოდ მომზადებულ სერვისცენტრში მოსარჩელის გადაყვანასთან დაკავშირებით.

11. დამსაქმებლის განმარტებით, ბანკს წინასწარ არ განუზრახავს №.. სერვისცენტრის რეორგანიზაცია. კანონმდებლობით დამსაქმებელი თავისუფალია შიდა პოლიტიკის განსაზღვრისა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში, რაც თანამშრომელთა დასაქმების ადგილის განსაზღვრის თავისუფლებასაც გულისხმობს.

12. მოპასუხის მითითებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზს წარმოადგენდა ბიზნესპროცესების ოპერატიულად წარმართვის მიზნით საჭირო ოპტიმიზაციის ღონისძიებების საფუძველზე მოსარჩელის სამუშაო სერვისცენტრის დახურვა. ამასთან, გათავისუფლების დღისათვის არ არსებობდა ბანკში უფროსი მოლარე ოპერატორის ვაკანტური თანამდებობა, რაც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13. … რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება; ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაცია 12 000 ლარი დაეკისრა.

14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის (ბანკის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ბანკის №.. სერვისცენტრი, სადაც მოსარჩელე მუშაობდა საერთოდ დაიხურა/გაუქმდა და, შესაბამისად, როგორც ფილიალმა, ფუნქციონირება შეწყვიტა, რასაც მოჰყვა ამ ფილიალში დასაქმებულ პირთა (12 დასაქმებულის) სამუშაოდან გათავისუფლება.

17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბანკის განმარტება, რომლის თანახმად, №.. … სერვისცენტრის დახურვა განპირობებული იყო დაბრკოლებებზე ოპერატიული რეაგირებისათვის პროცესების ეფექტურობის გაზრდით, თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებითა და ბიზნესპროცესების ოპერატიულად წარმართვით.

18. სასამართლოს მითითებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საბანკო დაწესებულებების მომსახურების დიდი ნაწილი გადავიდა დისტანციურ/ელექტრონულ ფორმატზე, რამაც, ცხადია, გამოიწვია სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით ყველა სამეწარმეო მიმართულებით პროდუქტის/მომსახურების მიწოდების პროცესში სულ უფრო მცირდება ადამიანური რესურსის გამოყენების საჭიროება. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ, როგორც სხვა საბანკო დაწესებულებებში, ისე მოპასუხე ბანკში მომხმარებელთა მხრიდან შესრულებული ოპერაციების უმრავლესობა სრულდება ,,თვითმომსახურების გზით", რაც, თავის მხრივ, ცხადია, ამცირებს საბანკო მომსახურების სფეროში ცოცხალი ძალის გამოყენების საჭიროებას და, შესაბამისად, საბანკო მომსახურების მიწოდებისას სერვისცენტრების საჭიროებას.

19. სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ სწორედ ზემოთ მითითებულმა გარემოებამ განაპირობა მოპასუხე ორგანიზაციიის სერვისცენტრის გაუქმება, რის შედეგადაც დახურული სერვისცენტრიდან ყველა თანამშრომელი, მათ შორის - მოსარჩელეც გათავისუფლდა.

20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელი დაწესებულების ფილიალის დახურვის შედეგად, დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ჰქონდა ფორმალური ხასიათი, იყო კანონიერი, დასაბუთებული ობიექტურად ლეგიტიმური მიზნით, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნები: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება პირდაპირ უკავშირდება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანების კანონიერებას, რომლის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოსარჩელემ (დასაქმებულმა) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

22. კასატორი წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები არც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით და არც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო სხდომებზე ზეპირი მოსმენისას მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუჟღერებია, ამასთან, რომც გაეჟღერებინა სიმართლეს არ შეესაბამება.

23. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხისთვის მტკიცების ტვირთის დაკისრება უგულებელყო. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო რეორგანიზაციის კანონიერების მტკიცებას დასაქმებულს დააკისრებს, მოცემული სახის დავების აღძვრა აზრს მოკლებული იქნება.

24. კასატორის მითითებით, გადაწყვეტილებაში არ არის მოხმობილი არცერთი მტკიცებულბა, რომელიც ბანკის მიერ ფორმალურ რეორგანიზაციას დაასაბუთებდა, პირიქით, მოპასუხე აპელირებდა მხოლოდ იმაზე, რომ რეორგანიზაცია სჭირდებოდა და განახორციელა კიდეც, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შრომის კოდექსსა და სასამართლო პრაქტიკას.

25. კასატორის მტკიცებით, 2 თანამშრომლის გარდა ყველა დასაქმებული სხვა სერვისცენტში გადაიყვანეს სამუშაოდ, სადაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე 1 წლით ადრე იყო დასაქმებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

30. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ბანკის მიერ მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაციის განხორციელება, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუ ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები სამუშო ძალის შემცირებას აუცილებელს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების დადასტურების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება (იხ. სუსგ №ას-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1189-1109-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი), რაც გულისხმობს იმასაც, რომ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არის რეორგანიზაციისა და შემცირების შესაბამისი, სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილება.

32. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სშკ-ის მოქმედი რედაქციით 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) სამართლებრივი საფუძველი: „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

33. საკასაციო პალატის მითითებით, კომპანიაში განხორციელებული ორგანიზაციული და ტექნოლოგიური ცვლილებების, მიმდინარე გამოწვევების ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისათვის პროცესების ეფექტურობის გაზრდისა და თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და ბიზნესპროცესების ოპერატიულად წარმართვის გათვალისწინებით, ის სერვისცენტრი (…. №…სერვისცენტრი), სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული 2020 წლის 25 ივლისიდან დაიხურა და იქ არსებული ყველა თანამდებობა (12 საშტატო ერთეული), მათ შორის - მოსარჩელის საშტატო ერთეული გაუქმდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა დახურული სერვისცენტრიდან როგორც ყველა თანამშრომელის, მათ შორის - მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება.

34. საკასაციო პალატის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელს ზემოაღნიშნული გარემოების საპირწონედაც, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა დამსაქმებლის მიერ მითითებული არგუმენტის დაუსაბუთებლობაზე, სარწმუნოდ არც მიუთითებია, კერძოდ, რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, დასაქმებულს სარჩელით რაიმე არსებითი შედავება არ განუხორციელებია №.. სერვისცენტრის რეორგანიზაციის არაფორმალურობასთან დაკავშირებით და სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად წარიმართა შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით. ამასთან, აღსანიშნავია, ისიც, რომ იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია სწრაფად ვითარდება, ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო მხოლოდ იმას იკვლევს, არის თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი ორგანიზაციულ ცვლილებებსა და დასაქმებულის გათავისუფლებას შორის (საქმე №ას-280-2020, 2021 წლის 5 მარტის განჩინება).

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, ამასთან, მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 დანაწესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმოებისა და კონკურენციის განვითარებაზე. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში უთითებს: „გასათვალისწინებელია... საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის, ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ძალზე ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნესგადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით (მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) დადგენილი ვალდებულების - თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების - ხელშეწყობა მოხდეს“ (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას- 1145-1101-2016, 17 მარტი, 2017 წელი).

36. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის აშკარა იყო ეკონომიკური ცვლილებები, რამაც აუცილებელი გახადა შტატების შემცირება, რაც გამოიხატა ბანკის სერვისცენტრის დახურვითა და სერვისცენტრში არსებული ყველა შტატის გაუქმებით, რისი გათვალისწინებითაც, უდავოდ დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი ორგანიზაციულ ცვლილებებსა და დასაქმებულის გათავისუფლებას შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ დამსაქმებელს ჰქონდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი და არ არსებობს ბანკის მიერ მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე გამოცემული სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც, პალატა სხვა თანმდევ მოთხოვნებზე აღარ იმსჯელებს.

37. საკასაციო პალატის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების გამო, დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით, ამასთან, დამსაქმებელმა 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, 4 თვის განმავლობაში დასაქმებულს ასევე გადაუხადა კომპენსაცია ყოველთვიური ხელფასის ოდენობით და გადახდის წესის შესაბამისად, რომელიც მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადსაც. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულის საკასაციო საჩივარზე, მხარეთა მორიგების მიზნით დისტანციურ რეჟიმში დაინიშნა სასამართლო სხდომა, რა დროსაც სასამართლომ მხარეებს შესთავაზე მორიგება, ამასთან, სხდომაზე განხილულ იქნა გარკვეული მორიგების პირობები, თუმცა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მხარეები ვერ მორიგდნენ, სასამართლომ მათ მორიგებისათვის განუსაზღვრა დრო - 2022 წლის 30 ივნისამდე, ამასთან განუმარტა, რომ თუ ამ ვადაში ვერ მოხდებოდა მორიგება, მოცემული დავის დასაშვებობის საკითხი განხილული იქნებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ორივე მხარემ, რომლებმაც დაადასტურეს მორიგების მიზნით მათ შორის არსებული კომუნიკაცია და დამსაქმებლის მიერ მორიგების მიზნით დამატებით კომპენსაციის 3 თვის ხელფასის ოდენობით (გარდა უკვე გადახდილი 6 თვის კომპენსაციისა) შეთავაზებული პირობა, რასაც დასაქმებული, როგორც საკუთარი განცხადებით, ასევე მოსამართლის თანაშემწესთან არსებული სატელეფონო კომუნიკაციით არ დაეთანხმა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა.

38. რაც შეეხება კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომლის თანახმად, ის სხვა სერვისცენტრიდან №.. სერვისცენტრში გადაიყვანეს სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომ ამ უკანასკნელი სერვისცენტრიდან გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ბანკი საკუთარი მიზნებსა და სწორ მენეჯმენტზეა ორიენტირებული და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სამუშაო ძალის სხვადასხვა ფილიალში გადანაწილება ვერ მიიჩნევა რაიმე არსებითი გარემოებად, რაც დასაქმებულის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე №.. ცენტრში დასაქმებული იყო გათავისუფლებამდე წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში.

39. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, რეორგანიზაციის შემდგომ, მისი კოლეგები იმ სერვისცენტრში (№… სერვის ცენტრში) დასაქმდნენ, სადაც იგი 2011 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა. პალატა მიუთითებს, რომ კასატორს არგუმენტირებული შედავება არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგოდ, რომელიც მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-5-მე-6 პუნქტებში, ამასთან, ნიშანდობლივია, ბანკის 2021 წლის 19 თებერვლის ცნობა, რომლის თანახმად, ბანკის საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის №… სერვისცენტრში მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან (2020 წლის 22 ივლისიდან) დღემდე არავინ დასაქმებულა, რაც გამორიცხავს კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიის გაზიარების საფუძვლიანობას.

40. საკასაციო პალატა კასატორის წინამდებარე განჩინების 22-ე პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიაც არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კომპანიის გადაწყვეტილება ეფუძნება ბანკის თანამშრომელთა რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისა და ბიზნესპროცესების ოპერატიულად წარმართვის მიზანშეწონილობას, რაზეც დამსაქმებელმა არაერთხელ მიუთითა.

41. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

45. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-280-2020, 2021 წლის 5 მარტის განჩინება; №ას-1239-2021, 2022 წლის 27 მაისის განჩინება; №ას-100-2020, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება).

46. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ. კ-ას (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი…, მიმღების ანგარიშის №…, სახაზინო კოდი …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის (საგადასახადო დავალება №.. / გადახდის თარიღი 11.02.2022), 70% - 420 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე